Accessibility links

logo-print

ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი მისი დამფუძნებლის გარეშე


ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ეს ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება და მასში მსოფლიოს ცნობილი ანიმატორები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალი წელს პირველად მისი ინიციატორისა და დამაარსებლის, ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) გარეშე ტარდება. მიტროპოლიტი ოთხ თვეზე მეტია ოკუპირებულ ახალგორში იმყოფება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მისი გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვის გაცემას აჭიანურებენ, ამიტომ ისაია ახალგორს არ ტოვებს, რადგან უკან, იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებში, საშვის გარეშე დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. ახალგორიდან მიტროპოლიტმა ვიდეოჩანაწერი გამოგზავნა და ფესტივალის სტუმრებს მიმართა:

„ჩვენთვის ხელოვნება ის სამყაროა, რომელშიც ადამიანი შეიძლება მიემსგავსოს თავის შემოქმედს, ის სფეროა, რომელშიც ადამიანს შეუძლია შექმნას, დახატოს, იაზროვნოს, განიცადოს და სხვასაც განაცდევინოს სევდა, თანაგრძნობა, ტკივილი თუ სიხარული. ეს არის საშუალება თვითონაც ეძებოს და სხვასაც დაეხმაროს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის ძიებაში“.

საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი და ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. ნიქოზში საორგანიზაციო საკითხებით ახლა რეჟისორი გელა კანდელაკია დაკავებული, რომელიც მეუფე ისაიას დიდი ხნის მეგობარია. მისი თქმით, საერთაშორისო ფესტივალი მასშტაბებს ყოველწლიურად აფართოებს.

მიხეილ კანდელაკი ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ანიმაციის ხელოვნებას ეუფლება. ამ სკოლაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან ყოველდღიურად ასამდე მოსწავლე დადის. ახალგაზრდა ანიმატორი ახლა უცხოელი რეჟისორების მასტერკლასებსა და ტრენინგებს ელოდება. ფესტივალის პარალელურად ნიქოზში ჩასული სტუმრები ბავშვებთანაც იმუშავებენ.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება არა მარტო ხელოვნების ზეიმია, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელიცაა.

უკვე მეორე წელია ამ ფესტივალში ამერიკელი ანიმატორებიც მონაწილეობენ, ამიტომ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამ ფესტივალის უკვე ტრადიციული სტუმარია, იგი ხელოვნების სამშვიდობო მისიას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს.

ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. წელს ნიქოზის ფესტივალზე, საქართველოს, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ბელორუსის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის გარდა, უკვე იაპონელი ანიმატორებიც არიან წარმოდგენილნი. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში 5 სექტემბერს დაიხურება.

XS
SM
MD
LG