Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 400 000 ლარი პარტნიორებს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 23 დეკემბერს პარლამენტში გაგზავნილი წერილით დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში 4 400 000 ლარით ოთხი პოლიტიკური პარტია დააფინანსა. ესენი არიან „რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები”, „ხალხის პარტია” და ”კონსერვატიული პარტია.” აღნიშნული პარტიები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები არიან.

მე, გიორგი ცაგარეიშვილმა, გითხარით ოდესმე, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ ფულს არ ვიღებთ? მე გითხარით? მიმართეთ და კარგად ნახეთ ...
საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილის ადრესატი პარლამენტში ფრაქცია ” ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გახდა. 20 დეკემბერს, სწორედ მისი სახელით, მთავარ პროკურორთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გაიგზავნა სადეპუტატო თხოვნა, გარკვეულიყო, მართლაც ღებულობენ თუ არა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის - ანუ ეგრეთ წოდებულ ”რუსულ“ - ფულს. სადეპუტატო კითხვა, თავის მხრივ, მოჰყვა ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „რუსული ფულის“ ფართომასშტაბიანი გავრცელებით ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევას ცდილობს.

იმ ინფორმაციის თანახმად კი, რომელიც მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის მოთხოვნის საფუძველზე გახადა საჯარო და მასმედიას თავად დეპუტატმა გააცნო, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრ პარტიებს 100 000 ლარის ოდენობით თანხა 11 კომპანიის ანგარიშიდან ჩაერიცხათ. მთლიანმა თანხამ თითოეული პარტიისთვის, შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, 1 100 000 ლარი შეადგინა.

”მე, გიორგი ცაგარეიშვილმა, გითხარით ოდესმე, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ ფულს არ ვიღებთ? მე გითხარით? მიმართეთ და კარგად ნახეთ, რა, როგორ ირიცხება. ამაში დასამალი არაფერია. ყველამ იცოდა ეს. ყველამ იცოდა. ამიტომ ჩვენ მტკიცების ვალდებულება არა გვაქვს. მტკიცების ვალდებულება, რომ აქ დანაშაული არ არის, აქვთ შესაბამის სტრუქტურებს”,
უთხრა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს. მისი პარტიის წევრებმა კი, ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ, საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ფინანსური შემოწირულების მიღების საკითხზე პარტია, კანონის თანახმად, თებერვალში აპირებდა განცხადების გაკეთებას.
რაც შეეხება ”მტკიცების ვალდებულებასა და დანაშაულის ნიშნებს”, კომენტარისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, ლელა ტალიურს მივმართეთ.

ეს კომპანიები სუყველა, უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. 11 კომპანიიდან 9 კომპანია არის განთავსებული მისი „ქართუ ჯგუფის“ მისამართზე ...
”თუ ეს კომპანიები ცალსახად არიან საქართველოში დაფუძნებულები, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, მათ, რა თქმა უნდა, კანონი არ უკრძალავთ გადარიცხონ და ჭერი, ამ შემთხვევაში, იურიდიული პირებისთვის 100 000 ლარია. აქ დარღვევა არ არის, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში უცხოეთში დაფუძნებული იურიდიული პირი რიცხავს, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ კანონმდებლობა სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრძალავს შემოწირულებების განხორციელებას”, ამბობს ლელა ტალიური.

დეპუტატი გია თორთლაძე კი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ინფორმაცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსეთის ჩარევას ადასტურებს და ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რუსეთის მოქალაქეა და ქართული პარტიების დაფინანსების უფლება არ აქვს. გია თორთლაძის თანახმად, პროკურატურის მიერ 4 პარტიის დამფინანსებლად დასახელებული თერთმეტივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება.

”ეს კომპანიები სუყველა, უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. 11 კომპანიიდან 9 კომპანია არის განთავსებული მისი „ქართუ ჯგუფის“ მისამართზე - ჭავჭავაძის 39ა. რაც შეეხება ”კალა-კაპიტალს” და ”კოლხეთს”, ეს ორივე კალაძის საკუთრებაა. აქ არ არის ეს ინფორმაცია, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, „კალა-კაპიტალმა“ ნოემბრის თვეში ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო 2 000 000 დოლარი, გადარიცხვა. აქედან გამომდინარე, მიხვდებით ახლა, რომ ეს ფული განკუთვნილი იყო სწორედ ამ პარტიებისთვის.”

გია თორთლაძე, ამასთანავე, უკანონოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თავის დროზე ”რუსული ფულით” ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მოხელეებსა და სხვადასხვა პროექტებსაც აფინანსებდა. შესაბამისად, იგი არ აპირებს შეუერთდეს დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის მეორე სადეპუტატო მიმართვას პროკურატურისადმი, „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. ცაგარეიშვილის მტკიცებით, ”ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლებს შორის 2010 წელს ისეთი კომპანიებიც იყვნენ, რომელთა დამფუძნებლებიც რუსეთში არიან დარეგისტირებულნი. პროკურატურის პასუხამდე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა, სააგენტო ”პირველს” განუცხადა, რომ ” ‘ნაციონალური მოძრაობა’ იმ პირობით არავის დაუფინანსებია, რომ ეს ძალა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნებოდა, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელთაც დაფინანსება ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს.” ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები კი, კერძოდ, ზვიად ძიძიგური პროკურატურის განმარტებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კოალიციის დაფინანსების უფლება აქვს, კოალიცია კი, თავის მხრივ, კანონიერ ფინანსებზე უარს არ იტყვის. ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსური დახმარების მიღების ფაქტი 22 დეკემბერს ”რესპუბლიკურმა პარტიამაც” დაადასტურა.
XS
SM
MD
LG