Accessibility links

logo-print

სამიტი უკრაინის კრიზისზე ჩაიშალა


უკრაინის დროშები

უკრაინის დროშები

ავტორი: ანა ლომთაძე

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მოახერხეს ამ კვირისთვის ყაზახეთში დაგეგმილი სამიტის პირობებზე შეთანხმება. სამიტის ამოცანა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარების გზათა ძიება უნდა ყოფილიყო.

12 იანვარს, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო „ძალიან ღია შეხვედრა“, თუმცა საჭირო შედეგი ვერ გამოიღოო. მოლაპარაკების შედეგი კი ის არის, რომ ამ კვირისთვის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება, თუმცა, როგორც შტაინმაიერი ირწმუნება, საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დღეებში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შეეცდებიან შეთანხმების მიღწევას.

ჟურნალისტებს შეხვდა უკრაინის საგერეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინიც: „პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყველა მინისტრმა, მათ შორის რუსეთის მხარემაც, დაადასტურა მინსკის შეთანხმების სრულყოფილად და განუხრელად შესრულების მზადყოფნა. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ყოველ ღონეს იხმარენ ამ მიზნის მისაღწევად. ვგულისხმობ მინსკის შეთანხმების სრულ პაკეტს. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში სამივე მხარემ [რუსეთმა, უკრაინამ და ეუთომ] უნდა მოვახერხოთ შეხვედრა. სამივე მხარის წარმომადგენელთაგან შექმნილი საკონტაქტო ჯგუფი უნდა შეხვდეს დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებსაც, რომ მათთან ერთად განვიხილოთ საკვანძო საკითხები“.

საერთო განცხადებაში ოთხი ქვეყნის მინისტრებმა შეხვედრისკენ მოუწოდეს უკრაინას, რუსეთსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთოს), და მიმართეს წინადადებით, ერთად იმუშაონ სექტემბერში, მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე. შეთანხმება, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ პირობებს უწესებს, უკვე მრავალჯერ იქნა დარღვეული.

განცხადებაში მინისტრები წერენ, რომ ასეთი შეხვედრა ყაზახეთში დაგეგმილი სამიტის წარმატების საწინადრი იქნება. ამ აზრს განსაკუთრებით ხშირად გამოთქვამენ გერმანია და საფრანგეთი. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირდაპირ უთხრა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინს, რომ სამშვიდობო სამიტის გამართვას არავითარი აზრი არ ექნება, თუ მხარეები მინსკის შეთანხმების პირობებს არ დაიცავენ.

ბერლინში ჩატარებული მოლაპარაკებები დაემთხვა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას. 12 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი ჯარისკაცი დაშავდა მეამბოხეების შეტევისას. ამ იერიშით სეპარატისტებს სურდათ, ხელში ჩაეგდოთ დონეცკის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრი ლისენკოს თქმით, „ტერორისტები განაგრძობენ სროლას უკრაინის ჯარისკაცთა პოზიციების მიმართულებით. ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მოწინააღმდეგის თავდასხმებს და თითქმის ყველა მიმართულებით აკავებენ მათ ძალებს ანტიტერორისტული ოპერაციების ტერიტორიებზე.“

ლისენკო მეამბოხეებს ადანაშაულებს საზავო შეთანხების წინააღმდეგ „საბოტაჟის მოწყობასა“ და უკრაინის აგრესორად წარმოჩენაში. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიევი დაადანაშაულა მცდელობაში, კონფლიქტი ძალის გამოყენებით მოაგვაროს. კერძოდ, ლავროვმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ჯარი ძალის გამოყენებისთვის ემზადება, რაც „კატასტროფა“ იქნებოდა.

2014 წლის აპრილში დაწყებულ ომს აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე 4700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინა და დასავლეთი კრიზისის გამწვავებაში რუსეთს ადანაშაულებენ. მათი თქმით, რუსეთი იარაღით ამარაგებს მეამბოხეებს, რასაც კრემლი გადაჭრით უარყოფს. კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ არსებობს სხვადასხვა, მათ შორის ნატოს მიერ მოპოვებული მტკიცებულება. სწორედ ამის შედეგი იყო, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

XS
SM
MD
LG