Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზელი აქტივისტები


სათემო ინტეგრაციის ცენტრი
სათემო ინტეგრაციის ცენტრი
„ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ცოდნა გავიღრმავე, გავიგე საკუთარი უფლებები და გამოვიყენე პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება სხვასაც გავუზიარო, მიღებული ინფორმაცია თემში გავავრცელო.“ – ეს სიტყვები ნანა მიქელაძემ ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცემისთვის დაწერა. ნანა გორის რაიონის სოფელ ნიქოზში მშობლებთან, ძმასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად განსაკუთრებით ომის შემდეგ გაუჭირდა. ნანამ სკოლაში სამსახურიც დაკარგა, ამიტომ სახლში ჩაიკეტა და აღარაფრის იმედი ჰქონდა, მაგრამ ერთმა შეხვედრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თანასოფლელ მეგობრებთან ერთად დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ შეხვედრაზე მოხვდა და გადაწყვიტა სამოქალაქო აქტიურობა დაეწყო. დაესწრო არაერთ ტრენინგ–სემინარს და მალე გაერკვა საკუთარ უფლებებში.

პასიური ნიქოზელი ახალგაზრდების გააქტიურება ნინო მინდიაშვილმა დაიწყო, შემოიკრიბა მეგობრები და ადგილობრივი პრობლემების კვლევა გადაწყვიტა. უსაფრთხოება, უმუშევრობა,სარწყავი წყლის არარსებობა, ახალგაზრდობის მიგრაცია – ეს პრობლემების არასრული ჩამონათვალია. სოფელი ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს სოფელი ძალიან დაზარალდა. ომის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სოფელი საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ადგილობრივი მთავრობაც მოსახლეობას პროდუქტებით ეხმარებოდა, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანდა, ამით არც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შეცვლილა. ადგილობრივი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მალე მიხვდა, რომ მხოლოდ მთავრობის დახმარების იმედად ხელგაწვდილი ვერ დარჩებოდა, საჭირო იყო მოქმედება, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტზე გასვლა და პროექტების შემუშავება. ნინომ სოფელში 20-მდე თანამოაზრე მოძებნა და არასამთავრობო ორგანიზაციას, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ დაუკავშირდა. მისი მიზანი ის იყო, რომ ახალგაზრდა თანასოფლელებს ომის შემდგომი დეპრესიის დაძლევაში როგორმე დახმარებოდა და მათთვის აქტიურობის მოტივაცია შეექმნა.

ახალგაზრდებს ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის შემდეგ დონორებისკენ გზაც გაეხსნათ. ევროკავშირის დახმარებით სოფელში დაახლოებით 2 წლის წინ სათემო ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ამჟამად კომპიუტერული ოთახი და მინისამკერვალო საამქრო ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებმა სასწავლო კურსები გახსნეს და თანასოფლელები გადაამზადეს. დღეს ნებისმიერ ნიქოზელს ცენტრში შეუძლია უფასო კომპიუტერული მომსახურება მიიღოს. ადგილობრივ ქალებს ჭრა–კერვაც შეასწავლეს, გამოშვებული პროდუქცია კი შეღავათიან ფასად გაყიდეს და შემოსული თანხა ისევ ოფისის განვითარებას მოახმარეს. გარდა ამისა, ამავე ოფისში მცირე სამკითხველოც გახსნეს, კვირაში ერთხელ გორიდან აქ გაზეთები ჩააქვთ, ადგილობრივ მოსახლეობას მათი წაკითხვა ადგილზე შეუძლია. მარი მჭედლიძე ცენტრის აქტივისტია, მან კომპიუტერული კურსები ადგილზე გაიარა და ახლა სამსახურს უფრო გაბედულად ეძებს.

ნიქოზელი აქტივისტები ცდილობენ სოფლიდან ახალგაზრდების გადინებას როგორმე ხელი შეუშალონ. სამომავლოდ ისინი აპირებენ ცალკე არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნონ, რომელსაც „იმედის სხივს“ დაარქმევენ. დიდი სურვილი აქვთ, რომ სოფელში კულტურული ცენტრი შექმნან. ამისთვის პროექტს ამზადებენ, რომლის ფარგლებშიც კინოპროექტორს შეიძენენ და ადგილზე ფილმების ჩვენებას მოაწყობენ. გარდა ამისა, სხვა აქტივობებიც იგეგმება, რაც, მათი აზრით, მიგრაციის პროცესს შეაჩერებს. დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სურვილი აქვთ ადგილზე ბევრი რამ შეცვალონ, მაგრამ საამისო გამოცდილება არ გააჩნიათ, ამიტომ მათ არასამთავრობო სექტორი უნდა დაეხმაროს.

ნიქოზელი ახალგაზრდები სახალხო დიპლომატიის განვითარების პროცესში აქტიურ ჩართვას აპირებენ, უკვე რუსული ენის სწავლაც დაიწყეს. სოფლიდან ცხინვალი რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს, ამიტომ, მათი აზრით, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგის დრო მალე დადგება. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კი ალტერნატივა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG