Accessibility links

მოღალატეები თუ პატრიოტები?


ლეონიდ თიბილოვი

ლეონიდ თიბილოვი

თითქმის 2 თვეა ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობენ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც თიბილოვმა ისინი მოღალატეებად მოიხსენია. დე ფაქტო პრეზიდენტის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სტამბოლში ოსური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ოსმა პოლიტოლოგმა კოსტა ძუგაევმა კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური საკითხების განხილვაზე მინიმუმ 5 წლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და მხარეებმა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება უნდა დაიწყონ. ამის შემდეგ ცხინვალში სტამბოლის მონაწილეების დისკრედიტაცია და მათგან მტრის ხატის შექმნა დაიწყეს, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა კი თიბილოვს შეხვედრა მოსთხოვეს. ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დინა ალბოროვამ თიბილოვს შეხვედრა შეახსენა. დე ფაქტო პრეზიდენტმა გაიკვირვა და თქვა, რომ ამის შესახებ მან მხოლოდ ათიოდე დღის წინ შეიტყო.

თიბილოვისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტმა მესამე სექტორის მიმართ მოულოდნელად მიდგომა შეცვალა და იმ ადამიანებს, ვისაც ორიოდე თვის წინ მოღალატეებად მოიხსენიებდა, ახლა პატრიოტები უწოდა.

დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ნაკლებადაა ინფორმირებული და ამიტომ საჭიროა, რომ მათთან ინფორმაცია პირველი წყაროებიდან მიდიოდეს.

თიბილოვთან შეხვედრამდე ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან კიდევ ერთ შეხვედრას ერევანში გამართავენ. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო დიალოგის ფორმატს „თვალსაზრისი“ ჰქვია და მასში კონფლიქტოლოგების, პოლიტოლოგების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გარდა ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG