Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში შანტაჟის გზით ცდილობენ, "გააჩუმონ" რადიო თავისუფლების კორესპონდენტი


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა
ცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი „ბინძური შანტაჟის მცდელობა“ უწოდა "რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტმა სტივენ კორნმა ამ რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას. ისმაილოვამ, რომელიც ცნობილია კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიებებით, მიიღო ფოტოსურათებით სავსე საფოსტო გზავნილი, რომელშიც მას ემუქრებიან, რომ გამოაქვეყნებენ მის ინტიმურ ფოტოებს.

„გონს მოდი, კახპავ, თორემ სახალხოდ გამოგაჭენებთ“, - ასეთი წარწერა ჰქონდა საფოსტო გზავნილს, რომელიც სავსე იყო ინტიმური ფოტოსურათებით. დამშანტაჟებლებმა ფოტოები ხადიჯა ისმაილოვას სახლში დამონტაჟებული ფარული კამერით გადაიღეს და იმედი აქვთ, რომ მათი გამოქვეყნების მუქარით დააშინებენ ჟურნალისტს, რომლის საგამოძიებო რეპორტაჟებმა ფარდა ახადა იმ კორუფციულ სქემებს, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები.

თუმცა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა უკანდახევას არ აპირებს და საჯაროდ აცხადებს, რომ ყველანაირ შანტაჟის კამპანიას მტკიცედ და შეუვალად დაუპირისპირდება:

„გუშინ მე საჯაროდ და მკაფიოდ განვაცხადე, რომ ეს შანტაჟი მე ვერ გამაჩერებს. და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ცილს დამწამებენ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სიბინძურეს გაავრცელებენ ჩემზე, - ეს მე ვერ გამაჩერებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი პოზიციის სიმართლეში.“
მათ მოკლეს ელმარ ჰუსეინოვი და გააჩერეს იგი. მათ დაშინებით, მოქრთამვითა და შანტაჟის გზით აიძულეს ბევრი სხვა ჟურნალისტი შეეწყვიტათ საქმიანობა ...
ხადიჯა ისმაილოვა

როგორც ზემოთ ითქვა, ცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი „ბინძური შანტაჟის მცდელობა“ უწოდა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კორნმა ამ რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას.

ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელია. 2008-2010 წლებში იგი სათავეში ედგა ჩვენი რადიოს ბაქოს ბიუროს. ამჟამად რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში ხადიჯა ისმაილოვა უძღვება პოპულარულ საავტორო პროგრამას "სამუშაოს შემდეგ". გარდა ამისა, ხადიჯა ისმაილოვა წარმატებით მოღვაწეობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო იმ რეპორტაჟებისათვის, რომლებმაც ფარდა ახადა კორუფციას აზერბაიჯანში და, მათ შორის, სააშკარაოზე გამოიტანა პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა. განვაგრძო ჩემი საქმიანობა, ეს არის ყველაზე საუკეთესო პასუხის ჩემ მიმართ განხორციელებულ შანტაჟის მცდელობაზე, - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ ჩვენს რადიოსთან საუბარში.

„მათ მოკლეს ელმარ ჰუსეინოვი და გააჩერეს იგი. მათ დაშინებით, მოქრთამვითა და შანტაჟის გზით აიძულეს ბევრი სხვა ჟურნალისტი შეეწყვიტათ საქმიანობა. ჟურნალისტების დაშინების პრაქტიკა უნდა შეწყდეს. და როდესაც ისინი შეიგნებენ, რომ დაშინებით, შანტაჟითა და მოკვლით შეუძლებელია ჟურნალისტების გაჩუმება, როდესაც, ყოველივე ამის მიუხედავად, არავინ გაჩუმდება, მაშინ ისინი დაინახავენ ამ ყველაფრის უსარგებლობას და შეწყვეტენ ამის კეთებას. და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ის, რომ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და პასუხი გავცე მათ.“

7 მარტის მუქარის წერილამდე ხადიჯა ისმაილოვა არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, ხოლო სამთავრობო მედიამ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კაპმანია გააჩაღა. "რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტმა სტივენ კორნმა განაცხადა, რომ „ამაყობს ხადიჯა ისმაილოვას საქმიანობით“ და პირობას დებს, რომ მომავალ კვირაში, ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე დააყენებს ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენების საკითხს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG