Accessibility links

logo-print

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში იმატებენ. მაგრამ დღემდე არ იყო ცნობილი ამ პროცესის ბიოქიმიური მექანიზმი. ბერძენ მეცნიერთა ჯგუფმა ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი აღმოაჩინა. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც საკვების მიღების წინ ეწევიან თამბაქოს, ნაკლებ კალორიებს იღებენ, ვიდრე არამწეველები. ამავე დროს მოწევა გავლენას ახდენს სისხლში მადის აღმძვრელი ჰორმონის, გრელინის დონეზე. მეცნიერები ასკვნიან, რომ სწორედ გრელინი უნდა თამაშობდეს გადამწყვეტ როლს თამბაქოსთვის თავის დანებების შემდეგ წონის მომატების საქმეში.

ათენის ხაროკოპიოს უნივერსიტეტის თანამშრომლის კონსტანტინა ზახარის თქმით, მისმა ჯგუფმა აჩვენა, რა გავლენა აქვს თამბაქოს წევას კალორიების მიღებაზე და რა როლს თამაშობს სისხლში გრელინის შემცველობა. თუმცა, ზახარი ამბობს, რომ ეს დასკვნა მომავალი კვლევებით უნდა შემოწმდეს.

ზახარის ჯგუფის მიზანი იყო, შეესწავლა თამბაქოს წევასა და წონის მომატებას შორის ურთიერთმიმართება დროის მოკლე მონაკვეთში. რაც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერსპექტივას, მედიკოსთა თანახმად, ნიკოტინისთვის თავის დანებებიდან ხუთი წლის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით ათ კილოგრამს იმატებს. ამის ცოდნა ბევრ მწეველს ათქმევინებს უარს თამბაქოსთვის თავის დანებებაზე. ეს განსაკუთრებით ეხებათ ქალებს.

გამოკვლევაში მონაწილეობდა 14 მწეველი, რომელსაც დაახლოებით ათი საათის განმავლობაში არც საჭმელი ეჭამა და არც მოეწია. საცდელი პირების ნახევარმა 15 წუთში ორი სიგარეტი მოწია. სხვები კი ცეცხლწაუკიდებელი სიგარეტით აკეთებდნენ ამის სიმულაციას. 45-წუთიანი პაუზის შემდეგ ორივე ჯგუფის წევრებს შეეძლოთ სურვილისამებრ მიეღოთ მათ განკარგულებაში არსებული საკვები. ამის შემდეგ მათ ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ამოწმებდნენ და ეკითხებოდნენ ნაყროვანების ხარისხის შესახებ. პარალელურად მათ სისხლში გრელინის შემცველობას უმოწმებდნენ.

ვინც ჭამის წინ სიგარეტს ეწეოდა, საშუალოდ 152 კალორიით ნაკლებს იღებდა, ვიდრე სხვები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ჯგუფის წევრები საშუალოდ ჭამდნენ ერთი და იმავე ტიპის საჭმელს, რომელიც არ განსხვავდებოდა კალორიულობით. ჯგუფებს შორის არ ყოფილა არც ნაყროვანების შეგრძნებაში სხვაობა. ანუ ორივე ჯგუფის წევრები იმდენს ჭამდნენ, რამდენიც სურდათ და თავს არ იზღუდავდნენ.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინის მოხმარება გავლენას ახდენდა სისხლში გრელინის, მაგრამ არა სხვა ჰორმონების შემცველობაზე. ზახარის თქმით, ახლა უნდა შემოწმდეს, გრელინის გარდა რამე სხვა ფაქტორებიც ახდენს თუ არა წონაზე გავლენას ნიკოტინისთვის თავის დანებების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG