Accessibility links

logo-print

ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვყოფილვარ ისე შეურაცხყოფილი, როგორც საქართველოში ბიუროკრატიასთან ურთიერთობის დროს. სულ ცოტა, ოთხი უცხო ქვეყნის ბიუროკრატიულ აპარატებთან მქონია შეხება და არსაიდან გამოვსულვარ ისე შეურაცხყოფილი, როგორც ქართული საჯარო ან ნახევრად საჯარო (ე.წ. „კერძო საჯარო პარტნიორობების“ შემთხვევაში) დაწესებულებებიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძველი ამბავი და მასზე არათუ დაუწერიათ, არამედ მხატვრული ფილმებიც გადაუღიათ, მათ შორის ლეგენდარული „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელიც ლამის ყველა ქართველს ნანახი აქვს. და მაინც: XXI საუკუნის მეორე ათწლეულში, 2015 წლის მიწურულსაც გვიწევს ბიუროკრატიასთან ღირსების შეურაცხმყოფელ პირობებში ურთიერთობა.

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, რა ტიპის დაწესებულებასთან გაქვს საქმე: ძალოვან უწყებასთან (ნაცნობებისგან და მეგობრებისგან მართლაც დაუჯერებელი ამბები მსმენია ამ მხრივ ძალოვან უწყებებში არსებულ მდგომარეობაზე), საგანმანთლებლო დაწესებულებებთან (ჰკითხეთ ქართველ სტუდენტებს და, ზოგ შემთხვევაში, ლექტორებს, როგორ ექცევა მათ ადმინისტრაცია), სამედიცინო დაწესებულებებთან (არსად ისე შეურაცხყოფილად არ იგრძნობ თავს, როგორც იმათთან ურთიერთობისას, ვისაც ვითომ შენი და შენი ახლობლების ჯანმრთელობა აბარია), რომელიმე სამინისტროსთან და დეპარტამენტთან, თუ რაიმე სხვა სახის საჯარო დაწესებულებასთან. ვითარება ყველგან ერთნაირია და თითქმის არ იცვლება: ადამიანების ღირსების შეურაცხყოფა და თავაზიანობის ელემენტარული ნორმების ფეხქვეშ გათელვა ქართველი ბიუროკრატების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (ამ სტატიაში ყველა ბიუროკრატზე არ ვლაპარაკობთ, ცხადია).

რა თქმა უნდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ხშირად თავად მოქალაქისგან მოდის უდიერი დამოკიდებულება ბიუროკრატიის მიმართ. ხშირად, თავად მოქალაქეები სთხოვენ ბიუროკრატებს კანონის დარღვევას. ასე რომ არ იყოს, ანუ საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების მოთხოვნა რომ არ მოდიოდეს, ალბათ თავად ბიუროკრატებსაც იშვიათად მოუნდებოდათ კანონის დარღვევა. აგდებული, ღირსებისა და პატივის ამყრელი დამოკიდებულება აუცილებლად ორმხრივია: ერთი მხრივ, ბიუროკრატები ექცევიან უღირსად მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, ასე იქცევიან მოქალაქეებიც. შესაბამისად, იქმნება მოჯადოებული წრე, საიდანაც თავის დაღწევა ჭირს.

მოქალაქეები არა მხოლოდ დაშინების, მუქარისა და შეურაცხყოფის გზით ცდილობენ ბიუროკრატების უკანონოდ დაყოლიებას, არამედ უფრო ხშირად, ჟარგონს თუ მივმართავთ, „საქმეს აწყობენ“. „საქმის ჩაწყობა“ სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ყველაზე ხშირად − ნათესაობრივი და კლანური კავშირების გამოყენებით. მეც არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა: სანამ უფროსის სახელს არ უხსენებ და აგრძნობინებ, რომ უფროსთან დარეკვა შეგიძლია, ქართველი ბიუროკრატების ნაწილი ისე გექცევა, როგორც სრულ არარაობას. თუ ქართველი ბიუროკრატების ნაწილმა ჩათვალა, რომ შენ არანაირ გავლენას არ ფლობ, ეცდება, ბოლომდე წაუყრუოს შენს თხოვნას, ან შენი პრობლემის მოგვარებას.

ბიუროკრატების ასეთ ქცევას, ძირითადად, ორი არგუმენტით ამართლებენ ხოლმე. პირველი: ქართული კულტურის თავისებურებით და მეორე: ეკონომიკური მოსაზრებით. ეს ორი არგუმენტი, მართალია, ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მათი მოხმობა არსებითად ერთ მიზანს ემსახურება: უსამართლო, პატივისა და ღირსების ამყრელი მდგომარეობის შენარჩუნებას. კულტურული არგუმენტის მიხედვით, „ჩაწყობა“, ნათესაობა და ნეპოტიზმი ტრადიციული ქართული კულტურის ნაწილია. ამ არგუმენტის გამზიარებელ კაცს რომ ჰკითხო, ქართველი თუ ხარ, აუცილებლად უსამართლოდ უნდა ექცეოდე შენს თანამოძმეს, ე.ი. გამოდის, რომ ქართველს ბუნებრივად არ შეუძლია, ჰქონდეს სამართლიანობის გრძნობა. ეს არგუმენტი, პირადად ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, შეურაცხმყოფელია.

მეორე არგუმენტის მიხედვით, ბიუროკრატები (მათ შორის, პოლიციელებიც) ასე იმიტომ იქცევიან, რომ ისინი არასახარბიელო პირობებში მუშაობენ. ყველამ ვიცით, რომ, როგორც წესი, საჯარო სექტორში მოხელეების ანაზღაურება საქართველოში არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ზოგ შემთხვევაში პირდაპირ არაჰუმანურია, მაგრამ განა ეს გამოდგება იმის ლეგიტიმურ გამართლებად, რომ მოქალაქეებს უსამართლოდ მოექცე და მათი ღირსება შეურაცხყო? აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისინი, ვისაც ბიუროკრატების გარკვეული ნაწილი უღირსად ექცევა, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად პრივილეგირებული, გავლენის არმქონე მოქალაქეები არიან (საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ უმუშევარია!), ან ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება გავლენა და მატერიალური საშუალება აქვთ, მაგრამ კანონის დარღვევა და ახლობლურ-ნათესაური კავშირების გამოყენება არ სურთ. ამით ბიუროკრატები, რომლებიც თავს სახელმწიფოს მხრიდან ექსპლუატაციის მსხვერპლად მიიჩნევენ (სახელმწიფოსი, რომელიც ცოტას უხდის და ცუდ პირობებში ამუშავებს), პრობლემას კი არ აგვარებენ, არამედ, პირიქით, უფრო ამძიმებენ: მათთან ერთად იჩაგრება მათზე უფრო ნაკლებად პრივილეგირებული მოსახლეობაც, ან ის მოქალაქეები, ვისაც არ სურს, უკანონოდ მოიქცეს. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთი გზა არსებობს: ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნა, მათ შორის პროფკავშირების გზით (და ყველა პატიოსანი და არამაფიოზურ-კლანური პროფკავშირები, წესით, მომხრე უნდა იყოს იმისა, რომ შრომის ეთიკა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული). „მე მჩაგრავენ და, მოდი, მე ჩემზე უბედურებს დავჩაგრავ“ − ასეთია პატიოსნების გზას აცდენილი ადამიანის ლოგიკა.

დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ საქართველოზე უარესი მდგომარეობაა რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ საკითხავია, რა არის ჩვენი მიზანი: ამ ქვეყნებთან გატოლება თუ უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება? იმის ნაცვლად, რომ პრობლემის გამოსწორებაზე ფიქრს შევუდგეთ, ვიგონებთ ათასგვარ არგუმენტებს იმისთვის, რომ გავამართლოთ სტატუს კვო და ჩვენი უმოქმედობა. ზოგიერთ ჩვენგანს ყველაზე უკეთ გამოსდის არა მოქმედება, არამედ, თუ ქართულ პოლიტიკურ ჟარგონს გამოვიყენებთ, „გაპრავება“. ასე შორს ვერ წავალთ. ჩვენ ვართ ყველაზე ამბიციური და პროგრესული ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ეს სტატუსი, შევინარჩუნოთ სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG