Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სატელევიზიო არხების დაბადება


ქართულ სატელევიზიო სივრცეში ცვლილებებია. თებერვლიდან მაუწყებლობას დაიწყებს ახალი გასართობ-შემეცნებითი არხი ”მაესტრო”, ხოლო ტელეკომპანია ”მაესტროს”, რომელიც ახლა მაუწყებლობს, სახელი შეეცვლება და დაერქმევა ”მაესტრო 24”. ის შეინარჩუნებს მაუწყებლობის დღეს არსებულ ფორმატს. საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში მუშაობს ტელეკომპანია ”ტაბულა ტვ”-ც. რა გეგმები აქვთ ახალი არხების ხელმძღვანელებს და როგორ ხედავენ გაჯერებულ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ახალი არხების გამოჩენას მედიამკვლევარები?

ახალი გასართობ-შემეცნებითი არხის - ”მაესტროს” - ნახვა მაყურებელს თებერვლიდან შეეძლება, დღეს არსებულ ტელეკომპანია „მაესტროს“ კი სახელად ”მაესტრო 24” დაერქმევა და ის არსებულ სამაუწყებლო ბადეს შეინარჩუნებს, მცირედი ცვლილებებით. როგორც ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”მაესტრო 24”- ის თანამფლობელი მამუკა ღლონტი ამბობს, მაყურებელს, რომელიც დღეს არსებული ”მაესტროდან” სხვა არხზე რთავს ტელევიზორს იმისათვის, რომ გასართობ გადაცემებს უყუროს, მიეცემა საშუალება უყუროს „მაესტროს“ მეორე არხს:

”არხს დაემატება დიდი შოუები - ისეთი, როგორიც არის ”მაგთის ვარსკვლავი”. ეს არის რეალური შოუ, რომელსაც აქვს მუსიკალური მიმართულება; ასევე შოუ ”ტუზი” - ესეც არის მუსიკალურ-შემეცნებითი კონკურსი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება და საკმაოდ დიდი პრიზის მიღება; აგრეთვე კულინარიული შოუ, აგრეთვე ფესტივალი. ფესტივალი არის მუსიკალური და გულისხმობს სოლო კონცერტებს „მაესტროს“ ღია ეთერში სხვადასხვა შემსრულებლების და წლის ბოლოს ამ შემსრულებლების დაჯილდოება მოხდება. ასე რომ, პირველ ეტაპზე ეს ცვლილებები იქნება მოსალოდნელი”.
თუ ქვეყანაში რაიმე კატაკლიზმები არ ხდება, არ არის არჩევნები ან რაიმე დაძაბულობა, საინფორმაციო არხებს აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი ...
მამუკა ღლონტი

მამუკა ღლონტის სიტყვებით, ახალი გასართობ-შემეცნებითი არხის გახსნის იმპულსი მას ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ მისცა. ტელეკომპანიის თანამფლობელი იმედოვნებს, რომ არხი სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვან წილს მოიპოვებს:

”თუ ქვეყანაში რაიმე კატაკლიზმები არ ხდება, არ არის არჩევნები ან რაიმე დაძაბულობა, საინფორმაციო არხებს აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ძალიან რთულია ასეთი არხების შენახვა. სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ ეს არხი შევინახოთ და გავაძლიეროთ, ვამატებთ ახალ არხს, რომ დამატებითი შემოსავლები მოვიპოვოთ”.

ახალი გასართობი არხის პარალელურად, უკვე საცდელ რეჟიმში მაუწყებლობს ტელეკომპანია ”ტაბულა”. მისი ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში არ იმყოფება. რადიო თავისუფლების კითხვებს მან წერილობით უპასუხა. თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, არხი სრულყოფილ მაუწყებლობას გაზაფხულიდან შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტულ გადაცემებს შესთავაზებს არხი მაყურებელს, თუმცა, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური არხის მაუწყებლობის ძირითად დროს პოლიტიკური, სტუდენტური თემები დაიკავებს, გაშუქდება უმცირესობის თემები და ისეთი საკითხები, რომელთაც ადგილობრივი მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს. არხის მთავარი დამფინანსებელი თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე იქნება. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, არხის ეთერში გასვლის შემდეგ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსების საშუალებაც გაჩნდება. რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს, თამარ ჩერგოლეიშვილი ამ ეტაპზე ამ საკითზე საუბრისგან თავს იკავებს, ხოლო რადიო თავისუფლების კითხვებზე წერილობით გაცემულ პასუხში ამბობს:

”ეკონომიკას მომავალ წელს რა დაემართება, განსაზღვრა ძნელია. ცხადია, თუ ეკონომიკა შემცირდა, ეს სარეკლამო ბაზარზეც იმოქმედებს. ჩვენ რეკლამის გაყიდვას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც სრულფასოვან მაუწყებლობაზე გადავალთ და ამის მერე შეგვიძლია ვისაუბროთ”.
მობილიზების ფაქტორი ექნება ”ტაბულას” და არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება ინფორმაციის მიმწოდებელი და საზოგადოების ინფორმირებაზე მზრუნავი არხი ...
ზვიად ქორიძე

ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, არხზე სარედაქციო თავისუფლება გარანტირებული იქნება.

ტელევიზიების მომავალზე საუბრისას მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მომავალ ტელევიზიებს სარეკლამო ბაზრისთვის სერიოზული კონკურენცია მოუწევთ. თუ აქამდე ტელევიზიების გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი რეკლამის ხარჯზე გადიოდა ეთერში, მომავალი წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ის მნიშვნელოვნად შემცირდება. ზვიად ქორიძის ხედვით, თუ ტელევიზიები სარეკლამო ბაზრის გარდა სხვა სახის დოტაციებზე იმუშავებენ და, მით უფრო, თუ ეს დოტაცია იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არ შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას. ეს იქნება გარკვეული პოლიტიკური მხრადამჭერების მობილიზებისთვის გაკეთებული არხი. სწორედ ასეთად ხედავს ზვიად ქორიძე ”ტაბულა ტვ”-ს:

”მობილიზების ფაქტორი ექნება ”ტაბულას” და არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება ინფორმაციის მიმწოდებელი და საზოგადოების ინფორმირებაზე მზრუნავი არხი”.

რაც შეეხება ახალი გასართობი არხების გაჩენას, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მათ სარეკლამო ბაზრისთვის ბრძოლა მოუწევთ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსის მამუკა ანდღულაძის სიტყვებით, დღევანდელი ქართული სარეკლამო ბაზარი საერთო მაუწყებლობის მქონე დიდ ტელევიზიებს, მით უმეტეს, იმდენს, რამდენიც ახლა ბაზარზეა, ვერ შეინახავს პოლიტიკური დოტაციის გარეშე. შესაბამისად, მამუკა ანდღულაძეს უჭირს ახალი ტელევიზიების მომავალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება:

”არის დიდი ალბათობა, რომ ტელევიზიებს შორის კონკურენცია დაიწყება რეკლამის მოზიდვასთან დაკავშირებით და ეს გამოაცოცხლებს ბაზარს და კონტენტიც გაუმჯობესდება, მაგრამ კარგი და ზუსტი პროგნოზირება, რა მოხდება, ნაადრევი იქნება. გააჩნია, როგორი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ, როგორ სურთ გაზარდონ თავიანთი მაუწყებელი”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG