Accessibility links

დღეს მსურს წარმოგიდგინოთ იმ ადამიანის წიგნი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს თანამედროვე ქართული ლიტერატურის წინაშე - ესაა მიხეილ გოგუაძე. მან ცხოვრების დიდი ნაწილი მაშინდელ პიონერთა (და ახლანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის) სასახლეში გაატარა შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის პედაგოგად და ბევრი კარგი ლიტერატორი აღზარდა, აღზარდა გაცილებით მეტი კარგი მკითხველი და კარგი მოქალაქე, მიაჩვია ისინი სწორ აზროვნებას, მისცა მათ სწორი ორიენტაცია ცხოვრებაში. ეს წიგნიც, სახელწოდებით „იკაროსი“, რომელიც შარშან გამომცემლობა „საუნჯემ“ დასტამბა, მისი მოსწავლეების მომზადებულია: გამოცემის იდეის ავტორი დათო ბარბაქაძეა, შემდგენელი - ლექსო დორეული, რედაქტორი კი - დიანა ანფიმიადი. წიგნი ოთხნაწილიანია: პირველში შესულია ავტორის ლექსები და პოემები, მეორეში - პროზა და მარგინალიები, მესამეში - ინტერვიუები, მეოთხეში კი მისი მოსწავლეები და ის ადამიანები, რომლებზეც მიხეილ გოგუაძემ თავისი კეთილი გავლენა მოახდინა, ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან თავიანთი ურთიერთობის ისტორიებს და დეტალებს იხსენებენ. წესით, აქ მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ვერ დავწერე დროულად მის შესახებ და ახლა ამ სიუჟეტით შევეცდები ეს დანაკლისი ავანაზღაურო.

მოსწავლეობის პერიოდში მე მასთან არ მივლია. მიხეილ გოგუაძე მოგვიანებით გავიცანი, 80-იანი წლების ბოლოს, როცა ლექსის წერის პირველი მცდელობები გამიჩნდა, რამაც პირველი ურთიერთობები დაბადა ჩემს იმ თანატოლებთან, რომლებიც იმავე საქმით იყვნენ დაკავებულები. მათ მალევე ჩამრთეს თავიანთ რიტუალში - ეს რიტუალი იყო სასახლეში მიშა თუ მიხო (სხვადასხვანაირად ეძახდნენ) მასწავლებელთან აკითხვა და მერე ერთად ჯდომა და საათობით საუბარი ლიტერატურულ, ლიტერატურასთან მომიჯნავე თუ არალიტერატურულ თემებზე. ჩემთვის, მათემატიკური სივრციდან მოულოდნელად ლიტერატურულ სივრცეში გადმობარგებული ადამიანისათვის, რომელსაც პოეზიისა ჯერ თითქმის არაფერი გაეგებოდა, ეს საუბრები ძალიან ბევრ რამეზე თვალის ახელა იყო. ის უშუალო ურთიერთობა კი, რომელიც მას ჰქონდა თავის მოსწავლეებთან, ხელად გადმოვიდა ჩემზეც და მშვენივრად მახსოვს, ცოტა ხნის შემდეგ, თავს დავადებდი და ხშირად მარტოც კი ავდიოდი მასთან...

მე დღეს დიდი არჩევანი მქონდა: ნებისმიერი მისი მოსწავლე დიდი სიხარულით მოვიდოდა და ისაუბრებდა მასზე, როგორც პედაგოგსა და პოეტზე. ბოლოს მაინც მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოსწავლეს ვთხოვე, დათო ბარბაქაძეს, მას, ვისაც ამ წიგნის გამოცემის იდეა გაუჩნდა.

დათო ბარბაქაძე

დათო ბარბაქაძე

დათო ბარბაქაძე: "მიხეილ გოგუაძე რომ გავიცანი, მე ვიყავი მაშინ მეშვიდე კლასში, ანუ ვყალიბდებოდი. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლებში გამიმართლა. აი, მიხეილ გოგუაძე იყო ის პირველი, რომელშიც მართლა გამიმართლა და ამ ადამიანისთვის დღემდე არ მიღალატია: მისი ცხოვრების წესი, ფილოსოფია, პედაგოგიკა ჩემთვის დღემდე არის ძვირფასი. ეს კერპი ჩემთვის არ დამსხვრეულა. რაც დრო გადის, მისი მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში უფრო და უფრო იზრდება. და საერთოდაც, თუ მე რამე გამიკეთებია, ყველაფრის უკან დგას მიხეილ გოგუაძე და მისი პედაგოგიკა. რაც ამ ადამიანმა ჩემში ჩადო, დღემდე გრძელდება ეს მუშაობა. ერთი პატარა ნიუანსია: მე მახსოვს მიხეილ გოგუაძე როგორ დადიოდა 30-35 წლის წინ - მისი ნაბიჯები, მისი რიტმი. ეს რიტმი არც აჩქარებულა და არც შენელებულა. დღესაც კი, ადამიანი არის 80-ს გადაცილებული, სწორედ ასე დადის, ეს სიმშვიდე აქვს მას და აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ჰქონდეს ხელოვანს და პედაგოგს: არასდროს მე ამ ადამიანში არ შემიმჩნევია არანაირი სიხარბე. არაფერი არ ნდომებია იმაზე მეტი, რასაც მას ბუნება და ცხოვრება მისცემდა. აი, სწორედ ამით მიაღწია მან ყველაზე მნიშვნელოვანს. ვისაც ჰქონია ბედნიერება, რომ ეს ადამიანი გაეცნო, დღემდე, დარწმუნებული ვარ, სწავლობს მისგან ძალიან ბევრ რამეს.

სამწუხარო ის არის, რომ იყო დრო, როცა „პიონერთა სასახლიდან“ მას აი, სულ რამდენიმე წლის წინ, უბრალოდ, „მგლის ბილეთით“ უშვებდნენ. იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ, ერთი სიგელი მაინც მიეცათ, ადამიანს ამხელა დამსახურება აქვს, - სასახლეში ვერ მონახავთ ადამიანს, რომელმაც არ იცოდეს მიხეილ გოგუაძის ფასი, - რაღაცა გამოცდები მოაწყვეს და თუ ეს ყველაფერი ეცოდინებოდა, მაშინ დატოვებდნენ, თუ ვერ ჩააბარებდა ამ გამოცდებს, მაშინ გაუშვებდნენ სასახლიდან".

მიხეილ გოგუაძემ თავისი ცხოვრების განმავლობაში სულ რამდენიმე ლექსი, რამდენიმე მცირე მოცულობის პოემა და რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მოკლე ტექსტი დაწერა. პირველი ჩემი ახსნა ყოველივე ამისა ისაა, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ არ უნდა ეწერა, ამის ცოდნა კი, რა თქმა უნდა, არაფრისმომცემ „პროდუქტიულობას“ მწერალში კლავს. ის მაქსიმალიზმი კი, რა მაქსიმალიზმითაც იგი საკუთარ შემოქმედებას უდგება, ტექსტებს ბოლომდე წურავს, ყოველგვარი ზედმეტობისაგან ათავისუფლებს, კონცენტრატამდე მიჰყავს ნაწერი. ამის საუკეთესო ნიმუშებია მისი პოემები. ჩვენ ვიცით, როგორ წერდა ელიოტი თავის პოემებს, როგორ ამუშავებდა, როგორ აჭრიდა მათ ზედმეტ ნაწილებს, როგორ დაჰყავდა ისინი რამდენიმე გვერდამდე. მუშაობის ამ მეთოდით, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ გოგუაძე ქართველი ელიოტია, მის მომცრო პოემებში ლაკონიურობის და სიზუსტის ისეთივე ხარისხია, როგორიც ინგლისელ კლასიკოსში.

დათო ბარბაქაძე: "ჯერ კიდევ 70-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო ინფორმაციამ შემოდინება უცხოეთიდან, ამის კულტურული ფილტრაცია იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ პრაქტიკულად არავითარი საფუძველი არ არსებობდა აქ იმისი, რომ ადამიანს ჰქონოდა ფხიზელი ხედვა და ორიენტაციის კულტურა. აი, ეს კულტურა მოიტანა მიხეილ გოგუაძემ საერთოდ ქართულ პოეზიაში. ის რომ ცოტას წერს, ამას აქვს თავისი მიზეზები და ახლა ამას არ ჩავუღრმავდები. პედაგოგიურმა მოღვაწეობამ მას ძალიან დიდი დრო წაართვა, ეს მისთვის ძვირფასი საქმე იყო და მასაც როგორც პოეზიას, ისე აღვიქვამ, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად რასაც აკეთებდა, ყველაფერს განაგრძობენ მისი მოსწავლეები. სამწუხარო ის არის, რომ იმ პერიოდში მოტივაცია, რომ ადამიანს მართლა გაეშალა ფრთები, ძალიან ცოტა იყო. მით უმეტეს, რომ მიხეილ გოგუაძე მართლა ნოვატორია - პირველ რიგში, თავისი მეთოდით - და ის არის ორიენტირებული სწორედ სააზროვნო ლიტერატურაზე, ინტელექტუალურ ლიტერატურაზე, მაგრამ ერთი შენიშვნით, რომ ეს არ გულისხმობს „ლიტერატურშჩინას“, სხვების დაწერილის გადამუშავებით თამაშს და ა.შ. ის არის მკაცრად კლასიკური სტილის შემოქმედი, როცა ავტორი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესი არის შენი ხმა".

ეს იყო ავტორიტეტების წინააღმდეგ მიმართული ჯანყი, რასაც ბატონი მიხეილი ძალიან პროგრამულად და ეტაპობრივად აკეთებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ნამდვილი ავტორიტეტების ძიებას გვასწავლიდა - იმ საყრდენების მოძიებას, რომელმაც ზუსტად უნდა შეგვაცნობინოს, რა არის მნიშვნელოვანი და რა არის უმნიშვნელო: ინტელექტუალური გემოვნების პრობლემა - აი, ამას აყალიბებდა ის თავის მოსწავლეებში ათწლეულების განმავლობაში...

ისევ ელიოტი უნდა ვახსენო, იმიტომ რომ მიხეილ გოგუაძის ხედვა პოეზიისა ელიოტის ხედვის იდენტურია. ელიოტი იმპერსონალური პოეზიისაკენ ისწრაფვოდა. მიხეილ გოგუაძის პოემებიც იმპერსონალურია. მათში „ლირიკულ მეს“ ვერ იპოვით. მის პოემებში ერთმანეთის პირისპირ დგანან ადამიანი და კოსმოსი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ფიზიკა და მეტაფიზიკა... ის წერს მეტაფორებით, ის, ფაქტობრივად, ციტატებით წერს: თუ ფრაზას არა აქვს ციტატად ქცევის კინეტიკური ენერგია, იგი ტექსტში ვერ ხვდება.

ეს პოემები სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში დაიბეჭდა ძირითადად 70-იან წლებში, ხოლო წიგნად პირველად 1989 წელს გამოიცა. ოღონდ ეს არ ყოფილა მხოლოდ მისი პოეტური კრებული. წიგნში, სახელწოდებით „ჰორიზონტს მიღმა“, მისი პოემების გარდა ვაჟა რამაზაშვილის მინიატურები და დათო ბარბაქაძის ლექსებიც შევიდა. ანუ ოსტატმა თავისი პირველი წიგნი თავის შეგირდებთან ერთად გამოსცა.

დათო ბარბაქაძე: "ჩემს ცხოვრებაში ეს იყო პირველი გამოცდილება, როცა მასწავლებელი გასწავლის, რას ნიშნავს შენს გვერდით დგომა. ეს არის ტიპიური ევროპული გამოცდილება, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთად დგანან. იქ მასწავლებლის ყველაზე დიდი ამოცანაა სწორედ, რომ მოსწავლეს შეხედოს როგორც მეგობარს, როგორც თანატოლს და არა როგორც უმწიფარ ბავშვს, მაგრამ, მეორე მხრივ, დასავლური კულტურა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ დროს შეიცნობა მოსწავლე - აქვს თუ არა მას ამის უნარი, რომ დააფასოს, თავხედურ ფამილარობაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი. როგორ არ ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემს მასწავლებელთან ერთად ვცემ წიგნს.

ეს იყო ავტორიტეტების წინააღმდეგ მიმართული ჯანყი, რასაც ბატონი მიხეილი ძალიან პროგრამულად და ეტაპობრივად აკეთებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ნამდვილი ავტორიტეტების ძიებას გვასწავლიდა - იმ საყრდენების მოძიებას, რომელმაც ზუსტად უნდა შეგვაცნობინოს, რა არის მნიშვნელოვანი და რა არის უმნიშვნელო: ინტელექტუალური გემოვნების პრობლემა - აი, ამას აყალიბებდა ის თავის მოსწავლეებში ათწლეულების განმავლობაში".

ამ ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში გამოზრდილმა მისმა მოსწავლეებმა თავიანთ არაჩვეულებრივ პედაგოგს სიყვარულით წიგნი გამოუცეს, რათა ქართული ლიტერატურის მარგინალიაზე მდგომი ადამიანის დანახვის ახალი შესაძლებლობა მიეცათ მკითხველისთვის. ჯერი ახლა უკვე მკითხველზეა!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG