Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბურჯანაძეს აქვს შანსი, იყოს მეორე”


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატია - განცხადება ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. შესაბამისად, ნინო ბურჯანაძე, ერთდროულად, ”სახალხო კრებისა” და ”დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტის თანამდებობაზე ამომრჩეველი აირჩევს არა ”ქართული ოცნების”, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს. რა არგუმენტებით ამყარებს ნინო ბურჯანაძე თავის ამ მოსაზრებას და როგორ აფასებენ მის პერსპექტივას ექსპერტები?

”ქართული ოცნების” ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრის თავიდან აცილება, ქვეყნის სამართლიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა, პრეზიდენტის თანამდებობაზე გამოცდილი პოლიტიკოსის არჩევის უპირატესობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის სრულფასოვნად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატურად გატარება და სხვ. - ესაა ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ დასვა:

”საქართველოს დღეს სჭირდება დამოუკიდებელი, გამოცდილი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც იცის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, ადამიანი, რომელსაც იცნობენ და აქვს სერიოზული კონტაქტები და რომელიც შეძლებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს და არ უნდა გვიკვირდეს, რომ არავინ დაიცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენს გარდა”.

განსხვავებული იყო ნინო ბურჯანაძის მესიჯები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის აქცენტს იღებს იმ დიდ მასივზე საზოგადოების, რომელიც ჩვენ 17 მაისს, შეიძლება ითქვას, ბარიკადის მეორე მხარეს ვიხილეთ...
ხათუნა ლაგაზიძე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ”დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რიგით მესამეა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას აპირებენ. ამ სამეულში, მის გარდა, შედიან ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და ”ქართული ოცნების” კანდიდატი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი. თავისი კანდიდატურის უპირატესობაზე მედიასთან მოსაზრებები გამოთქვა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელსაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. როგორც პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმით, რომ იგი საზოგადოების საგარეო კურსის ორიენტაციას გამოკვეთს. ამ თვალსაზრისით ექსპერტი ერთმანეთს ადარებს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და „საქართველოს გზის“ ლიდერს სალომე ზურაბიშვილს. ხათუნა ლაგაზიძის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის მესიჯია: მე არ მინდა საქართველო ან დასავლეთის მარიონეტი იყოს, ან რუსეთის მონა. შესაბამისად, საგულისხმოა მის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებაც საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით, ანუ იმის აქცენტირება, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკის წარმოება არ შეიძლება წინმსწრებად, მოლაპარაკებების დაწყებამდე.

”რადიკალურად განსხვავებულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ განსხვავებული იყო ნინო ბურჯანაძის მესიჯები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის აქცენტს იღებს იმ დიდ მასივზე საზოგადოების, რომელიც ჩვენ 17 მაისს, შეიძლება ითქვას, ბარიკადის მეორე მხარეს ვიხილეთ. ანუ აპელირებას აკეთებს ტრადიციულ ღირებულებებზე, ტრადიციულ კულტურაზე და ევროპას სთხოვს მიიღოს საქართველო ისეთი, როგორიც არის. ეს იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რითიც, როგორც გითხარით, ძალიან დიდ მასივს აიყოლიებს საზოგადოების”.

„ოცნების“ კანდიდატს ბურჯანაძე ვერ დაამარცხებს. ბურჯანაძეზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო პოლიტიკაში და კონტაქტები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც ვერ გაიმარჯვებენ იმავე მიზეზით, რომ „ოცნების“ კანდიდატები არ არიან...
თორნიკე შარაშენიძე
ანუ, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ნინო ბურჯანაძის პირველი უმნიშვნელოვანესი მესიჯი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყო: „არა გეი აღლუმს, არა პედოფილიას, არა ნარკოტიკების რეალიზაციას“, მეორე მესიჯი კი - იმის განცხადება, რომ ნატოს კარი ღია ვერ იქნება, თუ უარს არ ვიტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება კი მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებით შეიძლება.

ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ინტრიგა იქნება არა პირველ, არამედ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი, რამდენადაც მეორე ადგილზე გასული კანდიდატის გარშემო დაიწყებს სტრუქტურირებას პოლიტიკური სპექტრი. მისივე შეფასებით, ნინო ბურჯანაძეს აქვს შანსი, იყოს მეორე.

რამაზ საყვარელიძის აზრით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე ყველასთვის კონკურენტუნარიანი მეტოქე იქნება:

”ნინო ბურჯანაძე ყველა პოლიტიკოსისათვის კონკურენტუნარიანი კანდიდატი არის. ეს უდავოა. თუნდაც ჟურნალისტების კუთხით რომ დავინახოთ, მის შეფასებებს ჟურნალისტები არასოდეს უყურადღებოდ არ ტოვებენ. მისი პოზიცია ყოველთვის საინტერესოა. და, როგორც წესი, ჟურნალისტების პოზიცია საზოგადოების პოზიციას ასახავს. ამდენად, კანდიდატი საინტერესო არის. ახლა ლაპარაკი იმაზე, ვინ გაიმარჯვებს, ვინ არა, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ თავისი პლუსები თითოეულს გააჩნია”.

პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო მარათონს ბურჯანაძე, როგორც კანდიდატი, უფრო საინტერესოს გახდის:

”აქვს დისკუსიების უნარი, მაგრამ „ოცნების“ კანდიდატს ბურჯანაძე ვერ დაამარცხებს. ბურჯანაძეზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო პოლიტიკაში და კონტაქტები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც ვერ გაიმარჯვებენ იმავე მიზეზით, რომ „ოცნების“ კანდიდატები არ არიან. დღევანდელი გადასახედიდან, ვერავინ მოუგებს „ოცნების“ კანდიდატს და რადიკალურად, არა მგონია, რამე შეიცვალოს ოქტომბრამდე”.
XS
SM
MD
LG