Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა


ნინო გვენეტაძე, გიორგი მარგველაშვილი
ნინო გვენეტაძე, გიორგი მარგველაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ერთთვიანი განხილვების შემდეგ პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი, ნინო გვენეტაძე, 20 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო 23 მარტს ის პრეზიდენტმა ოფიციალურად წარუდგინა მოსამართლეებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ნინო გვენეტაძემ ოფიციალურად გადაიბარა. მის წარსადგენად 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევებსა და ვალდებულებებზე ისაუბრა, რომელთაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გაუმკლავდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო დამკვიდრდეს:

„სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტი არის სამართალი. აქ, სადაც დღეს ჩვენ ვდგავართ, სხვა ყველა ინტერესი არის მიღმა. ჩვენ აქ ვიღებთ მთავარს - არა რომელიმე პოლიტიკოსის სიმართლეს, არა ამა თუ იმ შეხედულების სიმართლეს, არამედ სიმართლეს, როგორც ასეთს; სიმართლეს, რომელიც არის საბოლოო ვერდიქტი იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი“.

სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობის ამაღლება სასამართლოსადმი არის ის უმთავრესი მიზანი, რაზეც თქვენ იღვწოდით და ახლა ჩემთან ერთად ერთობლივად მოგვიწევს ამაზე ფიქრი...
ნინო გვენეტაძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილი 28 კანდიდატიდან ნინო გვენეტაძე სწორედ პრეზიდენტმა შეარჩია. მაშინ, 17 თებერვალს, გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატი დაახასიათა როგორც პრინციპული, მენეჯერული თვისებების მქონე, პარტიული გავლენებისგან თავისუფალი პროფესიონალი. ამ კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი და, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, დაახლოებით ერთთვიანი განხილვების შემდეგ, ნინო გვენეტაძე 20 მარტს პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რის შემდეგაც მან ფიცი დადო:

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად აღვასრულო მოსამართლის მაღალი დანიშნულება“.

23 მარტს გიორგი მარგველაშვილი სასამართლოს თავმჯდომარეობის საკითხზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობასაც შეეხო. წარდგენას უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრებოდა, რაც, პრეზიდენტის თქმით, სამართლებრივი ინსტიტუტებისადმი პატივისცემის ნიშანია.

კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ გარდამავალ ეტაპზე, რომელშიც ახლა, მისი თქმით, საქართველო იმყოფება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია:

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ამ პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეები გამოიარა და უამრავი პრობლემა გადალახა, ჩვენ მაინც ჯერ კიდევ გვიწევს იმის თქმა, რომ ჯერ არ ვართ ბოლოში მისული და მინდა სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა ვუსურვო“.

ნინო გვენეტაძემ კი მოსამართლეებს მიმართა და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსამართლე ნებისმიერ სიტუაციაში იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენებისაგან:

„სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობის ამაღლება სასამართლოსადმი არის ის უმთავრესი მიზანი, რაზეც თქვენ იღვწოდით და ახლა ჩემთან ერთად ერთობლივად მოგვიწევს ამაზე ფიქრი“.

ნინო გვენეტაძე, რომელიც უკვე შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარეა.

XS
SM
MD
LG