Accessibility links

logo-print

ნიქოზის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი თემში შემავალი სოფლებისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. სოფლები ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი და ზემო ხვითი ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზევით მდებარეობს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ნიქოზი მაღალმთიანი სოფლების სიაში შეეყვანათ, სოფელს სხვა კრიტერიუმებიც უნდა დაეკმაყოფილებინა. საქართველოს კანონში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ წერია, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, კლიმატური პირობების, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმცირის, დემოგრაფიული მდგომარეობის, გამწვავებული მიგრაციული პროცესების და კიდევ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ადგილს, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამ კრიტერიუმების შესახებ ნიქოზელებისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. ამას ისიც დაერთო, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ერგნეთი მაღალმთიანი სოფლების სიაში მოხვდა. ნიქოზის მცხოვრები ნინო მინდიაშვილი აცხადებს, რომ სოფელში, რომელიც ცხინვალის გვერდით მდებარეობს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, რის გამოც მიგრაციული პროცესები გაზრდილია.

ნიქოზის მცხოვრები მარი მჭედლიძე ამბობს, რომ სოფელს 2008 წლის ომამდე არაფერი უჭირდა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მოწეული მოსავლის რეალიზაციას ცხინვალში უპრობლემოდ ახერხებდა, მაგრამ ომის შემდეგ ნიქოზის როგორც ინფრასტრუქტურა, ისე მიწის ნაკვეთები დაზიანდა და გადახმა, მოსახლეობას კი სოციალურად ძალიან გაუჭირდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ამჟამად სპეციალური კომისია ნიქოზის თემში შემავალი სოფლებისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხს არ განიხილავს. მისი თქმით, ნიქოზში, როგორც ომისგან დაზარალებულ სოფელში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ეს სოფლები შესაბამის კრიტერიუმებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს. ონიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ სოფლების სტატუსის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიხედვით, მთაში დაბადებულ ყოველ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას მიიღებს, იზრდება პენსიები და ხელფასები პედაგოგებისა და ექიმებისთვის, ასეთი რეგიონებისთვის იგეგმება გათბობისა და ელექტროენერგიის შეღავათების ამოქმედება. შეღავათები წესდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისთვის შეღავათები განისაზღვროს, რაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ეს კანონი ბევრი სოფლისთვის უკვე მიმზიდველი გახდა და ადგილზე მცხოვრები ადამიანები ამ შეღავათებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამენ. ნიქოზელების მოთხოვნაა, რომ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და საინფორმაციო შეხვედრები გამართონ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG