Accessibility links

1. ოფიციალური ვერსია ასეთია: დანაშაულს ჩადიოდა რამდენიმე კაცი (პრეზიდენტის თქმით, ”კიბოს ცალკეული უჯრედები”), რომლებიც ამაში ფულს იღებდნენ. დამკვეთები კი ისინი იყვნენ, ვინც არჩევნების მოსაგებად ყველაფერს იკადრებს.

ამას არავინ ჭამს. რა ”ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი?” რის ”სისტემური პრობლემა?”

არანაირი სისტემური პრობლემა არ ყოფილა. სისტემას პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვიდეოები გამოაქვეყნეს. მანამდე გამართულად მუშაობდა. ზუსტად ისე, როგორც შემქმნელებს უნდოდათ.

თუ ვინმე ამაზე დავობს, მაშინ ის ან გონებაჩლუნგია და ან, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ნაძირალა.

არაოფიციალური ვერსია ასეთია: პატიმრების წამება ციხეში ბაჩო ახალაიას დროს დაიწყო, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის საბაბით (იმიტომ, რომ ქურდების გაუპატიურება ”შეიძლება”.) შემდეგ ამან მალევე მიიღო სისტემური ხასიათი, იმიტომ, რომ კაცს რომ ხელში „დუბინკას“ დააჭერინებ და ეტყვი - აი, იმას გაურჭეო, მერე აღარც შენ ხარ ადამიანი და აღარც ის. რა გააჩერებს მერე იმას? მით უმეტეს, როცა არც არაფერი აჩერებს. პირიქით - მერე აღმოჩნდა, რომ წამება ეფექტიანი იარაღია. კაცი რომ გიძალიანდება და გეუბნება, ჩამსვი ციხეში, არ მოგცემ ფულსო, მაშინვე უფრო დამყოლი ხდება, როდესაც ვიდეოს აჩვენებენ და ეუბნებიან - აი, ეხლა ეს დაგემართებაო.

ბაჩო ახალაიას მერე ეს პრაქტიკა ჯერ დიმა შაშკინის დროს გაგრძელდა, მერე კი იმ ქალის. ეს არ ყოფილა ”კიბოს ცალკეული უჯრედები”. ეს იყო გაქანებული მეტასტაზები.

საქართველო წლების განმავლობაში ძუძუს აჭმევდა და სასათბურე პირობებს უქმნიდა ქვეწარმავლებს და ტარაკნებს, რომლებიც ციხეში ყოველდღე აწამებდნენ ჯერ ქურდებს, მერე კი ბავშვებს და ფსიქიურად დაავადებულებს.

2. მოხსნეს მინისტრები? არა! ახალაია ”შეძრწუნებული” გადადგა და თქვა, შემაწუხა ამ სინდისმა, ვერ აღვკვეთე ის, რაც ჩემს მერე მოხდებოდაო. წავალო.

მანამდე კი ის ქალი გადადგა - მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერიო. იცი რა? აი, ძალიან, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ვისი ორგანიზებულიც იყო, ის კი არ უნდა გადადგეს ”შეძრწუნებული” და ”შეწუხებული”, არამედ პასუხი უნდა აგოს.

ის, რომ ”ამიერიდან ტუღუში და ზღულაძე დაამყარებენ წესრიგს”, არ ნიშნავს იმას, მანამდე წლების განმავლობაში მიმდინარე უსასტიკესი დანაშაულების გამო მხოლოდ პატარა ტარაკნები უნდა გაიჭყლიტონ.

და იმ სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ზოგადად დანაშაულის, და მით უმეტეს ასეთი ამაზრზენობის და კიდევ უფრო მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილი და ანგარიშებში მითითებული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა ევალებოდათ? ეგ სისტემა კარგად მუშაობს? რეაგირება მოახდინეს? თავის ადგილზე უნდა იყვნენ?

3. რამდენჯერმე წავიკითხე - ”აქამდე რატომ არ იღებდით ხმას, ეხლა აღშფოთდით, ხო? რა, არ იცოდით აქამდე?” იცი რა? ციხეში რომ ხალხს აწამებდნენ ყველას სმენოდა, მაგრამ ”სმენოდა” ერთია და ის მეორეა, სახეზე რომ გაუპატიურებულ ბავშვს აგაფარებენ. ხო, ადამიანის ბუნებაა ეგეთი, სანამ არ ნახავ, ვერ ხვდები ბოლომდე რაზეა ლაპარაკი. აქამდე რომ არ იღებდა ხალხი ხმას, ცუდია, მაგრამ რა, ეხლაც არ ამოიღოს?

4. და კიდე ”რაც ვნახეთ საშინელებაა, მაგრამ...” რა მაგრამ? არავითარი მაგრამ. ”მაგრამ, თუ პატიმრების ბედი ადარდებდათ, თვეების განმავლობაში რატომ არ გამოაქვეყნეს?” შეიძლება არ ადარდებდათ. მაგრამ, ვინც ამას ამბობს, არც მათი უმეტესობა დარდობს პატიმრებზე და უფრო მეტს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მოწმინდოს დამნაშავეებს პირიდან სისხლი.

5. აუ, და კიდე საუბრები იმაზე, რომ ”აჰ, ნეტავ ამან კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნება არ გამოიწვიოს”. მაგის ნიშნები ჩანს სადმე? იმ აქციაზე მყოფი ახალგაზრდა ”მეტალიკის” მაისურს გაიხდის და განაბობას დაიწყებს? და, საერთოდ, წამება სპობს ქურდებს? კრიმინალს სწორედ ისეთი ჰუმანური სასჯელაღსრულების დაწესებულებები კლავს, საჩვენებლად რომ ჰქონდათ ამათ აფარებული. ნორვეგიის გაპრიალებულ ციხეებს, ბათუმის ოჯახური სასტუმროების დიდ ნაწილს რომ ბევრად ჯობია, რეციდივიზმის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ქურდები კი სტალინის საპყრობილეებში გაჩნდნენ.

კიდევ იცი რა? რამდენიმე წლის წინ ბინა გამიქურდეს. არც დავფიქრებულვარ, ისე დავრეკე პოლიციაში. რომ ეპოვნათ და ციხეში ჩაესვათ, კმაყოფილი ვიქნებოდი. ახლა? არც დავრეკავდი და თავისით რომ მოეყვანათ და სახეზე მცოდნოდა ვინაა, ვეტყოდი - არაა ეგ, შეგეშალათ-მეთქი. შხამადაც შეერგოს ჩემი წვალებით ნაყიდი კომპიუტერი და მაშინდელი ჩემი საყვარელი მინიდისკ პლეიერი. მაგისთვის, რაც იმ ჯოჯოხეთში ხდება, მე ადამიანს ვერ გავწირავ. გამოდის რომ მენტალიტეტი ქურდული გამიხდა, არა?

6. აჰ, და კიდევ ”ვიღაცეები ამ ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით იყენებენ”. ბებიათქვენისამ! აბა, რას იზამენ?!

7. და ბოლოს. ტყუის ყველა, ვინც ამბობს, რომ რამე ძალიან გაუკვირდა. ციხეში რომ საშინელებები ხდებოდა, ამის შესახებ გაეგო მთელ საქართველოს. კი, ერთია ”გაეგო” და ”სმენია” და მეორეა, ვიდეოებს რომ ნახავ. კი, ბევრი ვერც წარმოიდგენდა არაადამიანობის იმ დონეს, რაც კადრებშია ნაჩვენები, მაგრამ გაოცებას მხოლოდ სისასტიკის და სადიზმის დონე იწვევს და არა ის, რომ თურმე ეს ხდებოდა.

8. სააკაშვილმა თქვა: ”მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამას აფინანსებდა: ხომ არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებში გაიცვალოს და ყველაფერი ხომ არ შეიძლება პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს".

მიმართვა თუ უნდა, ჩვენ რას გვეუბნება? მიმართოს! ”იმ ადამიანების” სანახავად წასვლა შორს არ მოუწევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG