Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები „სახიფათოდ“ მიიჩნევენ რუსეთის ახალ კანონს


ტატიანა ლოკშინა, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ რუსეთის პროგრამის დირექტორი
ტატიანა ლოკშინა, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ რუსეთის პროგრამის დირექტორი

უფლებადამცველები „სახიფათოდ“ მიიჩნევენ რუსეთში 23 მაისს მიღებულ კანონს, რომელიც ხელისუფლებას უფლებას ანიჭებს, „არასასურველად“ გამოაცხადოს და დახუროს რუსეთში მოქმედი უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები. 26 მაისს ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს თავად იმ უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებიც რუსეთში მიღებული ახალი კანონის პოტენციურ სამიზნედ ითვლებიან.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ მიღებული და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასული კვირის მიწურულს ხელმოწერილი კანონი კრემლის ხელში იქცევა დამატებით ინსტრუმენტად სამოქალაქო საზოგადოების დევნა-შევიწროების საქმეში. ახალი კანონით, ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, დახუროს უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნიან რუსეთის თავდაცვისუნარიანობას, უშიშროებას, ან საზოგადოებრივ წესრიგს.

სვეტლანა განუშკინა, უფლებადამცველ ცენტრ "მემორიალის" წევრი
სვეტლანა განუშკინა, უფლებადამცველ ცენტრ "მემორიალის" წევრი

აქტივისტთა განმარტებით, კანონი ისეა ფორმულირებული, რომ ლამის ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული: „ჩვენ განვაცხადეთ, რომ კანონის ფორმულირება ბუნდოვანია და საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო უცხოური და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, არამედ რუსეთის ორგანიზაციებისთვისაც“ - ამბობს „ამნესტი ინტერნეშნლის“ რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელი, სერგეი ნიკიტინი.

შესაბამისად, აქტივისტები ხედავენ საფრთხეს, რომ გაგრძელდება სამოქალაქო სექტორის შევიწროება, რომელიც დაიწყო 2012 წელს პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნების შემდეგ. რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ მმართველი საბჭოს წევრი, სვეტლანა განუშკინა „არასასურველ ორგანიზაციებზე“ კანონს ადარებს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც რუსეთში სწორედ 2012 წელს იქნა მიღებული და რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს რეგისტრაციის გავლას „უცხოეთის აგენტებად“ და ამით, უფლებადამცველთა აზრით, მათს დისკრედიტაციას ცდილობს. როგორც ცნობილია, კრემლის მესვეურს არაერთხელ წარმოუსახავს უფლებადამცველი ორგანიზაციები - უწინარეს ყოვლისა ისინი, ვინც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას - დასავლეთის ინსტრუმენტებად, რომლებიც პუტინის მმართველობისთვის ძირის გამოთხრისკენ არის მიმართულია.

სერგეი ნიკიტინი, „ამნესტი ინტერნეშნლის“ რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელი
სერგეი ნიკიტინი, „ამნესტი ინტერნეშნლის“ რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელი

25 მაისს, ანუ ორ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „არასასურველ ორგანიზაციებზე“, სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ვიტალი ზოლოჩევსკიმ (ულტრანაციონალისტ ვლადიმირ ჟირინოვსკის თანაპარტიელმა) გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, შეამოწმოს ორგანიზაციების: „მემორიალის“, „ამნესტი ინტერნეშნლის“, „კარნეგის ფონდის“, „ტრანსპარენსი ინტერნეშნლის“, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ საქმიანობა, რათა დაადგინოს, უნდა გამოცხადნენ თუ არა ისინი “არასასურველად“.

„სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ სახელმწფიო სათათბიროს ეს დეპუტატი პირველ რიგში ცდილობდა თავისი ცნობადობის გაზრდას იმ საყოველთაო ყურადღების ფონზე, რომელსაც კანონი იპყრობს მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა მას ხელი მოაწერა გასული კვირის ბოლოს“, - ასე ფიქრობს „ჰიუმან რაიტს უოჩის“ რუსეთის პროგრამის დირექტორი, ტატიანა ლოკშინა.

მისი აზრით, „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ ახალი კანონის შემოქმედნი უწინარეს ყოვლისა, მიზნად ისახავენ „ჰიუმან რაიტს უოჩთან“ და სხვა უცხოურ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კავშირის მქონე ადგილობრივი აქტივისტებისა თუ ორგანიზაციების იზოლირებას: „კანონის მიზანია მათი ჩომოშორება საერთაშორისო ქსელიდან - მათი კიდევ უფრო იზოლირება, ვაკუუმში მოქცევა. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი! კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებას, არამარტო „არასასურველად“ გამოაცხადოს უცხოური და საერთაშორისო ჯგუფები, არამედ სანქციები დაუწესოს რუსეთის მოქალაქეებს - ამ ჯგუფებთან კონტაქტის გამო“, - ამბობს ლოკშინა ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც, „არასასურველ ორგანიზაციებად“ შერაცხულ ჯგუფებს დახურვა ემუქრებათ, ხოლო მის რუს თანამშრომლებს - ექვს წლამდე პატიმრობა...

ვიტალი ზოლოჩევსკი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი
ვიტალი ზოლოჩევსკი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი

რუსეთში მიღებულ ახალ კანონს აკრიტიკებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელი სერგეი ნიკიტინიც: „საქმე ის არის, რომ კანონი, რომელიც ჩვენც გავაკრიტიკეთ - კანონი რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ - მასში საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ან უშიშროებას, ისევე როგორც კონსტიტუციური წყობის საფუძვლებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ დეპუტატის სიაში შევიდა, არანაირად არ არიან დაკავებული თავდაცვისუნარიანობისათვის, უსაფრთხოებისათვის ძირის გამოთხრით. და კონსტიტუციური წყობა ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ იმ ასპექტით, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას თვითონ ხელისუფლება უნდა იცავდეს“.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატ ვიტალი ზოლოჩევსკის საკუთარი ინიციატივით არ მიუმართავს გენერალური პროკურატურისათვის, როცა მას სთხოვა ხუთი ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება. დეპუტატის უკან, ნიკიტინის აზრით, შესაძლოა, ვიღაც იდგეს...

ელა პამფილოვა, რუსეთის ომბუდსმენი
ელა პამფილოვა, რუსეთის ომბუდსმენი

„კარგი არაფერი მოხდება, რადგან ჩვენი მუშაობა მიმართულია, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების დასაცავად და თუ ჩვენი შეჩერება სურთ, „არასასურველ ორგანიზაციად“ უნდა გამოგვაცხადონ. ჩემი აზრით, დიდი სკანდალია მოსალოდნელი, რადგან რუსეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც „არასასურველად“ მიიჩნევს „ამნესტი ინტერნეშნლს. ამიტომ... ძნელია წინასწარ გამოიცნო, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ... ეს იქნებოდა ძალიან უცნაური ნაბიჯი“, - ამბობს სერგეი ნიკიტინი.

რუსეთის გენერალურ პროკურატურას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება დეპუტატ ზოლოჩევსკის მიმართვასთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ელა პამფილოვა კი, მისივე სიტყვებით, „სერიოზულად არის შეშფოთებული“ „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონით, რომელიც ასევე დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG