Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის დასუფთავების სტუდენტური პროექტი თუ წინასაარჩევნო კამპანია


21 სექტემბრის 22 საათზე სრულდება თბილისის მერიის მიერ იმ სტუდენტთა რეგისტრაცია, რომლებმაც უქმე დღეებში დედაქალაქის დასუფთავების სურვილი გამოთქვეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დღეში 30-30 ლარი მიიღონ შაბათ- კვირას დედაქალაქის დასუფთავებაში მონაწილეობის საფასურად. მათ, საერთო ჯამში, 4 დღე მოუწევთ საქმიანობა და 120 ლარის გამომუშავებას შეძლებენ. ეს პროექტი ადგილობრივი არჩევნების წინ ხორციელდება და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია.

თბილისის დასუფთავების სტუდენტური პროგრამა უკვე განხორციელდა დაახლოებით 1 თვის წინ და ასობით სტუდენტმა 30 დღის მუშაობით 300 ლარის გამომუშავება შეძლო. თბილისის მერია სტუდენტებს დაახლოებით ამ თანხის ნახევარს ახლაც დაჰპირდა არჩევნების წინა ორი შაბათ-კვირის - საერთო ჯამში, 4 დღის - მუშაობაში.

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური ისმოდა 20 და 21 სექტემბერს სპორტის სასახლესთან, 120 ლარის გამომუშავების მსურველ სტუდენტთა გრძელ რიგებში. ზოგიერთი მათგანი რიგებს უჩიოდა, ზოგიერთს გაუმართლა და ზოგიც გამომუშავებული ფულის დახარჯვაზე ოცნებობდა.

[სტუდენტების ხმა] ”დილის 8 საათიდან ვდგავარ...”

ამ სტუდენტებს 23, 24, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს საცხოვრებელი ადგილების მიხედვით თბილისის დასუფთავებაში მონაწილეობის მიღება მოუწევთ. თავდაპირველად მხოლოდ 2000 სტუდენტის დროებითი დასაქმება იგეგმებოდა. თბილისის ვიცე-პრემიერის გიორგი მელაშვილის განცხადებით, სტუდენტთა დიდი ინტერესის გამოვლენის შემდეგ დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა:

[გიორგი მელაშვილის ხმა] ”გარკვეულწილად მოულოდნელობას წარმოადგენდა...”

თავდაპირველად ამ პროექტისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარის გამოყოფა გადაწყდა, თუმცა ახლა დედაქალაქის მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლა დასჭირდება. არადა, მსგავსი ხარჯები და შესაბამისი მუხლი თბილისის 2006 წლის ბიუჯეტში არ არსებობს. საიდან მოხდება თანხის გაცემა, ამას ახლა არავინ ამბობს. დედაქალაქის მთავრობას ორი ვარიანტი აქვს: სტუდენტთა დროებითი დასაქმების პროგრამა ან თბილისის მერის გიგი უგულავას სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს, ან კიდევ პოსტფაქტუმ შეიტანოს ცვლილება 2006 წლის ბიუჯეტში.

ასე იყო ზაფხულში, დედაქალაქის დასუფთავების პირველი სტუდენტური პროგრამის შემთხვევაში: ქალაქის თვითმმართველობამ მხოლოდ მაშინ ჩაწერა შესაბამისი მუხლი ბიუჯეტში, როცა ხარჯები უკვე კარგა ხნის გაწეული იყო. ამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისგან, რომელმაც მმართველი პოლიტიკური ძალა დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ვაკეთებთ, ხომ არ ვაფუჭებთო, - იყო საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის პასუხი.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”იმის არდანახვა...”

სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულით განხორციელებული პროექტები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პლაკატების თემაა.

ამ დღეებში თბილისში გამოკრულ პლაკატებზე, რომლებზეც გახარებული სტუდენტები და გაღიმებული გიგი უგულავაა გამოსახული, დიდი ასოებით წერია: ”ჩვენი მერი ზრუნავს ჩვენს დასაქმებაზე”. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერის ანა დოლიძის განმარტებით, საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება კანონის უხეში დარღვევაა.
XS
SM
MD
LG