Accessibility links

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე. საქმე წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობის სახელით მასთან მისულმა პირმა იგი ოჯახის წევრების მიმართ მუქარითა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებით დააშანტაჟა.

“რუსთავის 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში დაკითხვის დაწყებამდე თქვა, რომ გამოძიების წინაშე გაამხელდა იმ პიროვნების, უფრო კი უწყების, ვინაობას, რომელიც მას ტელეკომპანიისგან ჩამოცილებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრება. მანამდე კი, 21 ოქტომბერს, მან საგანგებო ტელეეთერის საშუალებით შემდეგი განაცხადა:

“ჩემთვის ცნობილი გახდა ამ საუბრიდან, რომ ხვალ სასამართლოზდ გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულების გადაწყვეტილება. და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც, ცხადია, ვთქვი, რომ ამას მე არ გავაკეთებ არასდროს. და ამის საპასუხოდ მითხრეს შემდეგი: ვციტირებ. არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემო ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, როგორც მინდოდა. არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული ჩემი კოლეგების თვალში და ქვეყნის თვალში“.

მოგვიანებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ მეგობარი, რომელმაც ნიკა გვარამიას ხელისუფლებისგან მესიჯი გადასცა, არის საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე ქმედითი იარაღი ზემოხსენებული საუბრის შინაარსის გასაჯაროებაა - ასე ჩათვალა ნიკა გვარამიამ, თუმცა მის წინააღმდეგ მუქარის შემცველი ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს მთავრობის წევრებმა და მმართველი გუნდის დეპუტატებმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ საქმე გვქონდეს ეგრეთ წოდებულ მორიგ დადგმულ პროვოკაციასთან. შესაბამისად, მან კატეგორიულად გამორიცხა მოქმედი ხელისუფლების პირობებში პირადი ცხოვრების ფარული თვალთვალი:

“გაისმა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგივე გრძელდება, რაც ხდებოდა სამი წლის წინათ: ჩაწერები, ფარული მიყურადება და ასე შემდეგ. მეგობრებო, ჩვენ ეს დავასრულეთ სამი წლის წინ. და მაშინ, როცა მე ვიყავი მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჩვენ შევქმენით კომისია, სადაც შევიყვანეთ ენჯეოების წარმომადგენლები, ყველანი. ომბუდსმენი იყო შესული ამ კომისიაში და ჩვენ საჯაროდ გავანადგურეთ ასობით და ათასობით მოპოვებული - უკანონოდ მოპოვებული - აუდიო და ვიდეოფაილები. და ეს ეპოქა ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. ეს აღარასოდეს აღარ დაბრუნდება საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, და ის, რაც ხდება დღეს, რა თქმა უნდა, არის გასარკვევი“.

გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ გამოიძია პროკურატურამ და არ მოძებნა ისინი, ვინც უკვეთავდა მას? რატომ არ გააკეთა პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება იმ ხელისუფლების პერიოდში და რას ნიშავს ეს, ვინმემ ამიხსნას?! რატომ არ გავაკეთეთ ეს?! ...

პრემიერ-მინისტრი პირადად ესაუბრა გენერალურ პროკურორს იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამიას დაშანტაჟების ფაქტი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. პროკურატურა, ამავდროულად, არკვევს, ვინ და როგორ გაავრცელა ეგრეთ წოდებული კასრების ვიდეოფირი, რომელიც 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე აიტვირთა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების ფაქტს ასახავს. თბილისსა და ზუგდიდში აღნიშნული კადრების საჯარო ჩვენებაც კი მოეწყო. ზუგდიდში ამ ჩვენებას ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. ერთ ფირს მოგვიანებით, 21 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი კიდევ ერთი ფირის გასაჯაროებაც მოჰყვა. ამ ეგრეთ წოდებული მუდმივი ნაღმების ფონზე, ნიკა გვარამიას დაშანტაჟების ფაქტის კომენტირებისას, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი, ფარული ჩანაწერების განადგურების სამთავრობო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში სვამს შეკითხვებს და ითხოვს პასუხს:

“გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ გამოიძია პროკურატურამ და არ მოძებნა ისინი, ვინც უკვეთავდა მას? რატომ არ გააკეთა პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება იმ ხელისუფლების პერიოდში და რას ნიშავს ეს, ვინმემ ამიხსნას?! რატომ არ გავაკეთეთ ეს?! ახლა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თუ ვაპირებთ ამის გაკეთებას, ეს სხვა რამეა. მე მგონი, ეს სწორი არ იქნება და ჩვენ გვჭირდება სერიოზული ნაბიჯი, რომ გარანტიები შეექმნას საზოგადოებას, რომ ასეთი უმსგავსობები არ მოხდება, დღეს რაც ხდება“.

უსწრაფესი გამოძიება უნდა მოხდეს ამ საკითხის. მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამას ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს პროკურატურა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ საპარლამენტო განხილვა ჩატარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით...

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟისა და უკანონო თვალთვალის განხორციელების ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ, თავის მხრივ, ცალკეული მედიასაშუალებები, სახალხო დამცველი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ განცხადებების თანახმად, სათანადო რეაგირების არარსებობის შემთხვევაში გაჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება გულგრილია მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ და სამართლის შერჩევითი გამოყენების მეშვეობით იგნორირებას უკეთებს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებას. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ამგვარ სიტუაციაში შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორგანიზატორი. ნიკა გვარამიას საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურის ეფექტურობას, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ნიკა გვარამიას დამცველი ამ საქმეში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მისი ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, გამოძიების საპარლამენტო ფორმატში გადატანასაც ითხოვს:

“უსწრაფესი გამოძიება უნდა მოხდეს ამ საკითხის. მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამას ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს პროკურატურა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ საპარლამენტო განხილვა ჩატარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამ, როდესაც მეორე ჟურნალისტი უკვე აკეთებს ამ განცხადებას. ჩვენ ვიცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, ვიცით, რომ ადამიანის პირადი ცხოვრებით მიმდინარეობდა მათი მართვა და ვაჭრობა ძალიან სერიოზულ საკითხებზე და სწორედ ამას უთხრა ქართველმა ხალხმა 2012 წელს უარი. დაუშვებელია, რომ ამ მეთოდებით გრძელდებოდეს ქვეყნის მართვა“.

მეორე ჟურნალისტი, რომელსაც ანა ნაცვლიშვილი ასახელებს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, რომლის განცხადებას მისი პირადი ცხოვრების თვალთვალის შესახებ, არასამთავრობო სექტორის თანახმად, მოთხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG