Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნგრევა გუდიაშვილის მოედანზე


ნანგრევები გუდიაშვილის მოედანზე
ნანგრევები გუდიაშვილის მოედანზე
გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ოთხი დღის წინ ჩამოინგრა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა იქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ღამეს ამ დრომდე ნათესავებთან ატარებს, დღის განმავლობაში კი ჩამონგრეულ შენობასთან მორიგეობენ. მათ სახლის გაქურდვის და სახლის დარჩენილი ნაწილის დანგრევისაც ეშინიათ.

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე კიდევ არაერთი ავარიული სახლი დგას, რომელთა მცხოვრებნიც სართულებზე შიშით დადიან და აცხადებენ, რომ სახლის დანგრევა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. 27 ივნისს გუდიაშვილის მოედანზე დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გადაარჩინონ გუდიაშვილის მოედანი.

გუდიაშვილის #7-ში მდგარი სახლი ოთხი დღის წინ იქ მცხოვრებმა ბოლო რამდენიმე ოჯახმაც დატოვა. სახლის ნაწილი მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრეული კედლების ნარჩენებისა და ფიცრებისგან ეზო ჯერაც არ გაწმენდილა. თამარ ბექიშვილი მეზობლებთან ერთად მთელ დღეს მაინც საკუთარი სახლის სიახლოვეს ატარებს. პირველად სახლის დანგრევის საფრთხე ხუთი დღის წინ იგრძნო:

„ხუთი დღით ადრე იატაკმა ჭრიალი დაიწყო. შემეშინდა და მთელი ღამე არ მეძინა, 23-ში კი, ღამის ორ საათზე, უცებ გრიალის ხმა გავიგონეთ. ჩამოემხო ხმაურით სახლის ნაწილი. გამოვიქეცი, როგორც ვიყავი ჩაცმული, და ახლა სადარბაზოც ჩამოინგრა“.

სახლის ჩამონგრევის შემდეგ ადგილზე რაიონის გამგებლის წარმომადგენელი მივიდა და დაზარალებულებს ქირით გადასვლა შესთავაზა, თუმცა თამარ ბექიშვილი ამბობს, რომ შეთავაზებული 200 ლარით, რომელიც უნდა დაებეგროს კიდეც, ქირით გადასვლა რთული იქნება. ამ ეტაპზე დაზარალებულები მოლოდინის რეჟიმში არიან, რას შესთავაზებს მათ ხელისუფლება.

დომინოს პრინციპით დაინგრევა დანარჩენი შენობებიც. ეს სახლი თუ დაინგრა, ამას მიჰყვება მის გვერდით მდებარე შენობა და ა.შ. უბრალოდ, მართლა აღარ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ან მოსახლეობამ...
თამარ ამაშუკელი
27 ივნისს გუდიაშვილზე ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ამ შენობებს არ მიხედავს, ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაინგრევა - პირველ რიგში, ოთხიოდე დღის წინ ჩამონგრეული შენობა აღარ იარსებებს:

„დომინოს პრინციპით დაინგრევა დანარჩენი შენობებიც. ეს სახლი თუ დაინგრა, ამას მიჰყვება მის გვერდით მდებარე შენობა და ა.შ. უბრალოდ, მართლა აღარ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ან მოსახლეობამ, ან საზოგადოებამ, რომ მთავრობას მიაწვდინოს ხმა, რომ ეს მოედანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები თითქმის სამი თვის განმავლობაში იდგნენ ქუჩაში ყოველ შაბათ-კვირას და ითხოვდნენ გუდიაშვილის მოედნის გადარჩენას“.

ნანგრევები გუდიაშვილის მოედანზე
ნანგრევები გუდიაშვილის მოედანზე
„თბილისის ჰამქარი“ მოითხოვს, გამოჩნდეს რეალურად პასუხისმგებელი პირი, რომელიც გუდიაშვილის მოედანს მიხედავს. მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ ცალკეულმა უწყებებმა შეწყვიტონ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა:
„ასეთი პირი არ არსებობს. ფონდი ამბობს, რომ ინვესტორის იმედი ჰქონდა; მერიაა და ისიც ამბობს, რომ არ იცის ფონდი რას აკეთებს; კულტურის სამინისტრო, რომელიც ამბობს, რომ მას არა აქვს ეს ვალდებულება, თბილისი გააკონტროლოს; მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომ თბილისი ისევ დაუბრუნდეს კულტურის სამინისტროს, მერიამაც ხელი დაიბანა და, შეიძლება ვთქვათ, თბილისი გაწირეს“.

მას შემდეგ, რაც საზოგადოების პერმანენტული პროტესტის შემდეგ ინვესტორმა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე უარი განაცხადა და ტერიტორია კვლავ განვითარების ფონდს გადასცა, ამ ტერიტორიაზე ყველანაირი პროცესი შეჩერდა. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ 2007 წლიდან, რაც ამ მოედანზე ზრუნვა განვითარების ფონდს ეკისრება, არაფერი გაკეთებულა, გარდა მიზანმიმართულად იქ მდებარე შენობების ნგრევისა.

ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა ჯერ კიდევ 2007 წლიდან და მათ კიდევ უფრო ამძიმებს დღეს შექმნილი ვითარება. ის, რაც დღეს აქ ხდება, არის მიზანმიმართული, მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი, როდესაც, უბრალოდ, ვერ ვანგრევთ, რადგან კარგად ვიცით, რომ ამას მოჰყვება პროტესტი, ამიტომ გადავედით სხვაგვარ პოლიტიკაზე - ხელს არ ვკიდებთ და სახლები თავად ინგრევა...
ცირა ელისაშვილი
„თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენლის ცირა ელისაშვილის განცხადებით კი, მალე გუდიაშვილის მოედანზე პასუხისმგებელი ისევ კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გახდება, რასაც ადგენს ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა ჯერჯერობით გადაბარების პროცესი არ დასრულებულა. დრო კი არ ითმენს და გუდიაშვილის მოედანი ინგრევა. ცირა ელისაშვილს იმედი აქვს ახლო მომავალში ძველი თბილისის განვითარების ფონდის არქიტექტორთან, მანუჩარ მახათაძესთან საჯარო შეხვედრისა, სადაც „თბილისის ჰამქარი“ კონკრეტული მოთხოვნებით მივა:

„ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა ჯერ კიდევ 2007 წლიდან და მათ კიდევ უფრო ამძიმებს დღეს შექმნილი ვითარება. ის, რაც დღეს აქ ხდება, არის მიზანმიმართული, მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი, როდესაც, უბრალოდ, ვერ ვანგრევთ, რადგან კარგად ვიცით, რომ ამას მოჰყვება პროტესტი, ამიტომ გადავედით სხვაგვარ პოლიტიკაზე - ხელს არ ვკიდებთ და სახლები თავად ინგრევა. ჩვენ ვერც ამ პოლიტიკას შევეგუებით, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა: არ შეიძლება რეაბილიტაცია განახორციელოს იმ ფონდმა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ანგრევდა ურბანულ ქსოვილს მთელი მოედნის მასშტაბით“.

ცირა ელისაშვილი მომიჯნავე ქუჩებზე მდგარი შენობების სავალალო მდგომარეობაზეც ლაპარაკობს. გუდიაშვილის ქუჩაზე მისულებს, ახლომდებარე ახოსპირელის 4 ნომერში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის წარმომადგენლებიც მოგვიახლოვდნენ და თავიანთი სახლების დაბზარული კედლებისა და ავარიული საძინებლების გადაღება გვთხოვეს. ახოსპირელის #4-ში მდებარე სახლის თითქმის ყველა კედელი გაბზარული და ნახევრად ჩამონგრეულია, შენობა ქუჩის მხარესაა გადმოხრილი და მანქანის ჩავლისას ზანზარებს, კიბეეები დაბრეცილია, საძირკველში წყალი დგას, იქვე მდგარი მრავალწლოვანი ხის ფესვები კი პირველ სართულებს ანგრევს.

რადიო თავისუფლებამ ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს დავით ავალიანს ჰკითხა, თუ რას აკეთებს განვითარების ფონდი. მისი თქმით, ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტები დგება. თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაში ეს ქონება მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა, სწორედ ამ დროიდან გაფორმდა ხელშეკრულებები არქიტექტურულ ბიუროებთან, რომლებმაც ფონდს გამზადებული პროექტები 15 ივლისამდე უნდა ჩააბარონ. დავით ავალიანი აცხადებს, რომ პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება გუდიაშვილზე მდგარ ყველა შენობას, თუმცა პროექტის წარმოდგენამდე სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება.

თამარ ამაშუკელი კი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ეს შენობები კი სასწრაფოდ ჩამოერთვას განვითარების ფონდს და მათი გადარჩენისათვის საჭირო თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოს, რადგან ერთი ძლიერი წვიმა ამ შენობებს მიწასთან გაასწორებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG