Accessibility links

ერთი ინგლისელი ბიჭის ბლუზით დავიწყებ, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ თავადვე ჩაწერა უბრალო მაგნიტოფონზე. მაშინ 19 წლის თუ იქნებოდა და ბირმინგემის სამხრეთულ სოფელში, მშობლების სახლში ცხოვრობდა. სიმღერას „Been Smoking Too Long“ ჰქვია და ნიკ დრეიკის დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ პირველ პოეტურ-მუსიკალურ თხზულებად ითვლება. ამ სახლში, არცთუ სასიამოვნო ამბის გამო, კიდევ დავბრუნდები, თუმცა მოგვიანებით.



ნიკ დრეიკს მუსიკისადმი სიყვარული დედისგან დაჰყვა. ისტორიამ მერი დრეიკის ჩანაწერებიც შემოინახა. უსმენ და შვილის სიმღერებთან გასაოცარ მსგავსებას აღმოაჩენ – ვოკალური საშემსრულებლო მანერით დაწყებული, სევდიანი ტექსტებით დამთავრებული. თავად ნიკი კი ბავშვობიდანვე გიტარაზე, ფორტეპიანოზე, საქსოფონსა და კლარნეტზე ასრულებდა საკუთარ მელოდიებს. სკოლის მეგობრებთან ერთად ჯგუფი შეკრა, რომელშიც - ჯვარი აქაურობას და - ცოტა ხნით კრის დე ბურგიც ირიცხებოდა. ჰოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კემბრიჯში ჩააბარა. ამბობენ, სწავლითა თუ შრომისმოყვარეობით გამორჩეული სტუდენტი ბრძანდებოდა, თუმცა გული მაინც მუსიკისკენ მიუწევდაო. ზოგჯერ ლონდონში სტივ ვუდისა თუ მუდი ბლუზის კონცერტებზე იპარებოდა, ზოგჯერაც საფრანგეთის სამხრეთში შანსონების ღიღინში მოჰკრავდა კაცი თვალს. ერთხელ მაროკოში ამოყო თავი, სადაც „როლინგებს“ გადაეყარა და თრიაქით გვარიანად იჯერა გული. სხვათა შორის, პირველი ალბომი 1969 წელს, ზემოხსენებულ ბატონებთან შეხვედრის შემდეგ ჩაწერა. სახელწოდებაც კი თემატური შეურჩია: Five Leaves Left (ხუთი ფოთოლიღა დარჩა), ასეთი ორაზროვანი წარწერა ჰქონდა ერთი კომპანიის წარმოებულ ქაღალდს, თამბაქოსა და სხვა რამე-რუმეების გასახვევად რომ გამოიყენებოდა. თუმცა, მისი შემოქმედების თავგადაკლული ფანები ამ სახელწოდებას ო.ჰენრის „უკანასკნელ ფოთოლს“ უკავშირებენ, უფრო ზუსტად კი, მის პერსონაჟს - პნევმონიით დაავადებულ მხატვარ ჯონსის, რომელიც ფანჯრიდან სუროს ფოთლებს ითვლის და დარწმუნებულია, რომ ბოლო ფოთლის ჩამოვარდნასთან ერთად ისიც აღესრულება. ასეა თუ ისე, ნიკ დრეიკიც ალბომის გამოშვებიდან ზუსტად 5 წლის თავზე გარდაიცვალა.



ზემოხსენებული სადებიუტო ალბომი ნიკ დრეიკმა პროდიუსერ ჯო ბოიდის დახმარებით ჩაწერა. ამ უკანასკნელს მანამდე „ფინკ ფლოიდთან“ ჰქონდა ნამუშევარი და ისედაც, არც გემოვნებას უჩიოდა და მენეჯერული ალღოც არ აკლდა. დისკი „აილენდ რეკორდსმა“ 5 ათასიანი ტირაჟით გამოუშვა. მშვიდი, ნატიფი და მეტისმეტად სევდიანი ნამუშევარი გამოდგა. გამოხმაურებაც ასეთივე თავშეკავებული მოჰყვა – კრიტიკოსებმა მხოლოდ არაფრისმთქმელი განსაზღვრება გაიმეტეს: „საინტერესო დისკია...“ და მეტი არაფერი. მიუხედავად წარუმატებლობისა, ნიკ დრეიკმა საბოლოოდ გადაწყვიტა მუსიკალურ სამყაროში გადაბარგება, კემბრიჯის უნივერსიტეტი მიაგდო და ლონდონის ერთოთახიან ბინაში მეორე ალბომზე სამუშაოდ გამოიკეტა. პროდიუსერის აზრით, წინა შეცდომების განმეორება არ ღირდა, ამიტომ მეორე დისკი უფრო ოპტიმისტური უნდა ყოფილიყო – ბგერა უფრო კომერციული და სიმღერები ჯაზური იდიომებით გაჯერებული. 1970 წლის „Bryter Layter“ მართლაც ჩინებული გამოვიდა, კომერციული წარმატებაც რეალური გახლდათ, მაგრამ კრიტიკოსებმა კვლავ ვერ ივარგეს, მეორე ცდაც კრახით დასრულდა რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმ წელს „ზეპელინების“ მეორე ალბომი, ხოჭოების „ლეთ ით ბი“, „როლინგების“ „სთიქი ფინგერს“ მეფობდა, შედევრების ამ აურზაურში კი ფაქიზი სულის პოეტის ხმაც ჩაიკარგა. და, მეორეც – მსმენელი, უბრალოდ, არ იცნობდა. ნიკ დრეიკს პათოლოგიურად ეშინოდა სცენის, ცხოვრების მანძილზე მხოლოდ რამდენიმე კონცერტი გამართა, ისიც პატარა ფოლკ-კლუბებში, ან გრანდების ლაივების „გახურებაზე“ თუ გამოვიდოდა ხოლმე.



1971 წელს პროდიუსერი ჯო ბოიდი ამერიკაში გადაბარგდა. ის, ფაქტობრივად, ერთადერთი გახლდათ, რომელსაც მუსიკოსის ნიჭისა თუ უნიკალურობის სჯეროდა. ეულად დარჩენილი ნიკი ღრმა დეპრესიამ მოიცვა, საქმეში ფსიქიატრიც რამდენჯერმე ჩაერია. მესამე ალბომი კი, „ვარდისფერი მთვარე“, სასოწარკვეთაში მყოფი არტისტის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება გამოდგა ნიჭის აღიარებისა და წარმატების მოსაპოვებლად. სტუდიაში 2 დღით მარტო გამოიკეტა, ყოველგვარი არანჟირებებისა თუ აკომპანემენტის გარეშე 11 სიმღერა შექმნა, მხოლოდ გიტარა და ვოკალი. „აილენდ რეკორდსის“ ოფისში მიიტანა, მაგიდაზე მორიდებით დადო და უხმოდ წავიდა. თავისი სათქმელი მხოლოდ „ვარდისფერ მთვარეზე“ დატოვა, სადაც ყოველ სიტყვაში ნამდვილი ნიკ დრეიკი, ხოლო ყოველ მუსიკალურ ფრაზაში მისი ფაქიზი ბუნება იგრძნობოდა.



ნიკ დრეიკის მშობლიურ სახლში კვლავ დავბრუნდები-მეთქი – დაგპირდით. ჰოდა, 1974 წლის 25 ნოემბერს საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად ანტიდეპრესანტი პრეპარატის - ტრიპტიზოლის - დიდი დოზით მოხმარება დაასახელა. მარტივად რომ ვთქვათ, 26 წლის ასაკში წასვლა არჩია, ისევე უხმოდ და შეუმჩნევლად, როგორც იცხოვრა. ერთი-ორმა მეგობარმა მუსიკოსმა თუ დაიტირა ცხარე ცრემლით, მავანმა კი ბრიტანული როკ-მუსიკის დანაკარგი გვარიანი დაგვიანებით – მხოლოდ 90-იანებში შეამჩნია, პოეტის წინაშე შერცხვენილი, მის ულამაზეს მელოდიებზე 20 წლის თავზეღა აღიღინდა.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG