Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუზეკი: გაყინულ კონფლიქტებში ევროკავშირის ჩართულობა მნიშვნელოვანია


იეჟი ბუზეკი
იეჟი ბუზეკი
„ახალი ევროპის“ დღევანდელ პროგრამაშია ევროპარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარესთან, იეჟი ბუზეკთან ინტერვიუ, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტებმა ჩაწერეს.

პოლონელმა პოლიტიკოსმა, ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იეჟი ბუზეკმა ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოღვაწეობა ოთხშაბათს, 17 იანვარს, დაასრულა.

ბუზეკი აცხადებს, რომ თავმჯდომარის თანამდებობას ის, კავკასიის რეგიონისა და მოლდავეთის გადაუჭრელი პრობლემების გამო, შეშფოთებით ტოვებს: „მოლდავეთის შემთხვევაში, აუცილებელია ინსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების შერჩევა. დნესტრისპირეთი უფრო დიდი და ღრმა პრობლემაა, თუმცა ანალოგიური ვითარება გვაქვს სამხრეთ კავკასიაშიც - მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქმე გვაქვს გაყინულ კონფლიქტებთან და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში ევროკავშირის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას ბუზეკი მისთვის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ასახელებდა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას და ასევე ევროკავშირის მიერ ახლახან შემუშავებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის განვითარებას. ეს პროგრამა ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით შეიქმნა. ეს ქვეყნებია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას ბუზეკი ამ პროგრამას კვლავ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თან აცხადებს, რომ პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის საკითხი: „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ევროკავშირთან დაახლოება და რუსეთთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობა, ურთიერთგამომრიცხავი არ არის, ვინაიდან მათთვის რუსეთი ყველაზე ახლო მეზობელია. ამდენად, ბუნებრივია, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მათ ინტერესებში შედის.“

კიევისა და ბრიუსელის დაახლოების შემაფერხებელი ფაქტორი, ბუზეკის თქმით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი გახდა: „ვფიქრობ, პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გავლენის მოხდენა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელშეწყობა. თუმცა ბოლოს, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის [იულია ტიმოშენკოს] წინააღმდეგ აღძრულმა საქმემ ბევრი რამ წყალში ჩაგვიყარა.“

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბუზეკმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსიაც: „ბელორუსიაში სიტუაცია კიდევ უარესია, რადგან, უნდა ითქვას, ეს [ევროპის] ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ არის ევროსაბჭოს წევრი და არ აქცევს ყურადღებას დემოკრატიულ წესებს. ჩვენ ვერ ვენდობით ამ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებს და ამ ქვეყანაში ვერც სამართლიანი სასამართლო სისტემის რაიმე ნიშანს ვხედავთ. ამდენად, დღეს ბელორუსიასთან სერიოზული თანამშრომლობის დაწყება ძალიან რთულია.“

ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე თავისი 30-თვიანი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბუზეკი პარლამენტის წევრების ქცევის კოდექსის შემუშავებას ასახელებს. ეს კოდექსი აუმჯობესებს გამჭვირვალობის ხარისხს და მომავალში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების თავიდან აცილებასაც უწყობს ხელს.

იეჟი ბუზეკს ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გერმანელი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი შეცვლის, რომელიც პირობას დებს, რომ თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს როლისა და გავლენის გაზრდაზე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG