Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ვრცელი ანალიტიკური სტატიით გამოეხმაურა გაზეთი „კომერსანტი“, რომელის მიხედვითაც, გადადგომის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო როგორც პრობლემები საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე, ასევე კორუფციული საქმეები, რომლებშიც, სავარაუდოდ, გარეული იყვნენ ღარიბაშვილთან დაახლოებული პირები, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ უთხრა, შესაძლოა ყველა ეს ფაქტორი არც იყო გადამწყვეტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბედი გადაწყვიტა ქართული პოლიტიკის „რუხი კარდინალის“, ბიძინა ივანიშვილის, ნება-სურვილმა:

„ღარიბაშვილი კი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მას არ შეეძლო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. „ქართულ ოცნებაშიც“ კი არ უარყოფენ იმას, რომ ყველაფერს წყვეტს არაფორმალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. სწორედ მას შეუძლია გაიღვიძოს ერთ დღეს და მოხსნას მთავრობის მეთაური რაიმე განსაკუთრებული არგუმენტების გარეშე“.

„კომერსანტი“ მკითხველს ასევე სთავაზობს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორის მარინე დემეტრაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ახალი მთავრობაც ივანიშვილის ნების მორჩილი აღმსრულებელი იქნება. ამასთან, როგორც მარინე დემეტრაძე ვარაუდობს, არც ივანიშვილს და არც ახალ მთავრობას არანაირი საქმე არ ექნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან, რის გამოც მოსკოვს შეუძლია განსაზღვროს თბილისთან დიალოგის პირობები.

„რუსეთმა უნდა გამოიჩინოს გარკვეული სიფრთხილე: თავს არ უნდა მოვახვიოთ მოსაზრება, რომ დასავლეთი კი არა, ჩვენ ვართ კარგები, დასავლეთი კი ცუდიაო. ამის გაკეთება არ ეგების, რადგანაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ეჭვი. უნდობლობა ხომ ისედაც არსებობს. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. უნდა გაიხსნას საზღვრები, ამას არანაირად არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს, პირველ რიგში, რუსეთისა და, ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. ისინი ხომ ილტვიან რუსეთისკენ“.

„2016 წელი შესაძლოა 2015-ზე მძიმე იყოს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი რუსეთის ეკონომიკის სავალალო მომავალზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში: ნავთობი გაიაფდება, რუბლი დასუსტდება, მოსახლეობის შემოსავალი და ინვესტიციები შემცირდება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით, ეკონომიკა შემცირდება 3,7-3,8 პროცენტით, ნავთობი გაიაფდება საშუალოდ 15 პროცენტით, ხოლო რუბლი დასუსტდება 10 პროცენტით. შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკას ელის კიდევ ერთი მძიმე წელი, რის გამოც არსებული ეკონომიკური კრიზისი იქნება ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. 1998 და 2009 წლების ორი წინა კრიზისი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდა. რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2015 წლის ივნისში რუსეთის ეკონომიკამ მიაღწია ფსკერს, სადაც ის რჩებოდა ნოემბრამდე, თუმცა ნოემბრის შემდეგ კვლავ დაიწყო დაცემა. საპარტნიორო ფონდ „კაპიტალის“ ანალიტიკოსის ევგენი ნადორშინის თქმით, თუ ნავთობის ფასი მკვეთრად არ გაიზარდა, კრიზისის მერე ტალღას მოჰყვება ადაპტაციის ახალი პროცესი, უმუშევრობის ზრდით, ხელფასების, ბიზნესის დანაზოგისა და მოხმარების შემცირებით, რის გამოც კრიზისი აუცილებლად გადაიზრდება უფრო ღრმა და ხანგრძლივ რეცესიაში.

სტატიიდან ირკვევა, რომ „ვედომოსტის“ რედაქციამ გამოკითხა ეკონომიკის 20 ექსპერტი, რომელთაგან 12 მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი 50-55 დოლარამდე გაიზრდება. კრიტიკული იქნება 2016 წლის პირველი კვარტალი, როცა ერთი ბარელის ფასი, სავარაუდოდ, 29 დოლარამდე დაეცემა, მაგრამ, როგორც რუსი ეკენომისტები მიიჩნევენ, უბედურება ისაა, რომ ნავთობის 50 დოლარამდე გაძვირებაც კი ვერ შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკის ვარდნას.

რაც შეეხება ინვესტიციების კრიზისს, ის მომავალ, ანუ მეოთხე, წელსაც გაგრძელდება, ისევე როგორც მოსახლეობის გაღარიბება. 2016 წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან ინფლაციის ზრდას, თუმცა, რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ის არ იქნება 8 პროცენტზე მაღალი. რუსეთის ეკონომიკის სავალალო მომავალზე გაზეთი „ვედომოსტი“ წერს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG