Accessibility links

logo-print

“აღმოაჩინე ქართული კინო” - ასე ქვია შეერთებულ შტატებში ქართული კინოს რეტროსპექტივას, რომელიც რვა თვის განმავლობაში გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 13 და 14 აპრილს ვაშინგტონის მაყურებლის წინაშე ორი ფილმით ნინო კირთაძე წარსდგა. ფილმები დოკუმენტური ჟანრისაა და ძირითადად ქართულ ყოფას, სოციალურ და საზოგადოებრივ პრობლემებს ასახავს. ჩვენებას ამერიკელ მაყურებელთან ერთად შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ.

საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, რეტროსპექტივა შეერთებულ შტატებში ქართული კინოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს:

“შეერთებულ შტატებში რეტროსპექტივის ფარგლებში რამდენიმე ათეული ქართული ფილმი იქნა წარმოდგენილი. ამერიკელმა მაყურებელმა ქართული კინოკლასიკის ნიმუშებთან ერთად, თანამედროვე ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიც იხილა. რეტროსპექტივა თავისი მასშტაბით უნიკალურია და ამ რაოდენობის ქართული ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს უჩვენებიათ. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რეტროსპექტივის ამერიკელი ორგანიზატორები ღირსების ორდენით დაჯილოვდნენ და საქართველოს საელჩო მათ ამ ჯილდოს უახლოეს მომავალში სპეციალურ ღონისძიებაზე გადასცემს.”

რეჟისორი ნინო კირთაძე გასული საუკუნის 90 წლებიდან საფრანგეთში მოღვაწეობს. იგი ფრანგ ავტორთა გაერთიანების და ევროპული კინოაკადემიის წევრია. ნინო კირთაძის ფილმებმა არაერთხელ მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და რამდენიმე მათგანი პრესტიჟული პრიზით დაჯილდოვდა. ამ ფილმებს შორისაა, ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის „მილსადენი მეზობლად", რომელიც ამერიკელმა მაყურებელმა 13 აპრილს ვაშინგტონში იხილა.

მეორე ფილმი “არ ისუნთქო”, რომელიც ნინო კირთაძემ ამერიკელ მაყურებელს 14 აპრილს უჩვენა, ასევე დოკუმენტური ჟანრისაა. თუმცა რეჟისორმა მასში შეთხზული ისტორიის ელემენტებიც შეიტანა. A”არ ისუნთქო” რეჟისორ ნინო კირთაძის ბოლო ნამუშევარია.

“ფილმის პირველი ჩვენება 2014 წელს ტორონტოს ფესტივალზე მოეწყო. შემდეგ ფილმი თბილისის და პარიზის მაყურებელმაც ნახა. პარიზის ჩვენებაზე საქართველოდან ფილმის მთავარი გმირებიც ჩამოვიდნენ. ამ ეტაპზე ორ ახალ პროექტზე ვმუშაობ, ერთი მათგანი ნახევრად დოკუმენტური ჟანრისაა, მეორე ფილმი კი მხატვრულ სიუჟეტზეა აგებული.”

შეერთებულ შტატებში ქართული კინოს რეტროსპექტივა, რომელიც რვა თვის განმავლობაში გრძელდება, ამერიკელ მაყურებელს ქართული კინოს ტრადიციებს აცნობს.

XS
SM
MD
LG