Accessibility links

შენა და, როგორ ხარ? თავს კარგად გრძნობ და რამე? ყველაფერი წესრიგშია? ღამით უმი პომიდორი ხომ არ გიჭამია? არა?

ანუ, ნორმალურად ხარ?

იმიტომ ვკითხულობ, რომ გარედან ეგრე არ ჩანს. გარედან ისე ჩანს, თითქოს სულ გამოსულელდი. თითქოს ტვინი ფოტოშოპში გახსენი და გააშავთეთრე. თითქოს საკუთარ კრიტიკულ აზროვნებას დაქირავებული მკვლელები მიუგზავნე, რომლებიც მას სადარბაზოში დახვდნენ. ერთი საათით ადრე მივიდნენ, ნათურა მოხრახნეს და მოთმინებით ელოდებოდნენ ბნელ კუთხეში, ვიდრე მან კარის გაღება არ სცადა. ამ დროს რამდენიმე ტყვია დაახალეს ზურგში და წაქცეულს ერთი საკონტროლო გასროლაც მიაყოლეს. არც კი დაგისაფლავებია. იქვე, გონების კუნჭულში აგდია და ყროლდება. შენ კიდე ზიხარ ფეისბუკზე და თავი უფასო პიარმუშაკად გადაიქციე. აპრავებ იმას, რის გაპრავებაც შენი საქმე არა რის. სულ ძალით იჯერებ ტყუილს და მერე ავრცელებ. ნამდვილი ცხვარივით იქცევი.

ბეეეეეე! ბეეეეეეეეე!

იმ ტიპებზე არ ვლაპარაკობ, დედამ და მამამ რომ ცუდად გაზარდეს და ეხლა რომ სხედან იუტუბზე და უშვერი სიტყვებით იგინებიან. ერთნი, რომ აი, „ეხლა მოვალთ ხელისუფლებაში და ნახეთ, რა დღე დაგადგებათ“, ან „ეგ წითელი მაისური რატომ გაცვია, ოქტომბრის მერე საქართველოში ცხოვრება არ გინდა?“; მეორენი კიდე პირიქით - „რუსეთის ფულგაყიდულებს კბილები უნდა ჩაალეწო“ ან „საქართველოს მოღალატეებს ქვები კი არა, ტყვიები უნდა ესროლო.“

არც პარტიულ აქტივისტებზე ვლაპარაკობთ, თავის სამსახურად რომ გაიხადეს ეროვნული დაპირისპირების და შუღლის გაღვივება. ტყუილებს რომ იფიქრებენ და მერე რომ ავრცელებენ.

მაგათზე არაა. შენზეა. მამენტ, ნორმალურ ტიპზე, წესით რომ ჭკუა მოგეკითხება. წიგნები რომ გაქვს წაკითხული და ევროპული ფილმები ნანახი. ვისაც ქვეყნის ბედი გაღელვებს და ამ ღელვაში არც ფულს იღებს და არც ჩინ-მენდლებს. ვისაც ცოტა გული გერევა, შენი არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს დეგენერატები „უფლისგან მოვლენილად“ რომ იხსენიებენ დეგენერატული პუბლიკაციების დეგენერატულ კომენტარებში. ოღონდ, ამ გულისრევას რომ არ იმჩნევ. იმიტომ, რომ ეგრეა საჭირო!

მოკლედ, გადაწყვიტე, რომ იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირო მხარი, ვისაც უჭერ. ძალიანაც კარგი! ნეტა შენნაირი ხალხი ყველგან ბევრი იყოს. იმიტომ, რომ, იმისდა მიუხედავად, ცხრამეტის ხარ თუ ორმოცდაცხრის, სახლიდან გამოდიხარ თუ მთელი დღე ფეისბუკზე ზიხარ, გავლენის მოხდენა შეგიძლია.

შეგიძლია, რომ გავლენიანი იყო. იმიტომ, რომ წერა-კითხვა იცი (საქართველოში ესეც საქმეა). იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი ან ფრენდი გყავს. იმიტომ, რომ აზროვნება შეგიძლია. იმიტომ, რომ თავისიანის კრიტიკას პოლიტიკოსები ითვალისწინებენ. არავის არ უნდა თავისი მხარდამჭერების განაწყენება.

მოკლედ, შენ შეგიძლია, იყო მნიშვნელოვანი. ტიპი, რომელიც რაღაცეებს სასიკეთოდ ცვლის.

შენ კი აირჩიე, გამხდარიყავი ცხვარი. აირჩიე, თვალი დაგეხუჭა ისეთ რამეებზე, რაზეც ჯობია, რომ თვალი არ დახუჭო. დაგეჯერებინა ისეთი რამეები, რისიც რეალურად არ გჯერა. აირჩიე, გამხდარიყავი უმნიშვნელო.

შენს აზრს აღარა აქვს მნიშვნელობა. შენიანებმა იციან, რომ რაც არ უნდა ქნან, მაინც გაამართლებ.

კუნთებიანმა ტიპებმა სოფელში ბებია ცემეს?

„ჰეჰ, არ უცემიათ!“

ტიპს არაფერი უთქვამს გასაგებად, რას აპირებს არჩევნების შემდეგ?

„ეხლა მაგის დრო არაა, კუნთმაგარმა ტიპებმა სოფელში ბებიას ურტყეს!“

ეს ტიპები რატომ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები? გინდა, რომ ხელისუფლებაში მოხვდნენ?

„არა, მაგრამ ხომ ხედავ, კუნთმაგარი ტიპები სოფელში ბებიას ურტყამენ!“

ზიხარ და თუთიყუშივით იმეორებ პოლიტიკოსის ნათქვამს, რომელიც მარტო შენ კი არა, თვითონაც იცის, რომ სისულელეა. ალისტრახოებზე თქვა გიგა ბოკერიამ, ეგენი მეტოქე კორესპონდენტები არიან, რომლებიც ოპოზიციური არხების აგრესიულ მეთოდებს აკოპირებენო. და მოინახა ხალხი, რომელმაც ეს სისულელე გაიმეორა. და თქვა - ასეაო! არადა, გგონია თავად ბოკერიას მაინც სჯერა იმისა, რაც თქვა? იმედია, არა.

თუ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ, შეგიძლია თქვა: „აუ, თქვენკენ ვარ ძმებო, მაგრამ ეს ალისტრახოები რა უბედურებაა. მოაშორეთ, რა!“ და, იცი რა, თუ ბევრი თავისიანი ეტყვის, მოაშორებენ! მაგრამ არა, შენც იმეორებ, მეტოქე კორესპონდენტები ყოფილანო. ვისაც მაგისი გჯერათ, მომწერეთ. ნიგერიის პრინცი ვარ და 200 მილიონი დოლარი მაქვს გადმოსარიცხი. თქვენი დახმარება დამჭირდება.

ასევე წერა-კითხვის მცოდნე ხალხი კიდევ არ იმჩნევს, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოვალ, პირველ რიგში ხიდს დავანგრევო და კანდიდატად აყენებს ტიპს, რომელიც „რედისონში“ არ შედიოდა იმიტომ, რომ „ბლუაო“. მოდი რა, ამოიღე ხმა! მაგრამ არა! არ შევიმჩნიოთ!

„ასეა საჭირო, ეხლაა გადამწყვეტი ბრძოლა!“

ეს ოხერი, საქართველოში სულ გადამწყვეტი ბრძოლაა...

არა, გაპრავებას ვინღა ჩივის. ეხლა თავის გამართლების ნაცვლად ყველა გადასულია მოწინააღმდეგე მხარის სიცუდის გამოჩხრეკაზე. თავის კარგზე აღარავინ ლაპარაკობს. ყველა წინადადება იწყება სიტყვებით: „აბა, ის გინდათ?..“ და გრძელდება მოწინააღმდეგე მხარის სისულელით. ეგეთები კი იცოცხლე, ორივეს ბევრი აქვს!

ჰოდა, აივსო ეთერი და ვირტუალური სამყარო სულელური გამონათქვამებით, რომლებსაც ჭკვიანი და ზომიერად ჭკვიანი ხალხი ავრცელებს. აზრიან რამეს იშვიათად თუ სადმე გადააწყდები. ავრცელებენ ისეთი ხალხის გამონათქვამებს, რომლის აზრსაც მნიშვნელობა არა აქვს და სასაცილოც კი აღარაა.

აი, ტიპმა თქვა მოხუც ქალზე, რომელმაც თავი დაიწვა, იმას არ უჭირდა - ბენზინის ფული ხომ ჰქონდაო. ამის მერე აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ამის მთქმელი ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე ან სპორტზე? საერთოდ რამეზე? რამე წონა აქვს მის ნააზრევს? თანამდებობა უჭირავს? წყვეტს რამეს? რატომ უნდა ხედავდეს ამის მერე ვინმე ფეისბუკზე, იმან რა თქვა და რაზე?

ამ სისულელეების დოღში ნელ-ნელა ცუდ ტიპებად გამოყავთ ადამიანები, რომლებიც „არც ერთისკენ არ არიან“. შუაშისტებიო! შუაშისტები და ჭირი თქვენ! შუაშისტები არ არსებობენ. არსებობს ნორმალური ხალხი, რომელიც აცნობიერებს, რომ პოლიტიკოსებს თავიანთი ინტერესები აქვთ, რომ ისინი ისე მოიტყუებიან, რომ სინდისი არ შეაწუხებთ და თუ მიუშვი, თავზე გადაგივლიან. იმიტომ, რომ ეგრეა. კიდევ არსებობენ დაქირავებული მუშაკები, რომლებსაც კარგი და ცუდი ფეხზე ჰკიდიათ, იმიტომ, რომ ფულს იღებენ და ძალისხმევას უფასებენ. კიდევ არსებობენ დეგენერატები, რომლებსაც მესიების სწამთ და პოლიტიკოსი ღმერთის მოვლენილი ჰგონიათ. და ხარ შენ, ცხვარი, რომელიც დეგენერატებს აყევი, მხოლოდ შავსა და თეთრს ხედავ, საქმის გაკეთების ნაცვლად ამ საქმეს აფუჭებ. და ამაში ფულსაც კი არ გაძლევენ.

მერე, სროლა რომ დაიწყება, დაიწყებ: ბეეე! ბეეე! ნახე, მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა რა ქნა! ბეეე! აი, უნდოდათ და ისროლეს. ბეეეე!

კი, იმათ უნდოდათ. მაგრამ შენ რა ქენი, ხელი რომ შეგეშალა? არაფერიც არ ქენი. პირიქით, მოწინააღმდეგე მხარე არაადამიანად გამოიყვანე. საღოლ! ტაშიი! ნამდვილი ინტელექტუალი ხარ! მაგრად წაადექი საქმეს!

ჰომოფობია და ქსენოფობიაო. ცხადია, ეგეცაა, მაგრამ მაგის გარდა ყველგან ყველაფრის ფობიაა. უფრო სწორად, ფობია კი არა, ოდიუმი! (გუგლმა მითხრა, სიძულვილი ლათინურად ეგრე იქნებაო.) ნებისმიერ ფორუმზე რომ შეიხედო, იმდენ ზიზღს ნახავ და ისეთ დედის გინებას, ცხოვრებაში რომ არ გაგიგონია. გგონიათ, არა უშავს? გგონიათ, მერე რა?

აუ, თან მამენტ მართლა „მერე რა“ არის... ცოტა ხნის წინ იყო, რუსთაველზე რომ ესროდნენ ტიპები ერთმანეთს ბომბებს. მერე კიდე თვალს მიფარებულები, სამეგრელოში წვავდნენ სახლებს და აუპატიურებდნენ ქალებს და ეგეც მოსული პონტი იყო. იმიტომ, რომ სახლდამწვრები სხვა პოლიტიკოსს უჭერდნენ მხარს.

ჰოდა, მერე რა. მაგათგან არავინ არასდროს გაუსამართლებიათ. ეხლაც იქნება სროლა, და ვინც აჯობებს, არც იმათ გაასამართლებენ.

იმ დღეს საპარიკმახეროში ვიყავი თავის გადასაპარსად და სამი კაცი შემოვიდა. წითელი მაისურები ეცვათ, „ხუთიანით“ და „მე მიყვარს საქართველოთი“. ერთმა მეორეს ქუჩაში მიმავალ ტიპზე ანიშნა, ე, ოცნებამ გაიარაო (როგორც ჩანს, მაისური ეცვა იმასაც, არ დამინახავს). ამან კიდე უპასუხა: უხ, ერთი მაგის თავი დამაჭერინაო. არც უხუმრია. ვიღაც ტიპზე თქვა, რომელიც თავისთვის მიდიოდა ქუჩაში და სხვა პარტიის მაისური ეცვა.

გგონიათ ფულს უხდიან და იმიტომ თქვა? (სხვათა შორის, ლამაზი სიტყვისთვის არ მომიგონია. მართლა ეგრე იყო.) არა, გულით შეაგინა. მართლა ეგრე ფიქრობდა.

რუსები მოდიანო. რუსები მოდიან, კი. მაგრამ მანამდე უარესი - ქართველები მოვლენ.

ეხლა, როცა ამას კითხულობ (თუ, ცხადია, მომავლის ადამიანი არა ხარ ან ღამის 4 საათზე არ გადაწყვიტე ინტერნეტში შესვლა. თუ ასეა, ერთი - ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან და ორი - წადი, დაიძინე), აი, ამ წუთას, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ოფისებში და კაბინეტებში ტიპები სხედან, გეგმებს აწყობენ და მსხვერპლს ითვლიან. ზოგის გეგმების შესახებ ოქტომბრის შუა რიცხვებში გავიგებთ, როცა გამარჯვებული მხარე ტელევიზორში დამარცხებულის ფარულ ჩანაწერებს აჩვენებს. თავისას, ცხადია, არავინ გამოამზეურებს.

შედეგები კი მანამდე გამოჩნდება. მაშინ, როდესაც ტელევიზორში დიქტორი გამოაცხადებს: რაც ეკუთვნოდათ, ის მიიღეს - ხმების 22,7 პროცენტიო. მერე დაიწყება...

ჩვენც შევხვდებით, ალბათ, ვინმეს პანაშვიდზე. იმედია, ძალიან ახლობლისა არ იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG