Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ახალი როლი


მიხეილ სააკაშვილი კიევში, "ბატკივშჩინის" პარტიის მიტინგზე გამოსვლისას (2014 წლის 29 მარტი).
მიხეილ სააკაშვილი კიევში, "ბატკივშჩინის" პარტიის მიტინგზე გამოსვლისას (2014 წლის 29 მარტი).

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სათავეში ჩაუდგება უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს. შესაბამის განკარგულებას 13 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომლის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საბჭო საკონსულტაციო ორგანოა და მისი ამოცანაა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშაოს რეკომენდაციები უკრაინაში რეფორმების განსახორციელებლად. „დიდხანს ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. - „სულ ბოლო დრომდე მიხეილი, რეფორმების საკითხში, პრაქტიკულად, უკრაინის შტატგარეშე მრჩეველი იყო. და აი, დღეს მას, როგორც იქნა, ოფიციალური სტატუსი მიენიჭა“.

პოროშენკოს თქმით, ამიერიდან სააკაშვილი იქნება უკრაინის წარმომადგენელი უცხოეთში და, ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. „დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ის შეძლებს რეფორმების საკითხებში უკრაინასა და მსოფლიოს შორის ორმხრივი კომუნიკაციის დამყარებას, საუკეთესო უცხოური გამოცდილების მოზიდვას და საზღვარგარეთ ჩვენი ნაღვაწის ღირსეულად წარმოჩენას“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის ლიდერს და დასძინა, რომ დღეს მთელს ევროპას კიევისკენ უჭირავს თვალი და ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოახერხებს უკრაინა რეფორმების განხორციელებას. „ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ დღეს ვერ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ვერ განვახორციელებთ ახალ რეფორმებს. თუ ახალი უკრაინა შედგება, მაშინ საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას“, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წესდებასა და შემადგენლობას მისი თავმჯდომარე განსაზღვრავს. ახალი საკონსულტაციო ორგანო მჭიდროდ ითანამშრომლებს რეფორმების ეროვნულ საბჭოსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი ეროვნული საბჭოს წევრიც გახდება.

ამავე წყაროს თანახმად, ახალ თანამდებობაზე მუშაობის დასაწყებად სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის მიღება არ სჭირდება - ის საქართველოს მოქალაქედ რჩება.

XS
SM
MD
LG