Accessibility links

logo-print
თვალს გაახელ, ბლოგს გადაშლი თუ ტელევიზორს შეხედავ, ყველგან ქართული ესტრადის ლანძღვას ნახავ. ზოგი გულწრფელად განიხილავს, რატომაა ასეთ ცუდ დღეში და როგორ შეიძლება გამოვაცოცხლოთო. უფრო მეტი კი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. ცოტა ნაკლებად გოიმები იმათ დასცინიან, ვისაც ცოტა მეტად გოიმებად მიიჩნევენ. ესენიც პოულობენ თავისზე დაბალ ღობეს და ბოლოს ყველა ერთად ნინო ჩხეიძეს შესდგება ხოლმე - საკუთარი უპირატესობა რომ დაამტკიცონ.

საყოველთაოდ მიღებულ ჭეშმარიტებად დამკვიდრდა, რომ ესტრადის ხალხი სხვა, „უფრო ღირსეული“ ტიპების ადგილს იკავებს ქართულ მედიაში. (რავი, შეიძლება ვაჭარბებ და არ დამკვიდრებულა, მაგრამ ეგ არგუმენტი არაერთხელ მსმენია.) არა მგონია, მართლა ეგრე იყოს. რა, ლელა წურწუმია უშლის ხელს Kung Fu Junkies-ს? ანრი ჯოხაძე რომ არა, ZurGi უფრო პოპულარული იქნებოდა? „ნანუკას შოუმ“ შესვა ხალხი ეთერ კაკულიაზე, თორემ ისე Landmark-ის სმენით ვერ გაძღებოდნენ? არ მჯერა მე მაგისი.

არც ის მაწუხებს, დაბალი დონის იქნება თუ მაღალის ეს ქართული ესტრადა. არც ასეთი მინდა და არც ისეთი. იყო დრო, - რამდენიმე წლის წინ - როცა ნორმალური, კარგი ან არაუშავსრა პოპსიმღერები გადიოდა ხოლმე ტელევიზორში - სტეფანეს „ხელები“, გიგა მიქაბერიძის რამდენიმე სიმღერა, ლექს-სენის რაღაცები (რაღაც პონტში), კიდევ რამდენიმე... მერე რაა, რო? გვენატრება, ვითომ, ეგ დრო? მე - არა.

ქართული პოპი კი არა, იმ ხალხის უმეტესობას, ვინც ესტრადას ლანძღავს, მაინცდამაინც არც უცხოური, ხარისხიანი პოპი უყვარს. ლედი გაგა, ვთქვათ. რა, მოგწონს? ალბათ, არა! არადა, ძალიან არა მგონია, Bad Romance-ის ტოლი სიმღერა დაწეროს ვინმე ჩვენიანმა.

მოკლედ, ამ ესტრადის კრიტიკა წყლის ნაყვა მგონია. იმათიც არ მჯერა მაინცდამაინც, ვინც ამბობს, რომ აი, ხალხია ცოდო, „სამი დალიეს“ რომ უსმენს და გემოვნება უქვეითდებაო. არც იმის მჯერა, რომ მართლა შესტკივათ გული და არც იმის, „არ დაიდარდო“ და „დარდიმანდი“ რომ გაითიშოს, „მუზას“ და „მწვანე ტალღას“ მიასკდება ხალხი.

ხალხს აშტერებს? არა მგონია, მაგრამ, ეგრეც რომ იყოს... დააშტეროს! ვინც გია სურამელაშვილს გამოალაყებინებს თავს, ღირსიცაა, გამოლაყდეს.

ვისაც ესტრადაზე შესტკივა გული, იმან იდარდოს, ცოტა უარესი სიმღერები იქნება მოდაში თუ ცოტა უკეთესი. მაგათ იმსჯელონ, „ნაკლებად გოიმური“, ირონიულად შესრულებული რესტორნულები ჯობია (გომართელის „ვილკა, რუმკა ი სალფეთკა“ ან კახაბერის „პაჩკა პაჩკა დოლარები“) თუ „მეტად გოიმური“, გულწრფელად ნამღერი ეგეთივე სიმღერები (ნინო ჩხეიძე ან ბუჭუნა და თამაზი).

კვდება ქართული შოუბიზნესი?

დე, მოკვდეს!

ან, რავი, არ მოკვდეს. თუ გინდა, აღზევდეს. მაგის მუშტარი არც ისე ვართ მე და შენ და არც ასე. დავანებოთ თავი. როგორც ოპოზიცია ამბობს ხოლმე, დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან.

იკითხავ, იმას რა ვუყოთ, თვითონ რომ არ გვანებებს თავსო?

ეგეც მართალია, მაგრამ მოდი, სხვანაირად ვთქვათ. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ესტრადაა ბევრი, არამედ ის, რომ როკია ცოტა (როკში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ესტრადა არ არის. პრეტენზია რომ აქვს, ისეთ მუსიკას - გინდა ინდი იყოს და გინდა დრიმ-პოპი და გინდა ხარისხიანი სოული. თუ გინდა ელექტრონული მუსიკაც მივათვალოთ. არ არის როკი, მაგრამ სიმარტივისათვის დავუძახოთ. ჩვენი ნება არ არის?

აი, წარმოიდგინე, კვირაში ერთხელ, თუ გინდა თვეში ერთხელ რომ შეგეძლოს კაცს ნორმალური ქართული ჯგუფის მოსმენა კონცერტზე. მერე დიდი პრობლემა იქნებოდა, „პროფილში“ ვინ იმღერებდა და ვინ არა? მე მგონი, არ იქნებოდა.

ჰოდა, მგონი, უკეთესი იქნება, თუ ნაკლებს ვილაპარაკებთ ესტრადაზე და მეტს - არაესტრადაზე. უფრო ნაყოფიერი იქნება „ჩვენიანების“ ავ-კარგის განხილვა, ვიდრე „ლოლ აჩი მეფარიძით“ გულის მოფხანა.

მეც გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა მაგ საქმეში და ვიფიქრე, სტატიას დავწერ-მეთქი. დაწყებიდან სამი კვირის თავზე აღმოვაჩინე, რომ ბლოგის პოსტი კი არა, უგრძესი რაღაც გამოდის. მარტო შესავალმა ორი გვერდი შეავსო. ჰოდა, დავყავი ნაწილებად და ასე, კვირაში ერთხელ, გამოვაქვეყნებ ხოლმე (ხო, ვიცი, ტოჟე მნე, ვლასტელინ კოლეც!).

მარტო შესავალი რომ არ გამოვიდეს, მომდევნო პოსტის დასაწყისსაც აქ მივაბამ. სარეკლამოდ, რა. ერთგვარი ინტრიგის შესაქმნელად (მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმე დაინტრიგდეს, მაგრამ მაინც). მანდაც ესტრადით იწყება, მაგრამ, გპირდებით, რომ ბოლოა.


რა უშველის ქართულ როკს? ნაწილი 2 (Title TBD)

ქართულ ესტრადას ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე იმის გამო, რომ რაღაც სისულელეებზე მღერიან. სამართლიანადაც. ხომ იცით, არა?: წვიმა მოდის, მასველებს; უშენოდ გატარებულ ღამეებზე ვფიქრობ; რა იქნება, ერთი ლამაზი ღამე მაჩუქო; წვიმას გავანდობ შენზე ფიქრებს; ღამეა, წვიმს და ძუძუსთავები დამეხეთქა, კისერში მაკოცე, თბილისო, და ეროტიკული მასაჟი გამიკეთე... აი, ეგენი. არის კი რამე ამაზე უარესი?

კი, არის. ქართული როკი.

იხ. გაგრძელება

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG