Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ანასაშვილი - სტუდენტი


4 აგვისტო, კვირა
მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიყენო ეს არდადეგები საქართველოს დასათვალიერებლად. დღეს დილით კი, ჩემს ფრანგ სტუმართან ერთად, ვარძიაში წავედით მანქანით: თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის გზით. ძალიან ლამაზი გზაა. მართალია, მიხვეულ-მოხვეულია, მაგრამ მშვენიერი ბუნებაა, სხვადასხვა სიმკვეთრის სიმწვანეები, გორაკები და - ამ კონკრეტულ დღეს - ცაზე გადმოკიდებული გაბუტული ღრუბლები. ღრუბლებზე გამახსენდა: ამას წინათ დედაჩემთან ერთად ვუყურებდი ბრაზილიელი რეჟისორის დოკუმენტურ ფილმს: „ციმბირული მამონტი“. ეს დოკუმენტური ფილმი ასახავს გენიალური ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის (და არა კალატოზოვის, როგორც მას რუსეთშიც და შემდეგ დასავლეთშიც მოიხსენიებენ) ფილმის „მე - კუბას“ შექმნის ისტორიას. ჰოდა, ამ დოკუმენტური ფილმიდან შევიტყვე, რომ ფილმ „მე - კუბას“ უნიჭიერეს რუს ოპერატორს, სერგეი ურუსევსკის, უთქვამს თურმე, ცა საინტერესო მხოლოდ მაშინ არის, როცა ღრუბლიანიაო. ღრუბლიანი ცა კი „მე - კუბაში“ მრავლადაა, ისევე, როგორც ულამაზესი კადრები. გენიალური ფილმია, კინოენაზე ამბის გადმოცემის ოსტატობის თვალსაზრისით შეიძლება მეტოქე არც ჰყავდეს. მარტინ სკორსეზეს ტყუილად არ უთქვამს: ეს ფილმი თავის დროზე ფართოდ გავრცელებული რომ ყოფილიყო, მსოფლიო კინოს ისტორიას შეცვლიდაო.

დოჩანაშვილის წიგნების სამკითხველოს „კარცერ ლუქსს“ რომ ჰქონოდა კინოპარალელი, ანუ კინოდარბაზ-კარცერ-ლუქსი, მე ნომერ პირველ „მისჯილ“ ფილმად სწორედ „მე - კუბას“ დავასახელებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი საბჭოთა პროპაგანდად ითვლება, ის ისეთი მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშია, როგორზეც დოჩანაშვილი ამბობს, ადამიანს უკეთესს ხდისო.

ვარძიისკენ გზაზე ფარავნის ტბასთან გავჩერდით წასახემსებლად და ტბის ხედით დასატკბობად. შემდეგი გაჩერება უკვე ვარძიის მახლობლად მდებარე ხერთვისის ციხე იყო, რომელიც თურმე ვარძიის მონასტერთან ერთად 2007 წელს შეუტანიათ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტების საცდელ სიაში. ხერთვისი კიდევ ჰო, მაგრამ ვარძიის მონასტრის დონის მონუმენტი ჯერ 2007 წლამდე როგორ არ იყო ამ სიაში შეყვანილი, და მერე კიდევ 2007 წლიდან დღემდე რით ვერ გადაიყვანეს „საცდელი“ სიიდან „დამტკიცებულთა“ სიაში?!

ვარძიის მონასტერში ბევრი ვიარეთ. ჩემი ფრანგი სტუმარი ჩემსავით აღტაცებული ათვალიერებდა ყველაფერს. ვარძიის ეკლესიაშიც შევედით და გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ეკლესიის ფრესკების აღდგენა ქეთი მელუას მხარდაჭერით ხორციელდება.

საღამოს ვარძიიდან ბორჯომში ავედით. ბორჯომის გზაზე, რომელიც მცირე მთების გარშემო მიიკლაკნება, გზის განათება არ არის დაყენებული და თუ მანქანის შუქებს ჩააქრობ, უკუნი სიბნელეა და შთამბეჭდავი სიჩუმე. ერთ ადგილას გავჩერდით, გვინდოდა, უბრალოდ, წყვდიადი სიჩუმისთვის მოგვესმინა. ღამით ბორჯომში ჩამოვედით.
თავისუფლების დღიურები - ნიკოლოზ ანასაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:30 0:00
გადმოწერა

5 აგვისტო, ორშაბათი
ბორჯომში საოჯახო სასტუმროში დავრჩით და დღეს დილით მასპინძელმა უბრალო, მაგრამ გემრიელი საუზმე მოგვიმზადა. დილით ადრევე დავიძარით ბორჯომის პარკისკენ, რადგან საღამომდე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით: ჩემი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. ჰარვარდში სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად ვემზადები და თავში სხვადასხვა თემები მიტრიალებს. ჯერ არ ვიცი, რომელზე შევჩერდები. (თან მალე მომიწევს აკადემიური „ედვაიზერის“, ანუ მრჩევლის არჩევა. აკადემიური მრჩევლის კანდიდატებიდან ჯერჯერობით თვალი ნიკოლას ბერნსს დავადგი, ცნობილ ამერიკელ დიპლომატსა და კონდოლიზა რაისის ყოფილ მოადგილეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა სტუდენტსაც ენდომება მისი არჩევა აკადემიურ მრჩევლად, ამიტომ სხვა ვარიანტებიც მაქვს მოსაფიქრებელი. ამ არჩევანის გაკეთების ბოლო ვადა ახლოვდება და ვჩქარობ, თბილისში მალე დავბრუნდე.

ბორჯომიდან თბილისისკენ გზად გორში გავჩერდით ჩვენი ქვეყნის შემარცხვენლის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. გორში არ ვიყავი ნამყოფი და მაინტერესებდა მენახა ქალაქი, რომლის ზუსტად ხუთი წლის წინანდელი ზაფხულის შემზარავმა კადრებმა ყველა ქართველი გაამწარა. 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი ჩრდილოელი ერთმორწმუნე მეზობლები ბომბებს არ იშურებდნენ გორელებისა და არა მარტო მათ გასაჟლეტად. იმ ზაფხულს, ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან არდადეგებზე ვიყავი ჩამოსული თბილისში და გულს მიღრღნიდა გორის დაბომბვის კადრების ცქერა.

გორი მანქანით შემოვიარეთ, მერე ორ სხვადასხვა გორელს სტალინის სახლ-მუზეუმის მდებარეობა ვკითხე. ორივეს შევატყვე შეფარული კმაყოფილება, თუ რა დავარქვა ამას… სიამაყეც, ალბათ, (არადა, როგორ არ მინდა, სიამაყე რომ იყოს, კმაყოფილება კიდევ ჯანდაბას), კმაყოფილება იმის გამო, რომ აგერ უკვე მერამდენე ადამიანი ჩამოვიდა გორში ამ ქალაქის „დიდი მამულიშვილის“ მუზეუმის დასათვალიერებლად. მესმის, განა არ მესმის პატარა ქალაქის კომპლექსი. ბუნებრივია, რომ რაღაცნაირი მადლიერების გრძნობა აქვთ გორელებს (და არა მარტო გორელებს, სხვა ქართველებსაც) იმ სუბიექტის მიმართ, ვინც ავად თუ კარგად (რაღა კარგად!) ასე გაუთქვა სახელი ქალაქს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ამ გორელების კმაყოფილების გრძნობამ არ გამაბრაზა. მაგრამ აი, როცა სტალინის სახლ-მუზეუმს კი არა, სასახლე-მუზეუმს მივადექი და მისი მასშტაბები ვნახე, მისივე ქანდაკებებით დამშვენებული, აქ უკვე ძლიერი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. როგორ შეიძლებოდა, ასეთ მტარვალს, საქართველოს მტერსა და ქართული ინტელიგენციის (ცხადია, არა მხოლოდ ქართულის) საუკეთესო წარმომადგენლების დახვრეტასა და გადასახლებაში მთავარ დამნაშავეს, მსოფლიოს ისტორიაში უკვე აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტირანს, ასეთი გრანდიოზული მუზეუმი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში?! ეს ხომ სირცხვილია? ამის შემხედვარე რომელ დასავლელ სტუმარს გინდა დააჯერო, რომ ჩვენ, ქართველებს, სტალინი არ გვიყვარს და მის სისასტიკეს ადეკვატურად ვაფასებთ? დღეს ისიც გავიგე, რომ მალე გორის ცენტრიდან აღებულ სტალინის დიდ ქანდაკებას მისი სახლ-მუზეუმის ეზოში დადგამენ.

გორიდან თბილისში საღამოს ჩამოვედით. მაშინვე ჩემი სამაგისტრო თეზისის საქმეებს შევუდექი. სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვით გამოწვეულმა უარყოფითმა შთაბეჭდილებებმა მაინც ვერ გადაფარა ის სიამოვნება, რაც ვარძიის ნახვით მივიღე.

6 აგვისტო, სამშაბათი
დღეს დილით, მეგობართან ერთად, კუს ტბაზე ავედი სარბენად. კვირაობით ფეხბურთის სათამაშოდ ავდივარ ხოლმე გელასთან და მის თანამშრომლებთან ერთად, მაგრამ რადგან ბოლო კვირას ქალაქიდან გასული ვიყავი და ფეხბურთი ვერ ვითამაშე, გადავწყვიტე, დღეს მერბინა მაინც. ჰარვარდშიც ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიო, თუმცა თავისუფალი დრო იქ იმდენად იშვიათი სიამოვნებაა, რომ ხანდახან მთელი კვირა ისე გადის, რომ ვარჯიშს ვერ ვახერხებ.

საღამოს ჩემი საყვარელი მეგობრები ამოვიდნენ სტუმრად: თამთა, ავთო, ნინო, ანდრია, მაია, დათა, თინა და თამი. ვიმსჯელეთ სერიოზულ და არასერიოზულ საკითხებზე. ანდრიამ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპის გათვალისწინებით წამოჭრა ისეთი საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ყველას გვაწუხებს, მაგრამ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ისინი ჩვენი ეროვნული პრობლემებია და არა, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე. მაიკომ, რომელიც „საჭესთან ფხიზლად“ კამპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ამ კამპანიის სტიკერები მომცა. ხვალ სიამოვნებით მივაკრავ ჩვენს მანქანას. თამიმ იეილის უნივერსიტეტში სწავლის ამბებს მოგვიყვა. გამახსენდა ფრაზა ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ესედან: „უცხოეთში, საერთოდ, იმის სასწავლად მიდიან, რისი სწავლაც შინ არ შეუძლიათ, მაგრამ სწორედ შინ სჭირდებათ.“ რამდენი რამ გვჭირდება შინ!

ბოლოს კი მე და ჩემმა კლასელებმა: თამთამ, ნინომ, ავთომ, დათამ და თინამ ჩვენი მკაცრი და საყვარელი სკოლის მასწავლებლები გავიხსენეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ენებისა და ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს. რაც ამერიკაში წავედი სასწავლად, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემში არც ერთ საგანსა და არც ერთ მასწავლებელს ისე არ გაუღვივებია პატრიოტიზმი და ისეთი დიდი და პოზიტიური გავლენა არ მოუხდენია, როგორიც ქართულ ლიტერატურას და ჩემს ქართულის მასწავლებელს, ქეთევან ოთხვანს. ისევ ოთარ ჭილაძე მახსენდება: „გამოვლილი გზის დავიწყებიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება სამშობლოს უარყოფამდე.“

7 აგვისტო, ოთხშაბათი
დღეს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავია. რა დრო გასულა! არადა, გუშინდელივით მახსოვს, როგორ წამომახტუნა ღამის 4 საათზე მახათას მთაზე ჩამოგდებული რუსული ბომბის ხმამ, რომელმაც მიწასთან გაასწორა სამოქალაქო რადიოსალოკაციო სადგური. ამის გამო საერთაშორისო ფრენები გადაიდო და მე მივწერე ჩიკაგოს უნივერსიტეტს, რომ დიდი ალბათობით იმ წელს ვეღარ მოვახერხებდი არდადაგებიდან უკან დაბრუნებას ბაკალავრიატის გასაგრძელებლად, რაც, ალბათ, ჩემი „სკოლარშიპის“ გაუქმებასაც გამოიწვევდა. ღმერთის წყალობით, ჩიკაგოში სწავლის გაგრძელება სექტემბრიდან მოვახერხე, მაგრამ, აგვისტოს ომის ტრაგედიებით დამძიმებულს, იმ სემესტრში გამიჭირდა სწრაფი ცხოვრების ამერიკულ რეჟიმზე გადაწყობა.

დღეს საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ფრანგული ვიმეცადინე და შემდეგ „რუსთავი 2“-ისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიცემულ ინტერვიუს მოვუსმინე. ამ ინტერვიუდან ერთი რაღაც დამამახსოვრდა განსაკუთრებით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მმართველებს ისიც კი შესთავაზა, რომ რუსეთის მხრიდან სერიოზული დათმობების შემთხვევაში საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე იტყოდა უარს. ეს განცხადება განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება უალტერნატივოა, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტში, შარშანდელ სასწავლო წელს, მქონდა საშუალება, არაფორმალური საუზმის დროს ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე გავსაუბრებოდი ჯერ ხავიერ სოლანას და შემდეგ - იაპ დე ჰოოპ სხეფერს, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივნებს (სხეფერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო ნატოს გენერალური მდივანი) და ორივე მათგანისგან მოვისმინე ძალიან პესიმისტური პროგნოზი გაწევრიანებასთან დაკავშირებით (სოლანამ ისიც კი მითხრა, ამას მხოლოდ შენი შემდეგი თაობა თუ მოესწრებაო). ასე რომ, თუ მართლაც ასეთი შორეული პერსპექტივაა ნატოში ჩვენი გაწევრიანება, მაშინ გამოდის, რომ არცთუ ისე დიდ დათმობაზე მიდიოდა საქართველოს პრეზიდენტი ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (ანუ MAP-ს) 2018 წლამდე მიიღებს და საბოლოო ჯამში, როგორც ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუციაში ჩაიწერა (მტკიცებითი ფორმით), საქართველო ნატოს წევრი გახდება.

8 აგვისტო, ხუთშაბათი
დღეს ნაყოფიერი დღე მქონდა. ამ ზაფხულს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საკონსულტაციო კომპანია „დელოიტის“ პროექტში ვმუშაობ საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში. მე და ლუკას კალტრაიდერი ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ვამუშავებთ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების მონაცემებს და ვადგენთ კრიტერიუმებს ამ საწარმოების მომავალი სტატუსის განსასაზღვრად. დღეს ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით წინ, რამაც ძალიან გამახარა.

ამას გარდა, დღეს დილით გუნდის კაპიტნის რანგში პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის სტაჟიორების გუნდთან. ამ გუნდთან ერთად ვწერ „ბიზნეს-კეისს“ ერთ-ერთი ქართული ბიზნესის შესახებ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქართული ბიზნესსკოლების სტუდენტებს სულ უხდებათ უცხოური „ბიზნეს-კეისებით“ ხელმძღვანელობა, ხოლო ჩვენი პროექტის შედეგად შეიქმნება ქართული ბიზნეს-რეალობის ამსახველი რამდენიმე კეისი, რომლებსაც შემდეგ ქართველი სტუდენტები გამოიყენებენ. შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თანაგუნდელებს რამდენიმე რჩევა მივეცი და ამით კეისის შავი ვარიანტიც დავასრულეთ.

საღამოს ჩემი ფრანგი სტუმარი წავიყვანე „შემოიხედე გენაცვალეში“, სადაც სამი სხვადასხვანაირი ხინკალი შევუკვეთეთ: მინდოდა, მას ყველანაირი დაეგემოვნებინა. ჩემი ფრანგი გურმანის ხინკლების „კონკურსში“ გაიმარჯვა ხინკალმა „ქალაქურმა“; მეორე საპატიო ადგილზე გავიდა ხინკალი „ხევსურული“, ხოლო ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ხინკალი „ხბოს ჩაქაფულით“, რასაც დიდი ალბათობით წაართმევდა მას ხინკალი „ფასანაურული“, რომ არა ამ უკანასკნელის კონკურსზე გამოუცხადებლობა.

9 აგვისტო, პარასკევი
დღეს დილით ჩემი ტრადიციული საუზმე მქონდა: ხილი და თხილის ნაირსახეობა. გუშინ, ლესელიძეზე, ერთ ალალ და სანდომიან კახელ ქალთან უგემრიელესი ლეღვი ვიყიდე და დღეს დილით კომერციულად დაფასოებულ, მოხალულ ქართულ თხილთან ერთად გეახელით. ამერიკაში ცხოვრების მერე საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასები და გემო ყოველ ჩამოსვლაზე მაოცებს ხოლმე. რამოდენა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას გემრიელი ხილის საექსპორტოდ, თუ ამერიკაში არა, დასავლეთ ევროპაში მაინც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება რეალობად აქცევს დასავლეთ ევროპის ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის შესვლას.

შუადღისას მობილურზე მომივიდა ამერიკული ჟურნალის, National Geographic-ის აგვისტოს ნომერი. ამ დროს სამსახურში ვიყავი და კითხვა ვერ დავიწყე, მაგრამ ერთი სული მქონდა, წამეკითხა სტატია შაქრის თემაზე. საღამოს, სახლში მისვლისთანავე დავიწყე ახალი ნომრის კითხვა.

10 აგვისტო, შაბათი
ზუსტად ერთ კვირაში ჰარვარდში ვიქნები. სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მიწევს ჩასვლა, რადგან მაგისტრანტების საცხოვრებელ კომპლექსში community adviser-ად ამირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოს ბოლოს, რამდენიმედღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ, მომიწევს ახალი მაგისტრანტების დაკვალიანება, მათი ორიენტაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება და შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება. ასე რომ, ვაპირებ, ეს მანდატი გამოვიყენო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ქართული ფილმებისა და ქართული ღვინოების გასაცნობად.

საქართველო მომენატრება, მიუხედავად მისი თავხედი და დაუდევარი მძღოლებისა, სწორ რიგში ვერჩამდგარი მოქალაქეებისა, პოლიციის მანქანებიდან მოღრიალე პატრულის თანამშრომლებისა და სხვა ამდაგვართა მიუხედავად, რადგან ეს ასევე არის (წარსულს რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ თანამედროვეებით ვიმსჯელოთ) გია ყანჩელის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ედმუნდ კალანდაძისა და სხვა ამდაგვართა საქართველოც. ასე რომ, როგორც დოჩანაშვილის გენიალურ „სამოსელ პირველშია“: მართალია, კამორელები ყოველთვის გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანნი არიან, ვიდრე კანუდოსელები, მაგრამ თითო დიდი კანუდოსელი „აუარება“ კამორელს უდრის.
XS
SM
MD
LG