Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის მოლოდინში


მოცულობისა და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე დიდი რეგიონის - იმერეთის მხარის - ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, მუშაობას 17 დეკემბრიდან შეუდგა. მეფარიშვილმა სამუშაო დღე გუბერნიის თანამშრომლებთნ შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმ სამუშაოთა ჩამონათვალი გააცნო, რომელთა განხორციელება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში უახლოეს თვეებში იგეგმება. ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და მთავრობის წინაშე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი გადაუჭრელი პრობლემები დაგროვდა, რომელთა მოსაგვარებლადაც ადმინისტრაციის 27 თანამშრომელი არასაკმარისია. ამიტომ პირველ ეტაპზე რწმუნებულის აპარატში რეორგანიზაცია იგეგმება, რომლის მიხედვითაც, მოქმედი 6 სამსახური 4-მდე შემცირდება და სამსახურებში საშტატო ერთეულების რაოდენობა გაიზრდება. ახალ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგებიც 2014 წლის იანვრის ბოლომდე გახდება ცნობილი. ზაზა მეფარიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მომავალი ვიცე-გუბერნატორების ვინაობა არ დაასახელა და განაცხადა, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობას დატოვებს სამიდან ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი, ამირან ძოწენიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ზაზა მეფარიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სხვა გუბერნატორებთან ერთად თანამდებობაზე 13 დეკემბერს წარადგინა და პირველი დავალებაც მისცა: ზამთარში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება. იმერეთის ახლად დანიშნული გუბერნატორის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, უამინდობის გამო, იმერეთის მაღალმთიან სოფლებში პრობლემები შეიქმნა.

ზაზა მეფარიშვილის წარდგენისთანავე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ: ახალ სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში, როგორც ახლად წარდგენილი რწმუნებულების უმეტესობას, ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობა ეჭირა. ზაზა მეფარიშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

როგორც საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე აცხადებს, ზაზა მეფარიშვილთან მას მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს და დარწმუნებულია, რომ გუბერნატორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კონსრტრუქციული თანამშრომლობა შედგება.

ზაზა მეფარიშვილის წარდგენის შემდეგ ადგილობრივმა ინტერნეტგამოცემამ „ნიუსპრეს“-მა სახელმწიფო რწმუნებულის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ზაზა მეფარიშვილმა მიმდინარე წლის 21 მაისს შეავსო, ის და მისი მეუღლე რამდენიმე საამშენებლო ფირმის პარტნიორები არიან.

თავად ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, გუბერნატორად დანიშვნამდე ბოლო რვა თვე მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, კიდევ უფრო ადრე კი სამოქალაქო სექტორში იყო დასაქმებული.
XS
SM
MD
LG