Accessibility links

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე, საჩაიე გაიხსნა. მაღაზია და კაფე მომხმარებელს პრემიარული ბრენდის, ”ალტჰაუსის”, 80 სახეობის ჩაის სთავაზობს. საჩაიეს დიზაინზე მხატვარ-დიზაინერმა გუგა კოტეტიშვილმა იზრუნა. საჩაიეში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს გემო გაუსინჯოს რამდენიმე სახეობის ჩაის და შემდეგ თავისთვის სასურველი შეარჩიოს. ჩაის დაყენებაზე პროფესიონალი კონსულტანტები ზრუნავენ. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ კარგი ჩაი დავაყენოთ და როგორ გარემოს გვთავაზობს საჩაიე ქიაჩელზე?

პირველი, რაც მახსენდება, იასუნარი კავაბატა და მისი რომანი ”ათასფრთიანი წეროა”. ალბათ, სხვა ბევრი ავტორიც აღწერს ჩაის დაყენების, სმისა თუ ზოგადად ჩაის ტრადიციის დეტალებს საკუთარ მოთხრობებსა თუ რომანებში, მაგრამ მე მაინც კავაბატა და იუკიკოს კიმონოზო გამოსახული ათასფრთიანი წერო მახსენდება, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, რომელშიც მკითხველის ერთი ნაწილი ჩაის დაყენებისა თუ სმის ცერემონიალის სილამაზეს, მეორე ნაწილი კი მძიმე ტრადიციასა და რუტინას დაინახავს. მოკლედ, ხომ ვთქვი, ეს სულ სხვა ისტორიაა. ათასფრთიან წეროსა და ჩემს ამბავს ჩაი აერთიანებს. უფრო ზუსტად კი, ჩაის სახლი ქიაჩელზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და რომელსაც, როგორც ჩანს, მიმსვლელ-მომსვლელი არ აკლია. რატომაც არა, სახლში გამომცხვარი კექსები, მურაბები, ათასნაირი სასუსნავი და, რაც მთავარია, 80 სახეობის ჩაი!...
ახალი ჩაის სახლი

ახალი ჩაის სახლი


საკურას ჩაი გნებავთ? არ არის პრობლემა, ან იქნებ ნუშის გირჩევნიათ? 5 წუთში მოგართმევთ. ან სულაც თეთრი ჩაი იყოს. სასურველი ჩაის შერჩევამდე, შესაძლებლობა გაქვს რამდენიმე სახეობის ჩაი დააგემოვნო და მერე შენთვის ყველაზე გემრიელი შეარჩიო. ჩაი უნდა დაიმეგობროო, მეუბნება მიხეილ სვიმონიშვილი, ჩაის პრემიარული ბრენდის - ”ალტჰაუსის” - შემომტანი საქართველოში, და თან ჩაის აყენებს:

”ახლა ვამზადებ თეთრ ჩაის, რომელიც ყველაზე ფაქიზი დასაყენებელია, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა. წყალი არ უნდა აღემატებოდეს 80 გრადუსს. დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ ფილტრში ჩაი...ეს უნდა იგრძნო, რადგან თეთრი ჩაი ძალიან ნატიფია, მასში არანაირი ტექნოლოგიური მინარევები არ არის”, - გვიხსნის მიხეილ სვიმონიშვილი.
გვაქვს როგორც დასაყენებელი, ისე ერთჯერადი ჩაის გრანდპაკები, ანუ ორმაგი ულუფის დასაყენებელი შეკვრები. და ასევე გვაქვს ე.წ. პირაპაკები - პირამიდის ფორმის ნეილონის შეკვრაში ჩაყრილი უმაღლესი ხარისხის დასაყენებელი ჩაი, ანუ დასაყენებელ ჩაის როგორც ერთჯერადს, ისე გამოიყენებ...


კომპანია “ალტჰაუსის” რამდენიმე ათეული სახეობის ჩაი, რომელიც ჩაის სახლში მისულ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს, იყიდოს და სახლში წაიღოს ან სულაც იქვე დალიოს, მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებში იკრიფება. „ჩაი ყველა გემოვნებისთვის“ - ასე უწოდებს მიხეილ სვიმონიშვილი პროდუქტს, რომელიც ჩაის მოყვარულებს ქიაჩელზე შეუძლიათ დალიონ.

”გვაქვს როგორც დასაყენებელი, ისე ერთჯერადი ჩაის გრანდპაკები, ანუ ორმაგი ულუფის დასაყენებელი შეკვრები. და ასევე გვაქვს ე.წ. პირაპაკები - პირამიდის ფორმის ნეილონის შეკვრაში ჩაყრილი უმაღლესი ხარისხის დასაყენებელი ჩაი, ანუ დასაყენებელ ჩაის როგორც ერთჯერადს, ისე გამოიყენებ”, - ამბობს მიხეილ სვიმონიშვილი.

თუკი ჩაის დალევას საჩაიეში გადაწყვეტ, იქ აუცილებლად შემოგთავაზებენ ორპორციულ ჩაიდანს, რომლის ფასიც 4 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს. მარიამ გოჩაშვილი ჩაის დასაყენებლად ემზადება. ის ”ალტჰაუსის” კონსულტანტია. სხვადასხვა სახის ჩაი სხვადასხვანაირ მოპყრობას საჭიროებს, გვიხსნის ის და ჩაის დაყენების ხელოვნების სულ პატარა გაკვეთილს გვიტარებს:

ახალი ჩაის სახლი

ახალი ჩაის სახლი

”იმისათვის, რომ იდეალური გემო მიიღო, სხვადასხვა სახეობის ჩაის დასაყენებლად სხვადასხვა დროა საჭირო. შავი ჩაის დასაყენებლად 5-6 წუთია საჭირო. ვიღებთ 5 გრამ ჩაის, ვასხამთ 400 გრამიდან ნახევარ ლიტრამდე წყალს, შავი ჩაი 90-დან 100 გრადუსამდე წყალს მოითხოვს. რაც შეეხება მწვანე ჩაის, მის დასაყენებლად საკმარისია 3 წუთი, წყალი კი არ უნდა აღემატებოდეს 80 გრადუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვანე ჩაი დაიწვება და დაკარგავს ყველა თავის ვიტამინსა და თვისებებს. ხილის ჩაიც, შავი ჩაის მსგავსად, დასაყენებლად 5 წუთს მოითხოვს”, - გვასწავლის მარიამი.

ჩაის სახლის, ანუ საჩაიეს, დიზაინი მხატვარ გუგა კოტეტიშვილს ეკუთვნის. ეკლექტური, მაგრამ მყუდრო ადგილი, ადგილი, სადაც როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობ თავს. აღმოსავლეთი და დასავლეთი - საჩაიეს დიზაინზე მუშობისას გუგამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის დეტალები გამოიყენა.
გუგა კოტეტიშვილი

გუგა კოტეტიშვილი


”მაღაზიის ნაწილი ჩინურ გარემოს წააგავს, თავისი აგურისფერი ბუფეტით, იქით იაპონური გრავიური შევაპარე და იაპონიის კუთხე დავარქვი, აქეთ ინდური ესთეტიკა და აღმოსავლური ხალიჩებია. აი, აქ კი ევროპული სარკეებია. ამიტომაც არის აქაურობა საკმაოდ ეკლექტური”, - ამბობს გუგა კოტეტიშვილი.

საჩაიე სამი ნაწილისგან შედგება. პირველად ჩაის მაღაზიაში ხვდები. მომდევნო ოთახი არამწეველებისთვის არის განკუთვნილი, ე.წ. შუშაბანდი კი ჩაის იმ მოყვარულებისთვის არის გათვლილი, ვინც სიგარეტს ეწევა.

ანუკა მურვანიძე დედასთან, მაკა მახარაძესთან ერთად შეექცევა საკურას ჩაის, თუმცა გეგმავს სხვა ჩაისაც გაუსინჯოს გემო. ამბობს, რომ საჩაიე ქიაჩელზე პატარა სახლს ჰგავს, სადაც სულ გელის ვიღაც.

”რაც მე ახლა მივირთვი, არის საოცარი რამ. ჩაი საკურით და ნუშით, ისეთი გემო აქვს, რომელიც გამშვიდებს და გიწყნარებს მთელ სხეულს... მგონია, რომ სარელაქსაციოდ აქ მოვალ ხოლმე”, - ამბობს ანუკა მურვანიძე.
ღვეზელები, ხაჭაპური, კექსები - ყველაფერი, სახლში გამომცხვარი... მურაბები, თაფლი, თხილი, ჩირი...


კიდევ რა შეიძლება იპოვოთ საჩაიეში? ის, რაც ჩაის უხდება, გვპასუხობს საჩაიეს დირექტორი ნატო ბოჭორიშვილი:

”ღვეზელები, ხაჭაპური, კექსები - ყველაფერი, სახლში გამომცხვარი... მურაბები, თაფლი, თხილი, ჩირი...”

ისე, ზუსტად ახლა ყვავის იაპონიაში საკურა - იქ, სადაც ჩაის სმის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. და თუ საკურას ყვავილობას ვერ ნახავთ, რა პრობლემაა, ქიაჩელზე, საჩაიეში, საკურას ჩაის აყენებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG