Accessibility links

logo-print

თანხების უკანონო გათეთრების თემა ბოლო პერიოდის მსოფლიოში ისლამისტი ტერორისტების და რუსეთის მიმართ, უკრაინის ანექსიის გამო, დაკისრებული სანქციების გამო უფრო აქტუალური გახდა. ამერიკული ბანკები ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ. ფულის გათეთრების სქემას ქართველი იურისტი ნინო ტაბატაძე ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკის ამერიკის ცენტრალურ ოფისში იკვლევს, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. წარმატებული ქართველის პორტრეტზე თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ნინო ტაბატაძე ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლებლად 2009 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩამოვიდა. 2011 წელს სწავლა დასრულდა და ვალდებულების თანახმად საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა ამერიკაში მან მომავალი მეუღლე, მალხაზ მანგოშვილი გაიცნო, რომელსაც ამერიკის, ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკის ცენტრალურ ოფისში საინფრომაციო-ტექნოლოგიურ სფეროში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. ნინო მალე დედა გახდა, მისი ოჯახური მდგომარეობის გამო მსოფლიო ბანკი დათმობაზე წავიდა და ნინო ტაბატაძე შეერთებულ შტატებში დარჩა.

ნინო კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ჯიპა, სადაც ლექციებს გიორგი მარგველაშვილი უკითხავდა. ბანკში გამოცხადებულ ვაკანსიას მალე გამოეხმაურა - რეზიუმეების გაგზავნას, გადარჩევას ბანკში სამი სატელეფონო, ორი პირადი შეხვედრა მოჰყვა და ნინო ტაბატაძემ ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობა ჩვეულებრივი, ინსპექტორის თანამდებობაზე დაიწყო. თუმცა ერთ წელიწადში ის დააწინაურეს და ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტი გახდა. ნინო ტაბატაძის მოვალეობა საეჭვო საფინანსო ოპერაციების, ფულის გათეთრების სქემის გამოვლენაა, მათი მიწოდება ინფორმაციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელთან, რის შემდეგაც საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ერთვება. უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების შემდეგ ნინოს მუშაობა შვებულების დროს, თბილისიდანაც უწევდა.

ნინო ტაბატაძე: მე თავისუფლად ვფლობ რუსულ ენას და აღმოსავლეთ ევროპა უკეთ ვიცი, ვიდრე აქ იციან, ვისთანაც ვმუშაობ. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსული წყაროების გაანალიზება იყო საჭირო. რატომ ხდებოდა დამრგვალებულ თანხაში ფულის მოძრაობა როცა აქ, არასოდეს ამრგვალებენ თანხას. მე ვხსნიდი ამ და ათას სხვა წვრილმანს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის სპეციფიური. თბილისშიც მიკავშირებოდნენ, და ვმუშაობდი, არ მითქვამს უარი შვებეულების გამო. ჩვენი კულტურა და მიდგომა საქმისადმი-მგონი ეს იყო განმსაზღვრელი, როცა დამაწინაურეს და ეს არ უკავშირდება ერთ კონკრეტულ ფაქტს, ალბათ უფრო კონფლიქტს, რომელიც უკრაინასთან დაიწყო, რუსეთს დაეკისრა სანქციები და ჩვენ ვიყავით გაასმაგებული ყურადღებით, რომ რამე არ გაგვპარვოდა. მე ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელი რესურსი გავხდი, რადგან რუსულად შემეძლო კითხვა და გარჩევა. როგორც კი ეს ამბავი ჩაწყნარდა, შემდეგ თქვეს - ეს გოგოა ღირსია, რომ უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავოს.

პასუხისმგებლობასთან ერთად, საქმეც გაიზარდა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის ხარისხი პირდაპირპროპორციულია ფინანსურ წყაროსთან და საერთაშორისო გადარიცხვებთან. ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკში შესაბამის განყოფილებებში სპეციალური ინსტრუქციები მოქმედებს. თანამშრომლები მუდმივად ტრეინინგებს გადიან, ეცნობიან ლიტერატურას ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების უახლეს მეთოდებთან დაკავშირებით, რომელსაც ტერორისტები ხშირად ცვლიან.

ნინო ტაბატაძე: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტერორისტთა სახელები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგალითად მოჰამედი ძალიან გავრცელებული სახელია. ზოგჯერ შეიძლება ეჭვი არ გამართლდეს, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ არ განვაცხადოთ თუკი რიამე საეჭვო მოგვეჩვენა. თავიდან რომ დავიწყე მუშაობა მსხვილ გადარიცხვებს ვამოწმებდით, თუმცა ნელ-ნელა ლიტერატურაში გამოჩნდა ტერორიზმის დაფინანსების ახალი ტენდენცია, და ახლა სულ არ არის აუცილებელი ერთიანად 900 მლნ დოლარის გადარიცხვა მოხდეს, პატარა თანხებითაც ხდება ეს. ამიტომ, რასაც ჰქვია ყოველ დოლარს და ადამიანს მივყვებით. განგაშიც აგვიტეხია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურებიც ჩარეულან. დაგეგმილი მოვლენა აღკვეთილა ისე, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შევიტყვეთ, რომ აი ამ საქმეზე კვლევა პირველად ჩვენ დავიწყეთ.

საინტერესო და აქტიური ამერიკული კარიერის მიუხედავად, ნინო ტაბატაძეს საქართველოში დაბრუნება და იქ მუშაობა სურს.

ნინო ტაბატაძე: მგონია რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და თუ ასე იფიქრა ყველამ, რომ მოდი არ ღირს და არ წავალ, მაშინ ჩვენ ქვეყანას არ ექნება მომავალი. განა იმას ვამბობ, რომ იქ არ ვარგა არავინ, რა სისულელეა. ჩვენ არა მარტო კოლუმბიის დამთავრება, არამედ კანონთან დამოკიდებულებას ვსწავლობთ და ვხედავთ როგორი სხვანაირია ქვეყანა. ელემენტარულად, წითელი როდესაც არის შუქნიშანზე, ჩერდები და თურმე საქართველოში ეს კიდევ სასწავლებელია.

მას ამაზე არასოდეს უოცნებია, თუმცა ამერიკული ოცნება მის ცხოვრებაში-კარგი ოჯახი, წარმატებული თანამდებობა, პერსპექტივა - თავისით მოვიდა. ახლა მისი ოცნება საქართველოში დაბრუნებაა, თუმცა შუქნიშანზე ჯერ ისევ წითელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG