Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამომრჩეველთა მოსყიდვა” და გარკვეული კომპრომისი


27 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მწვავე კამათი მოჰყვა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ”ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის” გათვალისწინებულ სასჯელებს ასახავს.

სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა იმ შენიშვნათა დიდი ნაწილი, რომლებიც არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 26 დეკემბერს გამოაქვეყნეს. 27 დეკემბრის სხდომაზე დღის ბოლოს გაირკვა, რომ ხელისუფლება აპირებს გადახედოს რამდენიმე საკანონმდებლო ნორმას და გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს.
მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემოვიღოთ გარკვეული ზღვარი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ გარკვეული მატერიალური რესურსების გადაცემის საშუალება ...

4 სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, სადაც სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, საქართველოს პარლამენტმა 27 დეკემბერს ორი მოსმენით უყარა კენჭი. მესამე მოსმენისთვის, რომელიც 28 დეკემბრისთვის გადაიდო, უნდა დაზუსტდეს კანონის ის ნორმები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა. როგორც 27 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აუწყა დეპუტატებს უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა, დაზუსტდება სადავო ტერმინი და განიმარტება, თუ რას ნიშნავს ამომრჩეველთა ”პოლიტიკური მიზნებით” მოსყიდვა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ უფრო ლიბერალური გახდეს პარტიების სასჯელი, თუკი ისინი ამომრჩეველთა მოსყიდვაში იქნებიან მხილებული. და აქვეა კიდევ ერთი კომპრომისი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსთან ერთად ასევე უკავშირდება ცვლილებათა კანონპროექტს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” :

”მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემოვიღოთ გარკვეული ზღვარი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ გარკვეული მატერიალური რესურსების გადაცემის საშუალება ამომრჩევლებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მაგალითად, დღესასწაულების პერიოდში. მიმდინარეობს დისკუსია, რომ იყოს წლიური ზღვარიც და ასევე იყოს გარკვეული ზღვარი კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ, 60 ათასი ლარი - წლიურად და 3 ათასი ლარი ყოველ კონკრეტულ ღონისძიებაზე.”
მაგალითად, პრეზიდენტმა მიიყვანა სტუდენტები თავისთან, ყვარლის რანჩოზე, და თავისი ხელით შემწვარი მწვადი დაურიგა მათ. და რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ? ...

ამ კომპრომისმა განსაკუთრებით კმაყოფილი დატოვა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, რომელიც 27 დეკემბერს თითქმის მთელი სხდომის განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ თუკი კანონპროექტს უცვლელი სახით დაამტკიცებდნენ, მაშინ ყველა დეპუტატი, მინისტრი თუ თვით პრეზიდენტიც ”დასაჭერი” გახდებოდა სხვადასხვა სახის საჩუქრებით ”ამომრჩეველთა მოსყიდვის” გამო. თუმცა ახლა ლევან ვეფხვაძე კიდევ ერთი საკითხის დაზუსტების აუცილებლობას ხედავს:

”აი, მე მართლა მაინტერესებს, როგორ გაიგებენ ამას ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები... მაგალითად, პრეზიდენტმა მიიყვანა სტუდენტები თავისთან, ყვარლის რანჩოზე, და თავისი ხელით შემწვარი მწვადი დაურიგა მათ. და რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ? დეკლარირება უნდა გააკეთოს მერე პრეზიდენტმა, რომ 3 ათასი ლარის მწვადი დაარიგა? თუ 3 ათას ლარზე მეტის იქნება, ეს ნორმა ამოქმედდება და დავიჭერთ პრეზიდენტს?!”

ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ დახარჯული თანხა დაუთვლელი დარჩება, ხოლო ოპოზიციას იგივე ხელისუფლება ყველა თეთრსა და გადადგმულ ნაბიჯს დაუთვლის, 27 დეკემბრის სხდომაზე ”ქართული დასის” ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამაც არაერთხელ გამოთქვა. ხოლო ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას ყურადღება მანაც პრეზიდენტის საჩუქარზე გაამახვილა:

ბატონი ჯონდი თუ ფიქრობს იმას, რომ როდესაც პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო თანხების განაწილების შესახებ და ესეც ჩაითვლება მოსყიდვად ...
”აი, ეს არის პრეზიდენტის ვაუჩერი, რომელსაც პირდაპირ აწერია პრეზიდენტის საჩუქარი და ამ საჩუქარს ის ბიუჯეტის ხარჯზე არიგებს. ვკითხულობ, დადგება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი?! კანონის ნორმა მასაც ეხება თუ არა?”

ჯონდი ბაღათურიას შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ ხშირად გაკრიტიკებული საკითხის - ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების - კონტექსტში დაისვა, 27 დეკემბრის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა უპასუხა. თუმცა საბიუჯეტო თანხების მისამართით დასმული კითხვის ნიშანი მას აბსოლუტურად უადგილოდ მიაჩნია:

”ბატონი ჯონდი თუ ფიქრობს იმას, რომ როდესაც პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო თანხების განაწილების შესახებ და ესეც ჩაითვლება მოსყიდვად, რა თქმა უნდა, ეს არ ჩაითვლება მოსყიდვად. ისევე როგორც პარლამენტისა და თვითმმართველობის გადასაწყვეტია, რა თანხები, რა მიზნით და როგორ იქნეს გამოყენებული. ამას ეს არ ეხება...”

27 დეკემბრის სხდომაზე ყურადღება არ გამახვილებულა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებში ასახულ ბევრ ისეთ საკითხზე, რომლებთან მიმართებითაც შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს - მაგალითად, იმაზე, რომ ზედმეტად მკაცრია სასჯელი, როცა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად სისხლის სამართლის წესით დაისჯება ყველა ამომრჩეველი, რომელიც მისგან ფულს, სხვა ქონებას ან მომსახურებას მიიღებს. მაგალითად, თუ ამომრჩეველს პარტია დაუფინანსებს გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებას, ამ ამომრჩეველს ემუქრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG