Accessibility links

logo-print

გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და პირველ გვერდზე განთავსებული სარედაქციო წერილი დაუთმო მოწოდებას აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებისკენ. 5 დეკემბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი მოიცავს მოწოდებას იმ ტიპის იარაღის აკრძალვისკენ, რომლებიც კალიფორნიაში მომხდარი სროლის დროს გამოიყენეს. სროლას 14 ადამიანი შეეწირა. სიედ რიზვანმა ფარუკმა და ტაშფინ მალიკმა, ცოლ-ქმარმა, სან ბერნარდინოში მასობრივი სროლა განახორციელეს კანონიერად ნაყიდი, 223-კალიბრიანი თავდასხმითი ცეცხლსასროლი იარაღით. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, სროლის გამოძიება მიმდინარეობს „ტერორიზმის აქტის“ კვალიფიკაციით. წყვილს ასევე ჰქონდა ნახევრადავტომატური პისტოლეტები. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, მალიკი, სავარაუდოდ, სოციალური მედიით ერთგულებას უცხადებდა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს. „გარკვეული სახის იარაღის, მაგალითად, კალიფორნიაში გამოყენებული, ოდნავ სახეცვლილი საბრძოლო იარაღის, ისევე, როგორც გარკვეული ტიპის ტყვია-წამლის ფლობა უნდა აეკრძალოს სამოქალაქო მოსახლეობას“ - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილში.

„ლოს-ანჯელეს ტაიმსმა“ 4 დეკემბერს დაწერა, რომ ფარუკს ასევე კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე ორ ექსტრემისტულ ჯგუფთან, სირიაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ნუსრას ფრონტის და სომალიში მოქმედ ალ შაბააბის ჩათვლით. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კოუმიმ ჟურნალისტებს ვაშინგტონში 4 დეკემბერს უთხრა, რომ გამოძიებას მიეცა ფედერალური ტერორიზმის კვალიფიკაცია. „ამის მიზეზი ისაა, რომ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მკვლელების რადიკალიზაციის და უცხოელი ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან სავარაუდო შთაგონების ნიშნებიო“, განაცხადა მან. კოუმის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ წყვილი ტერორისტული ჯგუფის ან ქსელის წევრია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთს, ან ორივე მათგანს ჰქონდა კონტაქტი სხვა ინდივიდებთან, რომლებსაც FBI იძიებს, ეს კონტაქტები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ წყვილი ბიუროს „რადარზე“ მოეთავსებინათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG