Accessibility links

logo-print

9 ნოემბერი, კვირა

გავიღვიძე და მივხვდი, რომ დღეს პირველი დღეა, როცა არსად არ მეჩქარება. ისევ დავიძინე.

წინა კვირას კი ყველაფერი სასწრაფო და გადაუდებელი იყო, იმით დაწყებული, რომ სასწრაფოდ გასარკვევი იყო, თუ რა იყო გადაუდებლად მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი. მეძინა კი მაშინ? მგონი, არა. რომ გაიღვიძო, ჯერ ხომ უნდა გეძინოს?! მაშინ კი, თუ საერთოდ მეძინა, რაღაცნაირად ძილშიც მეღვიძა, ვერც სიფხიზლეს ვკარგავდი, ვერც მოვეშვი. თუმცა, მგონი, არც მიცდია დასვენება. რა დროს დასვენება იყო!

ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ამჯერად შეიძლება განსაკუთრებით ცხადად, რომ როცა თავზემოთ ძალა არაა, შენ თავში იპოვი მას. თუ იცი, რომ უნდა იპოვო, თუ იცი, რომ სხვანაირად შეუძლებელია. დაახლოებით ამას ვგულისხმობდი გუშინ, თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე გამოსვლისას, როცა ვთქვი, რომ ძალა ერთობაშია იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანშია ძალა. აღმართის ასავლელი ძალა, პირველ რიგში, თავისუფლების და დემოკრატიის ერთგულ ადამიანებში უნდა იყოს, ანუ ჩვენში, თავისუფალ დემოკრატებში... დაახლოებით ამას ვგულისხმობდი, მაგრამ აღარ მითქვამს, მგონი, ისედაც გასაგები იყო. და სულ არაა აუცილებელი, ამ სახელის მქონე პარტიაში იყო, რათა თავისუფლება და დემოკრატია გევლინებოდეს იმად, რის მოპოვება, დამკვიდრება და დაცვა ძალიან გიღირს. შენთვისაც ამას ისურვებ, და სხვებსაც ამას უსურვებ. თუ რამეს დატოვებ, საუკეთესო მემკვიდრეობადაც, ალბათ, ეს უნდა დატოვო: ისეთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანი, მისი თავისუფლება და ღირსება მთავარი ღირებულებებია...

ახლა წამოვდგები და ყავას დავისხამ. მგონი, მემკვიდრეობა ვახსენე. დღეს შვილიშვილს მომიყვანენ და დამიტოვებენ, სამი წლის გიორგის. აი, ვინ ამავსებს საოცარი ენერგიით და, თან, ბოლოს მომიღებს.

ბავშვი მამამისმა წაიყვანა. სხვათა შორის, ცოტა შემიქო გუშინდელი გამოსვლა. ახლა საგარეოდ გადავიცვამ და გავალ. მარტომ მინდა, ცოტა გავიარო. დედაჩემი დავალებებით და შენიშვნებით მაცილებს. თუმცა, გიორგის სტუმრობის შემდეგ შედარებით ლმობიერია. მე მგონი, გიორგი ყველაზე მეტად დედაჩემს ჰგავს.

დავბრუნდი და განვაგრძობ. სიარული მესიამოვნა. კარგი ამინდია, თბილი და მშვიდი. რამდენი ხანია, საკუთარ თავთან მარტო არ დავრჩენილვარ. ზოგჯერ მჭირდება ხოლმე. კოტემ დამირეკა. მომიკითხა და გამამხნევა. გამეცინა. ისევ კოტე, ისევ გამხნევება და ისევ ბრძოლა. ახლა კი მამუკას ნახვა მომინდა. მამუკა და კოტე - ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი არ მახსენდება, როდესაც ისინი ჩემ გვერდით არ იყვნენ. წინასწარ დავურეკე, ჩემი თავი თუ გაქვს-მეთქი. დიდხანს ვერც იქ გავძელი. მაინც შედარებით დასვენებული დავბრუნდი. მამუკა გულს მიჩუყებს. ჩემ გამო ტელევიზორს მიეჯაჭვა. არავინ იცის ჩემზე უკეთ, მისი მხრიდან ეს რამხელა მსხვერპლი და თავდადებაა. როცა უნდა დავურეკო და ვკითხო, რა არის ახალი, ყველაფერს ვიგებ. სულ იცის, რომელ არხზე როდის და ვინ რა თქვა პოლიტიკაზე. ცოტა სძინავს და გადახვევის ფუნქციით აღჭურვილი ტელეკაბელი აქვს. თუ რამე მოულოდნელს მოჰკრა ყური, მესიჯით მოკლედ მატყობინებს. მერე მე ვურეკავ. მოკლედ მოვუყევი, რასაც ტელეფონით ვერ ვეუბნებოდი და წამოვედი. ხომ იცი, შენ ჩემ მაგივრადაც იბრძვიო – გამომძახა. იცის, როგორ მოუკლას ადამიანს გული.

სახლში ვბრუნდები. მაღაზიაში დედაჩემისთვის შოკოლადს ვყიდულობ, კარს ვაღებ და ვეძახი: დედა, მოვედიიიი!

10 ნოემბერი, ორშაბათი

რატომღაც ჯიუტად ჰგონიათ, რომ ისტორია შეიძლება გადააკეთო, რომ წარსული ისე შეგიძლია შეცვალო, როგორც გაწყობს. მაგრამ ისტორიას არ მოსწონს, როცა უსამართლოდ ექცევიან და ცილს სწამებენ. ისტორიამ თავისი უდიდესი დიქტატორები, სტალინი და ჰიტლერი, დაამარცხა და საბოლოოდ ყველა ცილისწამებისთვისაც იძია მათზე შური. მე შურისძიებას ვერასოდეს მივემხრობი, მაგრამ აწმყოს სიხარბისგან წარსულს მომავალი იცავს, და ვინ გაუმკლავდება მომავალს?

როცა ვუსმენ, მგონია, რომ „ურმულია“ რაღაცით ყველაზე ქართული სიმღერა და უაღრესად ადამიანურიც, მხნე და თან ლმობიერი, თუნდაც მხოლოდ ამ სიტყვებით: „ერთხელ სიკვდილი სჯობია მუდამჟამ დაღონებასა“. მგონია, რომ რაინდობას სხვისგან არ უნდა ითხოვდე, რომ სხვას ამისკენ არც უნდა მოუწოდო, არ უნდა უთხრა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ „ურმულით“ კი მხოლოდ შენს თავს შეგიძლია ჩასძახო და თავი გამოიფხიზლო. ადამიანებს გამხნევება სჭირდებათ და არა წაქეზება.

ასე დავლიე ჩემი დილის ყავა და პარლამენტში წავედი. გზაში შემატყობინეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ისევ რაღაცები ულაპარაკია ჩვენზე, თავისუფალ დემოკრატებზე. თურმე ირაკლი ალასანია, ბუკა პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, დათო ზალკალიანი მთელი ორწლიანი მინისტრობის განმავლობაში დასავლელ პარტნიორებთან წინა ხელისუფლების ქება-დიდების მეტს არაფერს აკეთებდნენ და ყოველმხრივ მოღალატეობდნენ, რომ პოლიტიკა პოდიუმზე სიარული და გაპრანჭული ლაპარაკი არაა...

ჟურნალისტები, ალბათ, საპასუხო კომენტარს მომთხოვენ. საერთოდ კი თავს ვარიდებ ტელევიზიებში სიარულს, რადგან მართლა მგონია, რომ პოლიტიკოსი თუ ხარ, საზოგადოებას სულ თვალში არ უნდა ეჩხირებოდე. საზოგადოება მეტ პატივისცემას იმსახურებს, თუნდაც ზოგჯერ განზრახ ავიწყებდნენ ამას. ცილისწამება, ტყუილი, დაუნდობლობა... ამის წინააღმდეგ მივდიოდით ჯერ „გირგვლიანის სასამართლოზე“, მერე მიტინგებზე 7 ნოემბრის ჩათვლით, ღამეებს ვათენებდით ტელევიზიასთან. ამასთან დაპირისპირებას არ შეეწირა ლევან მიქელაძე? ტელევიზიას გავცდი.

11 ნოემბერი, სამშაბათი

რადგან თავისუფალი დემოკრატები აღარც მთავრობაში არიან, და არც საპარლამენტო უმრავლესობაში, რადგან ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, ამიტომ ზოგი ტოვებს ჩვენს პარტიას. მათი საქმეა, ზოგ მათგანს, ალბათ, გულწრფელად ჰგონია, რომ ჩვენ ვცდებით, ზოგი წამსვლელი შეიძლება რაღაცით აიძულეს კიდეც. ყველაფერი გასაგებია, გარდა იმისა, რა საჭირო იყო ხელისუფლებისთვის ერთგულების გამოცხადება და ჩვენთვის, აქამდე თანამებრძოლებისთვის, ზურგის შექცევა ასეთი მაღალფარდოვანი აღტაცებით რომ გამოითქვა. როგორც ჩანს, ასეთებს გემოვნება ღალატობთ.

სწორედ ამ დროს დატოვა უმრავლესობა და დაბრუნდა ჩვენს პარტიაში შალვა შავგულიძე. ახლა ისევ ყველანი ერთად ვართ, ვინც ერთად ვიყავით დაფუძნების დღიდან ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც თავისუფალი დემოკრატების პარტიად გარდაიქმნა, განვითარდა. შალვა, უბრალოდ, ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, სადად და ვაჟკაცურად. ეს კი ნამდვილად ვერ გაითვალისწინეს, რადგან, ალბათ, კარგად იცოდნენ, რომ არანაირი წინასწარი მოლაპარაკება ამის თაობაზე შალვას არავისთან არ ჰქონია, არც ერთ თავისუფალ დემოკრატთან. უმრავლესობიდან მისმა წამოსვლამ და ჩვენთან დაბრუნებამ ერთბაშად გადაწონა „ქართული ოცნების“ ყველა ახალი შენაძენი ერთად აღებული. პარლამენტი ქვის კიბეებით იწყება.

გვიან ღამით შინ ვბრუნდები: დედა, მოვედიიი!

12 ნოემბერი, ოთხშაბათი

ათისთვის გავედით. ქუთაისში პარლამენტის სხდომა გველოდება. მძღოლის გარდა მე და ჩიქო ვართ მანქანაში. ირაკლი ჩიქოვანი თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარეა. სერიოზული ჩიქო საქმიანად სდუმს, იცის, რომ რაღაცას ვცოდვილობ. რადიო თავისუფლებისთვის დღიურებს ვწერ-მეთქი, ვუთხარი. მაგრამ ხელი არ შემიშალო-მეთქი, არ მიგულისხმია. ცოტა დავიღალე და მომბეზრდა.

– გესმის, ჩიქო?! დილით დამირეკა ერთმა ადამიანმა და ისიც იმავეს მეუბნება... აი, წაგიკითხო?

ყურადღებით მისმენს, მე კი ეკრანიდან ვუკითხავ:

დილით ლიფტით ჩამოვდიოდი, როცა მეგობარმა დამირეკა, რატომ ამას არ პასუხობთო, და ის სასაცილო შეკითხვა გამიმეორა, რომლითაც ირაკლი ალასანიას ტელეარხებზე გააფთრებით ერჩიან: თუ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლა დააპირა ევროატლანტიკური კურსის, ანუ ნატოსთან დაახლოების ჯერ უჩუმრად დაბრკოლება, მალე კი რადიკალურად შეცვლა, თუ მართლაც ამიტომ მოახსნევინა თავი, და ამის გამო დატოვეს ირაკლის ნათესავ-მეგობრებმა უმაღლესი თანამდებობები, მისმა პარტიამ კი საპარლამენტო უმრავლესობა... თუ ესაა მიზეზი, და არა რეალური დანაშაული მის უწყებაში... მოკლედ, რატომ არ აგვიხსნის საჯაროდ და ყველას გასაგონად ირაკლი ალასანია თავისი განცხადებების ნამდვილ საფუძველს?

ირაკლიმ, ბუკამ, მაიამ და ვიკამ ტელევიზიით არაერთხელ გასაგებად განმარტეს, რომ რადგან ნატო, პირველ რიგში, სამხედრო გაერთიანებაა, ამიტომ მასთან ურთიერთობას თავდაცვის სამინისტრო წარმართავს, და არა რომელიმე სხვა უწყება, რადგან თავდაცვის მინისტრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გერმანიაში და საფრანგეთში ვიზიტად იმყოფებოდა, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სწორედ ამ დროს პროკურატურის სპეცოპერაცია თავდაცვის უწყებაში იწვევდა საფუძვლიან ეჭვს, რომ ასეთი დემონსტრაციული თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე, პირდაპირ თუ ირიბად, არის თავდასხმა ნატოსთან დაახლოების პროცესზე. და არ ითქვა კიდევ რაღაც, რის საჯაროდ თქმის უფლებას ქვეყნის ინტერესები არასდროს მოგვცემს.

განსაკუთრებული მონდომებით ამ კითხვას ისინი სვამენ, ვინც უმრავლესობაში დარჩენილების მეთაურებისთვის გულმოდგინეობს. ისეთი დაჟინებით იმეორებენ ამ კითხვას, თითქოს მომაკვდინებელ მტკიცებულებას წარმოადგენდეს ირაკლის სიტყვიერი ახსნა-განმარტების ლაკონიურობა. რატომღაც არ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას მოქმედების და საქციელის ენაც კარგად ესმის, და რომ საქმისაც უფრო მეტად თუ არა, არც ნაკლებად სჯერა, ვიდრე სიტყვების. საზოგადოებამ, მისმა გარკვეულმა ნაწილმა მაინც, მომხდარისწორად გაიგო.

რიკოთს მივუახლოვდით.

ირაკლის მოხსნას მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის, მისი მოადგილის დავით ზალკალიანის და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დაუყოვნებელი ნებაყოფლობითი გადადგომა თანამდებობებიდან. თავისუფალი დემოკრატების ფრაქციაც გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან, „ქართული ოცნებიდან“. როგორც ჩანს, ამბობენ საზოგადოებაში, ასეთმა გაუგონარმა, მკვეთრმა, მშვიდობიანმა და ერთსულოვანმა პროტესტმა გაჭრა და მიზანს მიაღწია. ვარაუდობენ, ამის შედეგად, ალბათ, საფრთხე ახლა თითქოს შეყოვნებულია. ყოფილმა მინისტრებმა, სულ მცირე, დრო მაინც მოგვაგებინეს ჩვენ, ქვეყანას და მის მეგობრებს. ასეთია საზოგადოების დამოუკიდებელი ნაწილის პასუხი იმ ვითომდა მწვავე კითხვაზე.

− გასაგებად ვწერ, ჩიქო? შენთვის კი არა, სხვებისთვის?

ტელეფონი რეკავს. ცუგო იქნება, რა თქმა უნდა. „ნინუკ, ჩახვედი?“ „ჩავედი, ცუგო, ჩავედი...“

13 ნოემბერი, ხუთშაბათი

პარტიის ოფისში მივდივარ. ქუთაისიდან გუშინვე წამოვედით და ოფისში ვიყავით გვიანობამდე. ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით და ვბრაზობდით, მაგრამ არა ყველანი. ალექსი პეტრიაშვილი, ანუ ბუკა, მართალია, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და წყალბურთელია, მაინც ყოველთვის მზადაა, სიმხნევე და იუმორი არ დაგვაკარგვინოს. ირაკლის მოხსნასაც ასე თავისებურად შეხვდა. „მაესტროზე“ იყო პირდაპირ ეთერში, როცა ეს ამბავი სტუდიაში გამოაცხადეს. თვითონაც იქვე განაცხადა, ხვალ მე თვითონ გადავდგებიო და გადაცემის წამყვანს შაყირით დაემშვიდობა – იმ ცნობილი ფრაზით მოახლოებულ დიქტატურასა და საფრთხეში ჩავარდნილ დემოკრატიაზე; ოღონდ ქართულად თქვა, ფრაზის ავტორის ინტონაციით. დროული იყო, ზუსტიც და ძალიან სასაცილოც, ნამდვილი „მასტერკლასი“.

მირეკავენ, უნდა ვუპასუხო ხოლმე, თორემ ისედაც ვერავის ვნახულობ, განსაკუთრებით ბოლო დროს. ბავშვობის მეგობრებიც შფოთავენ და წუხან ჩემ გამო. ჩანთაში ტელეფონს მივაგენი და ვპასუხობ. ჩემი ერთი მეგობარი რეკავს, დედაჩემის და პატარა გიორგის ამბავს მეკითხება. მერე უცბად მეუბნება: „კარგია, რომ ისევ ისინი შეკრებილხართ, თავიდან ვინც იყავით.“

მართლაც არის ამაში რაღაც ძალიან კარგი და სიმბოლური.

14 ნოემბერი, პარასკევი

ვიღვიძებ და ისევ ფიქრები თავს არ მანებებს. ყავას ვისხამ.

...ვფიქრობ, ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ის მიჩნეულია ასეთად. რამდენადაც სხვები, საზოგადოება და სახელმწიფო, მიიჩნევენ, რომ თავისუფალია ეს მოქალაქე, ეს პიროვნება, მხოლოდ იმდენად შეიძლება იყოს იგი სრულფასოვნად თავისუფალი. სხვები გვანიჭებენ თავისუფლებას. ბავშვი ხომ სხვებისგან იგებს თავის სახელსა და გვარს, იგებს, რომ ბიჭია ან გოგო, ვინ არიან მისი მშობლები, როდის და რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. რადგან ეს არ გვიკვირს, რაა უცნაური იმაში, რომ ჩვენი თავისუფლების შესახებ თავიდან ასევე სხვებისგან უნდა გავიგოთ, სხვებმა უნდა გვასწავლონ, რას ნიშნავს ეს. მაგრამ მხოლოდ მონიჭებული საჩუქარი ვერ იქნება თავისუფლება. მას სათანადო განცდა უნდა ახლდეს და სათანადო ჩვევების შეძენასაც აუცილებლად საჭიროებს. მოკლედ, თავისუფლება განათლების საქმეა, ცხადია, საუკეთესო განათლების.

ხშირად ვფიქრობ, რომ აუცილებლობა, განსაკუთრებით მოვალეობის სახით, განუყრელადაა დაკავშირებული სწორედ თავისუფლებასთან, უერთმანეთოდ კი ისინი უფასურდებიან და ქრებიან. მართლაც, როგორც კი შენს ღირებულებებს დათმობ და პრინციპებს უღალატებ, საკუთარი თავის პატივისცემასაც დაკარგავ და გამოვა, რომ ვიღაცის ნებაზე დადიხარ ან რაღაცას ეგუები, საკუთრება ხარ და არა ღირსების მქონე, დამოუკიდებელი ადამიანი. მართლაც, ხომ ნათელია, რომ თუ თავისუფლების დაცვა ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად არ იკისრე, ან სხვა წაგართმევს მას, ან თვითონ გადაეჩვევი. მართლაც, ყველაზე მავნე ჩვევაა თავისუფლება, შემაწუხებელი და სიმყუდროვის დამრღვევი, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ სახიფათო... მაინც არავის ვურჩევ მისთვის თავის დანებებას!

მალე ჩემოდნის ჩალაგება უნდა დავიწყო. ცოტა მეზარება.

15 ნოემბერი, შაბათი

დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. 32 წლის ხდება. თვითმფრინავში ვზივარ და ამერიკაში მივფრინავ. რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დაგვპატიჟა საქართველოდან სამი დეპუტატი ქალი. მიხარია. თან ვიცი, რომ იქ ბილეთი ადვილად შემიძლია გადავცვალო და ზეგვე დავბრუნდე, თუ საჭირო გახდა.

XS
SM
MD
LG