Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის რუსული ბანდები


 ალექსანდრ გრანტი (მარჯვნივ). 2003 წელი
ალექსანდრ გრანტი (მარჯვნივ). 2003 წელი

დღეს წარმოგიდგენთ ჟურნალისტს, რომელსაც, ალბათ, ვერავინ შეედრება ერთი საკმაოდ სახიფათო თემის ექსპერტობით: ალექსანდრ გრანტი საუცხოოდ ერკვევა ყველაფერში, რაც უკავშირდება ნიუ-იორკში რუსული ბანდების მოქმედებას - იცის, რა ხდებოდა ამ 25 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირიდან შეერთებულ შტატებში გადასახლდა, და რა ხდება ახლა, როცა იარაღიან პოსტსაბჭოთა განგსტერებს ხშირ შემთხვევაში კიბერდამნაშავეები ჩაენაცვლნენ.

„რასაკვირველია, ახლა უფრო მოსაწყენია... ეს ვთქვი კიდეც ჩემს ერთ-ერთ ბოლო პროგრამაში. იცით, როცა ჩვენ ვწერდით ამ თემაზე, ვწერდით როგორც ნახევრად მხატვრულ ლიტერატურას. ეს იყო თავგადასავალი, ეს იყო ავანტიურიზმი, ეს საინტერესო იყო“ - ასე იხსენებს ალექსანდრ გრანტი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანებს, როცა ძლიერი პიროვნებები მართავდნენ კრიმინალურ კასტას, სახელწოდებით „რუსული მაფია“ (ამ კასტაში არამარტო რუსების ყოფნის მიუხედავად). კრიმინალურ სამყაროზე წერის თითქმის 30-წლიანმა კარიერამ გრანტი აქცია ნიუ-იორკში მოქმედი ევრაზიული კრიმინალური სინდიკატების აღიარებულ მემატიანედ.

ის მუშაობდა ემიგრანტთა გაზეთ „ნოვოე რუსკოე სლოვოს“ კორესპონდენტად და ექსკლუზიური ინფორმაციის მოსაპოვებლად წყაროებად იყენებდა მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს, გამომძალველებს, ინტერვიუზე ითანხმებდა კრიმინალურ ავტორიტეტებს... იცნობდა, მაგალითად, სემიონ მოგილევიჩს - წარმოშობით უკრაინელ ემიგრანტს, რომელიც შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეყვანილი ჰყავდა ყველაზე სახიფათო დევნილთა 10-კაციან სიაში.

1990-იან წლებში, როცა ბრაიტონ ბიჩი (ნიუ-იორკის ის უბანი, რომელშიც ბევრი რუსულენოვანი ემიგრანტი ცხოვრობს) ბანდებს შორის დაპირისპირებამ მოიცვა, ამერიკელი ჟურნალისტები ალექსანდრ გრანტს აკითხავდნენ, მას მიმართავდნენ შეკითხვებით საქმეში გასარკვევად.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

„ახლა ძალადობა რუსულენოვან თემში ძირითადად არის ოჯახში ძალადობა, ნასვამების ჩხუბი... მაგრამ იმისათვის, რომ, როგორც წინათ, ვიღაცები იარაღით მოვიდნენ და რაღაცები მოითხოვონ, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე - ეს უკვე კაი 10 წელია აღარ ხდება“ - ალექსნდრ გრანტის განმარტებით, შეიცვალა მთელი გარემო. 90-იან წლებში თითქმის შეუძლებელი იყო რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრანტების დაყოლიება სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე.

„ჯერ ერთი, ეშინოდათ ფიზიკური ანგარიშსწორების და, მეორეც, ეშინოდათ თანამშრომლობისაც, რადგან ხელისუფლებასთან თანამშრომლობა საბჭოთა კავშირში ცოდვად თუ არა, ნაძირლობად მაინც ითვლებოდა. მაშინ იმ პერიოდის ემიგრანტებს არ ესმოდათ, რომ აქ სრულიად განსხვავებული სამართალდამცავი სისტემაა. ახლა სიტუაცია სხვაგვარია. საიუველირო მაღაზიის მეპატრონისაგან მსმენია: ჩემთან რომ მოვიდეს კაცი და მითხრას, ხვალიდან ფული უნდა მომცე ე.წ. კრიშისთვის და მე დაგიცავო, მაღაზიიდან გასვლას ვერ მოასწრებს, უკვე პოლიციაში დარეკილი მექნებაო“, ამბობს ალექსანდრ გრანტი.

ის, რომ იტყვიან, შიგნიდან იცნობს დანაშაულისა და სასჯელის სისტემას. გრანტი 1944 წელს მოსკოვში დაიბადა,ადვოკატის ოჯახში. იხსენებს, რომ მამა ეუბნებოდა, „არავინ არის დაზღვეული ციხეში მოხვედრისგანო“. მოზარდობის ასაკში საბჭოთა შეზღუდვები აითვალწუნა, ნონკონფორმისტ ახალგაზრდებს დაუახლოვდა და ინგლისურის სწავლას შეუდგა.

„საბჭოთა ხელისუფლებასთან თავიდანვე საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ მას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა“ - შესაძლებლობა, რომელიც, როგორც ალექსანდრ გრანტი იხსენებს, გამოიყენეს კიდეც მის წინააღმდეგ.

გრანტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დასავლელ რეპორტიორებთან მეგობრობდა. და ერთხელ (60-იანი წლები იდგა) ფრანგი ნაცნობი მოინახულა საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მოსკოვში უცხოელებისათვის იყო განკუთვნილი. ალექსანდრ გრანტმა მას გადასცა საბჭოთა კავშირში აკრძალული მასალა იოსიფ ბროდსკის - პარაზიტობის ბრალდებით გასამართლებული დიდი პოეტის - სასამართლო პროცესზე. ამის შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ალექსანდრ გრანტი ქუჩაში რომ გავიდა, ის დააკავა ორმა უცნობმა, „დრუჟინიკმა“, ანუ რაზმელმა, როგორც უწოდებდნენ საბჭოეთში ქუჩაში მორიგე მოხალისეებს. იმ კაცს ჰგავხარ, ჩვენ რომ ვეძებთო, უთხრეს და 15 წუთში თავი კაგებეში, ლუბიანკაში ამოაყოფინეს.

ახალგაზრდა ჟურნალისტი ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ვალუტის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებებით გაასამართლეს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით გრანტი ისევ აღმოჩნდა ციხეში - მას შემდეგ, რაც მოსკოვში მანქანით კაცი გაიტანა, უკვე შვიდი წელი დაყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

საბჭოთა ციხეებსა და კოლონიებში გატარებული 12 წელი ჩემთვის სრულიად გამორჩეულ გამოცდილებას ნიშნავსო, ამბობს ალექსანდრ გრანტი: „ჩემთვის ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური პერიოდი, იმიტომ რომ იქ ჩამოვყალიბდი, იქ ჩამომიყალიბდა იმის გაგება, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი“.

პატიმრობის გამოცდილება ალექსანდრ გრანტს პროფესიული საქმიანობისთვისაც გამოადგა. ის პირადად იცნობდა კრიმინალური გაერთიანებების წევრებს, მათ იყენებდა წყაროებად ან მათი დახმარებით უკავშირდებოდა სხვა განგსტერებს ისე, რომ სამართალდამცველთა ეჭვს არ აღძრავდა.

„ჟურნალისტი, რომელიც ამ თემებზე წერს, როგორც ამერიკაში იტყვიან, ღობეზე ზის - იმ და ამ სამყაროს შორის. ძალიან ფაქიზი ბალანსის დაცვა გიწევს, რადგან მენდობიან, ერთი მხრივ, აგენტები გამოძიების ფედერალური ბიუროს რუსული განყოფილებიდან და მენდობიან კანონის დამრღვევებიც“, განმარტავს ჟურნალისტი.

ალექსანდრ გრანტმა 1985 წელს დააღწია თავი საბჭოთა ციხეებს და, ებრაელი ნათესავების დახმარებით, მომდევნო წელს შეერთებულ შტატებში გადასახლდა. ნიუ-იორკში ჩასული, მალევე შეუდგა გაზეთ „ნოვოე რუსკოე სლოვოსთვის“ წერას. წერდა ბორის ნაიფელდსა და მარატ ბალაგულაზე, მონია ელსონსა და ოლეგ კოროტაევზე - „რუსული მაფიის“ მეფეებზე, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ბიზნესმენებსა თუ კონკურენტებს...

მაგრამ მეფეთა დრო წარსულს ჩაბარდა. ყურადღების ცენტრში ახლა კიბერდამნაშავეები დგანან - ხალხი, რომელიც არ იწვევს ალექსანდერ გრანტის პროფესიულ ინტერესს: „ყველა კიბერდანაშაული გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. მოვიდა, მოიფიქრა ინტერნეტში პაროლი. ის არის ჰაკერი, რომელმაც გატეხა დაცვის სისტემა, ხელში ჩაიგდო საკრედიტო ბარათების ერთბაშად ორი მილიონი ნომერი, გაყიდა ეს საკრედიტო ბარათები. გააკეთა ეს საქმე და მერე ზუსტად იგივე მეორდება. იცვლება მხოლოდ სახელები“.

ალექსანდრ გრანტს შეიძლება კიბერდანაშაულები არ აინტერესებდეს, მაგრამ ნიუ-იორკში, მრავალმილიონიან ქალაქში, ბუნებრივია, ბევრი რამ ხდება, რაც მისნაირ ჟურნალისტს უსაქმოდ არ დატოვებს. ის თანამშრომლობს რამდენიმე ემიგრანტულ გამოცემასთან, თავის რადიოპროგრამაში მსჯელობს ნიუ-იორკის კრიმინალურ ქრონიკაზე და უძღვება ტელეპროგრამას, რომელიც ამერიკული პოლიტიკის ანალიზს ეთმობა.

მშობლიურ მოსკოვში წელიწადში ერთხელ მაინც ჩადის, მაგრამ იქ დაბრუნებას არ აპირებს. ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანა, უცხო ქალაქი გახდაო, ამბობს ალექსანდრ გრანტი.

XS
SM
MD
LG