Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს არჩევნებთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, რომლებიც მესამე მოსმენით დამტკიცდა 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც შევიდა კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და სისხლის სამართლის კოდექსში.გარდა იმისა, რომ ახალი ნორმების დიდი ნაწილი მათთვის კვლავაც მიუღებლად რჩება, მე-3 სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ კანონში მოულოდნელად შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სწორედ ეს ცვლილება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებში მოულოდნელად აღმოაჩინეს რეგულაცია, რომელიც მანამდე მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის სიტყვიერი ინიციატივის სახით არსებობდა.
ასეთ ვითარებაში კი, კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც არ ამსუბუქებს მდგომარეობას, არ შეიძლება, რომ უკვე მომხდარ მოვლენებზე გავრცელდეს...

გავიხსენოთ, რომ 27 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების მეორე მოსმენით განხილვისას, დეპუტატმა კობა ხაბაზმა ახალი რეგულაციის ჩადება მოითხოვა კანონში, რომელიც დაფინანსების თვალსაზრისით საკმაოდ ბევრ შეზღუდვას უწესებს პოლიტიკურ პარტიებს თუ მათთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

”პარტიები, რომლებმაც უკვე მიიღეს თანხები ამ კანონის დარღვევით და ეს თანხები გადადებული აქვთ იმისთვის, რომ გამოიყენონ არჩევნებისთვის, ჩემი აზრით, ეს კანონი მათაც უნდა შეეხოს. გარკვეული რეგულაციები შესაძლებელია გავაკეთოთ იმის მიხედვით, გახარჯულია თუ არა ეს თანხა... მაგრამ თუკი კანონდარღვევით მიღებული თანხები მათ შენახული აქვთ, ასეთ შემთხვევაში გარკვეული უკუქცევითი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით, ამ კანონს”, - თქვა დეპუტატმა ხაბაზმა.

მის ამ ინიციატივას ყურადღება მაშინვე მიაქციეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თუმცა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვის მწვავე პროცესებში, დარწმუნებით აცხადებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული ბოლო მოსმენის დროს, 27 დეკემბერს, ეს რეგულაცია კანონპროექტში გათვალისწინებული არ იყო. ამ ლოგიკით, სადავო რეგულაცია პროექტში 28 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით დამტკიცებამდე გაჩნდა.
არასამთავრობოების პრესკონფერენცია

არასამთავრობოების პრესკონფერენცია


როგორც ოთხშაბათს საგანგებოდ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან კანონში მოულოდნელად შეტანილი ცვლილების გამო, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური გაერთიანებები და ასევე ის იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან (ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები), ვალდებული ხდებიან უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულებები, ხოლო თუკი ეს მათ კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში არ გააკეთეს, თანხები სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, კანონი პასუხისმგებლობას ადგენს იმ ქმედებისთვის, რომელიც განხორციელების დროისთვის არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას. ეს კი არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლს:

”ეს არის უკუძალა იმ კანონისთვის, რომელიც აუარესებს მდგომარეობას და დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ასეთ ვითარებაში კი, კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც არ ამსუბუქებს მდგომარეობას, არ შეიძლება, რომ უკვე მომხდარ მოვლენებზე გავრცელდეს.”
4 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ისტერიკაში ჩავარდნილიყვნენ, და მესამე მოსმენის დროს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიტანა ფუნდამენტური ცვლილება და უკუქცევითი ძალა მისცა კანონს...

საიასა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 261 მუხლი, რომელიც, თავისი არსით, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. არასამთავრობო სექტორისთვის ასევე მიუღებელია სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ”არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების, ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათგან მსგავს მომსახურებას მიიღებენ.”

სადავო ცვლილებები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ 28 დეკემბერს დამტკიცებულ კანონპროექტებს პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სწორედ პრეზიდენტს, რომ მან არ დაუშვას ”საქართველოს კონსტიტუციით” გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევა” და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები, მოტივირებული შენიშვნების თანხლებით, ისევ საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებენ, მაგრამ ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კანონში მოულოდნელად გაჩენილი ახალი ნორმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 23 დეკემბერს პარლამენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში 4 400 000 ლარით დააფინანსა 4 პოლიტიკური პარტია: „რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები”, „ხალხის პარტია” და ”კონსერვატიული პარტია.” ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტნიორებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს და არც ის დამალეს, რომ ეს იყო დაფინანსების მკაცრად შემზღუდველი კანონის ამოქმედებამდე დაჭერილი თადარიგი.
დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი


როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ხელისუფლება ძალიან შეაშინა იმ ფაქტმა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის ხელში, სრულიად კანონიერი გზებით, რამდენიმე მილიონი ლარი აღმოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ”ოფიციალური მონაცემებითაც კი, მრავალგზის უფრო მეტ ფულს ხარჯავდა ყოველ არჩევნებზე”:

”4 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ისტერიკაში ჩავარდნილიყვნენ და მესამე მოსმენის დროს, როცა, წესით, წერტილ-მძიმის შეთანხმება ხდება და მეტი არაფერი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიტანა ფუნდამენტური ცვლილება და უკუქცევითი ძალა მისცა კანონს, რაც საერთოდ წარმოუდგენელია... ”

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მეტად უარყოფითად იქნება აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. „რესპუბლიკური პარტია“ და მისი პარტნიორები ამ საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვას აპირებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG