Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირიდან უკან, ბერლინში, ევროპის მომავლისათვის


მარტინ შულცი
მარტინ შულცი

24 ნოემბერს ცნობილი გახდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის, გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი ამ პოსტზე და დაბრუნდეს გერმანიის პოლიტიკაში. გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, წევრი, რომელიც ორი ვადით ედგა სათავეში ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს, მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და უკომპრომისოდ ილაშქრებს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის გავლენის შესაძლო გაძლიერების წინააღმდეგ. „აქამდე ამ საქმის განხორციელებას მე ვემსახურებოდი, როგორც გერმანიის წარმომადგენელი ევროპარლამენტში, მომავალში ამას ბერლინიდან გავაკეთებ“, განაცხადა 24 ნოემბერს მარტინ შულცმა.

გადმოწერა

2012 წლის 11 დეკემბერს ევროპარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე მარტინ შულციც იყო ევროკავშირის სხვა ლიდერებს შორის, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი მიეღოთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 4 წლის წინ, ნობელის კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროპის კავშირს ნობელის პრემია მიენიჭა „კონტინეტზე მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მრავალწლიანი ძალისხმევისათვის“, თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ რა გამოწვევა ელოდა სულ მალე ევროპის კონტინენტზე არსებულ მყიფე მშვიდობას.

2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნაწილის, ყირიმის, ანექსია მოახდინა და პარალელურად დაიწყო პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ძალების მომზადება, აღჭურვა და დაფინანსება აღმოსავლეთ უკრაინაში.

ევროკავშირმა, აშშ-თან, კანადასა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ერთად, სანქციები დაუწესა რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების, საბანკო და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს და ყოველთვის, როდესაც ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მიმართ არსებული სანქციების ვადის გახანგრძლივების საკითხი დგებოდა დღის წესრიგში, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი მტკიცედ უჭერდა მხარს სანქციების გაგრძელებას, რადგან იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა სანქციების შერბილებას იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არ ცნობს თამაშის ცივილიზებულ წესებს და ყველაფერს აკეთებს ევროპის დესტაბილიზებისათვის.

„ჩვენ ღრმად ჩაგვითრია და ნაწილობრივ პარალიზებული აღმოვჩნდით ისეთი შიდა პრობლემებით, როგორიც მიგრანტთა კრიზისია. საკმარისად სერიოზულად არ ვეკიდებით იმ როლს, რომელსაც ჩვენ უნდა ვთამაშობდეთ, როგორც არსებული ვითარების შეცვლის შესაძლებლობის მქონე, ეკონომიკურად ძლიერი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურ ქმედებებს შეუთავსოს ეკონომიკური ზეგავლენა. და ეს იწვევს პოლიტიკურ ვაკუუმს, ხოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პოლიტიკური ვაკუუმი ვიღაცის მიერ ივსება. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ავსებს ამ სივრცის იმ ნაწილს, რომელზეც ჩვენ ვთქვით უარი“, განაცხადა მარტინ შულცმა მარტის დასაწყისში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ბოლო თვეში პრესაში ძალიან ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ჩემი მომავლის თაობაზე. ახლა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვიყარო კენჭი მესამე ვადით ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. მომავალ წელს მე კენჭს ვიყრი გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიის ლიდერი...
მარტინ შულცი

სულ მალე მარტინ შულცს კვლავ მოუწევს პრინციპულობის გამოჩენა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, კავშირის 2016 წლის ბოლო სამიტზე მომავალ თვეში, როდესაც კვლავ იმსჯელებენ რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციების გაგრძელების თაობაზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარე ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებას. მან ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში განაცხადა, საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის დასაწესებლად აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ამ საკითხის განხილვა არ უნდა დაყოვნდესო.

მაგრამ საკითხი დაყოვნდა და, შესაბამისად, არც მარტინ შულცმა დააყოვნა თქმა იმისა, თუ რა არის ამ საკითხის გაჭიანურების მიზეზი. „ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ ჭიანურდება, ჭიანურდება იქ, ევროკავშირის საბჭოში [იგულისხმება გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ], და არა ევროპის პარლამენტში. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იპოვიან გამოსავალს“, განაცხადა მარტინ შულცმა 24 ნოემბერს.

იმავე დღეს ცნობილი გახდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის, გადაწყვეტილება, მესამე ვადით აღარ იყაროს კენჭი ამ პოსტზე და დაბრუნდეს გერმანულ პოლიტიკაში. 24 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალ-დემოკრატმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ მომავალ წელს იბრძოლებს გერმანიის ბუნდესტაგში ადგილის მოსაპოვებლად:

„ბოლო თვეში პრესაში ძალიან ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ჩემი მომავლის თაობაზე. ახლა მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვიყარო კენჭი მესამე ვადით ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. მომავალ წელს მე კენჭს ვიყრი გერმანიის ბუნდესტაგში, როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიის ლიდერი. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეობა ძალიან საპატიოა და ამ შესაძლებლობისათვის ძალიან მადლიერი ვარ“.

ამ განცხადების შემდეგ სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. საინფორმაციო სააგენტო „დე-პე-ა“ ვარაუდობს, რომ მარტინ შულცმა, რომელიც ექვს ენას ფლობს, შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს. აღნიშნული თანამდებობა მომავალი წლის თებერვალში ვაკანტური გახდება, თუ ამჟამინდელი მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პრეზიდენტი გახდა.

არც ისაა გამორიცხული, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ თავის ლიდერად აირჩიოს მარტინ შულცი, პარტიის ლიდერ ზიგმარ გაბრიელის ნაცვლად, და სწორედ ახალი ლიდერით იბრძოლოს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად. „გერმანია ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა და მას საგანგებო პასუხისმგებლობა ეკისრება. აქამდე ამ საქმის განხორციელებას მე ვემსახურებოდი, როგორც გერმანიის წარმომადგენელი ევროპარლამენტში, მომავალში ამას ბერლინიდან გავაკეთებ“, - განაცხადა 24 ნოემბერს მარტინ შულცმა და დასძინა, რომ, მომავალი გეგმების მიუხედავად, „მანდატის ამოწურვამდე ჩვეული ენერგიითა და ერთგულებით შეასრულებს ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას“.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მარტინ შულცს ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG