Accessibility links

logo-print

ნიკო ნიკოლაძის სამი საუნჯე: ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა


საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზმა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის იუბილესადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან წარმოდგენილი იქნა უნიკალური ფოტოები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული და ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. გამოფენილი ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ და მოიცავს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდს.

ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, გაზეთების გამომცემლის, ნიჭიერი პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება გაჯერებეული იყო მისი დროის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობითა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ფოტოკოლექცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, 2500-მდე მინისა და ფირის ნინო ძანძავა

ნინო ძანძავა

ნეგატივისგან შედგება. გამოფენის ორგანიზატორის, საქართველოს ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილის ნინო ძანძავას თქმით, ამჯერად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა 37 ისეთი ფოტო, რომელიც მაქსიმალურად აღწერს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს. უაღრესად საინტერესოა ე.წ. ოჯახური ფოტოების ციკლი.

„თვითონ ნიკო ნიკოლაძე იღებდა ფოტოებს. ჰქონდა კოდაკის ფოტოაპარატი. ფოტოკამერა ასევე ჰქონდათ ოჯახის სხვა წევრებსაც. აქ წარმოდგენილი ფოტოების ნაწილი მიეკუთვნება ე.წ. ოჯახური ფოტოების რიგს, რომლებშიც ძალიან უშუალოდაა გადმოცემული მათი ცხოვრება და ყოფა. ამ კოლექციის ფოტოები მკვეთრად განსხვავდება მოგვიანებით - საბჭოთა პერიოდში - გადაღებული ოფიციალური ფოტოებისაგან. აქ არის უშუალობა, რომელიც ახასიათებს ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთისათვის გადაღებულ ფოტოებს“, - უთხრა ნინო ძანძავამ რადიო თავისუფლებას.

ნინო ძანძავას თქმით, ნიკოლაძეების ოჯახში, ნიკოს გარდა, ფოტოებს ასევე იღებდნენ მეუღლე ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა, შვილი გიორგი ნიკოლაძე და მძახალი ვახტანგ ღამბაშიძე - საზოგადო მოღვაწე და პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შევიდა 1958 წელს ალპინისტთა კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. გარდა ამისა, 2012 წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე. ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი წყალს ასმევენ ესპანურ თეთრ სახედარს

ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი წყალს ასმევენ ესპანურ თეთრ სახედარს

ერთ-ერთ ექსპონირებულ ფოტოზე, რომელიც 1909 წელს დიდი ჯიხაიშის მამულშია გადაღებული, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი წყალს ასმევენ ესპანურ თეთრ სახედარს. აკაკის ჰყვარებია დიდ ჯიხაიშში სტუმრობა, სადაც პოეტი აღტაცებაში მოჰყავდა ნიკო ნიკოლაძის მიერ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ სხვადასხვა ცხოველებს. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება:

„ნიკო ნიკოლაძეს ჩვენ ვიცნობთ როგორც ტყიბულის, ჭიათურის სამთომრეწველობის, ფოთის პორტის ფუძემდებელს... ამიტომაც აქ არის ფოთის მშენებლობის ამსახველი უნიკალური დოკუმენტები. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ნიკო ნიკოლაძე ფოთის თავკაცი გახლდათ და იმ პერიოდში იღებდა ფოთის განვითარების ამსახველ ფოტოებს“.

ფოთის, როგორც საპორტო ქალაქისა და მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრის, შექმნა მართლაც დიდწილად არის დაკავშირებული ნიკო ნიკოლაძის სახელთან. ჯერ კიდევ შორეულ 1871 წელს ფოთის მომავალი თავკაცი წერდა, „სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლა-დატვირთვა, მანამდი ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილიო“. ნიკო
ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ახალი, ინოვაციური ჩამოჰქონდა საქართველოში. იყო პიონერი ძალიან ბევრ საქმეში. ის იყო იმდროინდელი მსოფლიოს თანამედროვე ადამიანი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ნიკო ნიკოლაძის მსგავსი როლი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ შესრულებული...
ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა და მისი ორგანიზაცია. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ნიკო ნიკოლაძე იყო პროგრესის უპირველესი გამტარი ევროპიდან საქართველოში:

„თუ ვლაპარაკობთ ევროპულ ორიენტაციაზე, ნიკო ნიკოლაძე არის, მართლაც, სიმბოლური ფიგურა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ახალი, ინოვაციური ჩამოჰქონდა საქართველოში. იყო პიონერი ძალიან ბევრ საქმეში. ის იყო იმდროინდელი მსოფლიოს თანამედროვე ადამიანი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ნიკო ნიკოლაძის მსგავსი როლი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ შესრულებული. ძალიან საინტერესოა, რომ გავეცანით ამჯერად ნიკო ნიკოლაძეს, როგორც ფოტოგრაფს, რადგანაც ის ამაშიაც ერთ-ერთი პიონერთაგანი იყო საქართველოში“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც სტამბოლში, სავარაუდოდ, 1918 წელსაა გადაღებული, აღბეჭდილია ოსმალეთის ბოლო სულთანი მეჰმედ მეექვსე. დაახლოებით ამავე პერიოდისაა ასევე თურქეთში გადაღებული საქართველოს ისტორიისათვის უნიკალური ფოტო:
„ეროვნულ არქივთან ერთად დავადგინეთ, თუ რა არის გამოსახული ამ ფოტოზე. შევადარეთ სხვა ფოტოებს. ეს არის სოლომონ მეორის საფლავი ტრაბზონში, რომელიც აღარ არსებობს. აღარც ეს ბერძნული ეკლესია არსებობს, რომლის ეზოშიაც იყო დაკრძალული სოლომონ მეორე. ამ ადგილზე მოგვიანებით გზამ გაიარა და საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ეს ადგილი დაიკარგა“, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.
სოლომონ მეორის საფლავი ტრაბზონში

სოლომონ მეორის საფლავი ტრაბზონში


თუმცა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ეროვნულ არქივში გამოფენილ ამ ფოტოებს, დოკუმენტურობის გარდა, მხატვრული ღირებულებაც აქვს. ასე ფიქრობს ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი:

„ეს ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე. ესთეტურობა კიდევ უფრო აღრმავებს ფოტოს დოკუმენტურ მნიშვნელობას. ამ ფოტოებზე შენარჩუნებულია ის დრო, რომელშიაც ჩვენ ახლა ასეთი ინტერესით ვიცქირებით და გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებდა ამ ადამიანებს, როგორი იდეები ჰქონდათ. აი, ეს ფოთის თეატრის მშენებლობა ძალიან საინტერესო ფოტოა... ეს ადამიანები, ვუყურებ და მინდა ამოვიცნო, რას ფიქრობდნენ ისინი“.

იმის გაგება, თუ რაზე ფიქრობდა ნიკო ნიკოლაძე, მისი მდიდარი პუბლიცისტური მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ძნელი არ არის. ნიკო ნიკოლაძის ნააზრევითაა გაჯერებული აკაკი ბაქრაძის ვრცელი მონოგრაფია, რომლშიც ცნობილი ქართველი ლიტერატორი დიდ მამულიშვილზე წერს: „მისი ეროვნული პოლიტიკის არსი რომ მკაფიოდ დავინახოთ, უნდა განვიხილოთ ნიკო ნიკოლაძის სამი პრინციპი, რომელთაც იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა. ცნებაში „თვითმოქმედება“ ნიკო ნიკოლაძე იმას არ გულისხმობდა, რასაც დღეს ჩვენ. თვითმოქმედება მისთვის ნიშნავდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას“. ნიკო ნიკოლაძე
ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია...
დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების გარეშე ბედნიერი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონოდა:

„ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია“.

ნიკო ნიკოლაძე, იშვიათი ერუდიციის, ორგანიზატორული ნიჭისა და ნაყოფიერების გარდა, ასევე გამოირჩეოდა იღბლითაც. ის, ფაქტობრივად, ერთადერთია თერგდალეულთა თაობიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწრო და, ამასთან, ლომის წილი შეიტანა თურქეთის მთავრობასთან მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. გასაბჭოებისას ნიკო ნიკოლაძე ინგლისში იმყოფებოდა ჭიათურის შავი ქვის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნას მან სამშობლოში ცხოვრება არჩია. ის დაბრუნებიდან ოთხი წლის თავზე, 1928 წელს, 85 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ცხედარი დარკძალეს მთაწმინდის პანთეონში, ტვინი კი შეინახეს სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავის ტვინის მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისა და უკვდავების მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, მისი ღვაწლია. აკი ერთხელ თვითონაც შეუნიშნავს, „საფლავშიაც რომ ვიდო, ჩემი ღვაწლი და ნაწერი იქიდანაც ამოსძახებდა ყველას, ვისაც კი სმენა არ დახშვიაო“.
XS
SM
MD
LG