Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგები და სავარაუდო სცენარი


რეფერენდუმის პროცესი
რეფერენდუმის პროცესი

რეფერენდუმზე, რომელიც 6 აპრილს გაიმართა ნიდერლანდში, ამომრჩეველთა 61,1%-მა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე რეფერენდუმზე გამოტანილ სადავო საკითხს.

შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 38,1 %-მა. ნიდერლანდში რეფერენდუმის შედეგებს ტოკიოდან გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც პლებისციტის ორგანიზატორები „ევროპის ერთიანობისათვის“ ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა:

„ამ რეფერენდუმის ორგანიზატორთა რეალური ჩანაფიქრის წინა პლანზე არ ყოფილა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. ეს არის თავდასხმა ევროკავშირის ერთიანობასა და ევროპული ფასეულობების გაფართოებაზე. ამას ცხადყოფდა ის დისკუსიებიც, რომლებიც წინ უძღოდა რეფერენდუმს“.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს, ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ვალდებული იქნება გადასინჯოს დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ცნობამ ნიდერლანდის რეფერენდუმის შესახებ ძალიან დაამწუხრა ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბრიუსელში. ევროკომისიის პრეზიდენტი „დამწუხრებულია“, - ასე უპასუხა ჟან კლოდ იუნკერის პრესმდივანმა მარგარიტის შინასმა ჟურნალისტის მიერ რეფერენდუმის თაობაზე დასმულ შეკითხვას:

„რეფერენდუმის შედეგებიდან მხოლოდ რამდენიმე საათია გასული. და თუ სწორად მესმის, ამ რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 12 აპრილამდე არ გამოქვეყნდება. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია მარჩიელობა იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ან რა შეიძლება მოხდეს. ფაქტია, რომ ნიდერლანდის მოსახლეობამ ხმა მისცა და მისი პოზიცია ცნობილია. ახლა თავისი პოზიცია ნიდერლანდის ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს“.

მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები

თუმცა „მარჩიელობამ“, როგორც მოსალოდნელი იყო, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე მოიცვა დასავლური მედიასივრცე და ბლოგოსფერო. ბევრი ანალიტიკოსი ცდილობს იწინასწარმეტყველოს, თუ რა ბედი ელის უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელმაც რატიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა ევროკავშირის დანარჩენი 27 ქვეყნის პარლამენტებსა და მთავრობებში. სხვათა შორის, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, გასულ წელს ნიდერლანდის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

როგორც ჩვენი ბრიუსელელი კოლეგა რიკარდ იოზვიაკი ფიქრობს, ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, ნიდერლანდის მთავრობას შეუძლია ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია იმ დათქმით, რომ მოსახლეობას აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხში.

არსებობს მოვლენათა განვითარების კიდევ ორი სავარაუდო სცენარი, რაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გამოცდილებას ეფუძნება.

პირველია ბოსნია-ჰერცეგოვინის გამოცდილება. ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2008 წელს მოეწერა, მაგრამ შეთანხმება ძალაში არ შესულა 2015 წლამდე, ვიდრე სარაევომ ბოლომდე არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ამ შვიდწლიან პერიოდში ბრიუსელსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის მოქმედებდა ე. წ. გარდამავალი ჩარჩო-შეთანხმება ვაჭრობის თავისუფლების შესახებ.

მეორე მაგალითი კი სულ ახალია. 2014 წელს შვედეთში გამართულ რეფერენდუმზე სულ ცოტა ხმა დააკლდა შვეიცარიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებიდან იმიგრაციის შეზღუდვისკენ მიმართული ზომების ამოქმედებას, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა შვეიცარია-ევროკავშირის შეთანხმებას თავისუფალი მიმოსვლის შესახებ. ორი წელი გადის და მხარეები კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებას ამ თემაზე, თუმცა ეს ადამიანებს ხელს არ უშლით თავისუფლად გადაკვეთონ საზღვრები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG