Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს ოფიციალურად გადასცეს ნობელის პრემია


მშვიდობის დარგში ნობელის 2012 წლის პრემის გადაცემის ცერემონიალი. ოსლო, 2012 წლის 10 დეკემბერი
მშვიდობის დარგში ნობელის 2012 წლის პრემის გადაცემის ცერემონიალი. ოსლო, 2012 წლის 10 დეკემბერი
ევროკავშირის მაღალჩინოსნები ორშაბათს ოსლოს სტუმრობდნენ - 10 დეკემბერს, ევროკავშირს ოფიციალურად გადასცეს მშვიდობის დარგში ნობელის 2012 წლის პრემია. ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ევროკავშირის სამი მთავარი ინსტიტუტის - ევროპის საბჭოს, ევროპის კომისიისა და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტებმა ჰერმან ვან რუმპემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ და მარტინ შულცმა პრემია ევროკავშირის 27 წევრის სახელით მიიღეს.

მათ ჯილდო გადასცა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ტორნბიორნ იაგლანდმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის როლზე მშვიდობის შენარჩუნების საქმეში კონტინენტზე ორი მსოფლიო ომის შემდეგ: „ევროპისთვის - სადაც ორივე მსოფლიო ომმა იფეთქა, სავალდებულო გამაერთიანებელი პრინციპი ახალი ინტერნაციონალიზმი უნდა ყოფილიყო. ის უნდა დაფუძნებოდა მიღწევად პრინციპებს - ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად დაისახავდა ამ ქვეყნების თანასწორ პარტნიორებად გადაქცევას ევროპის ბაზრებზე. ამ მექანიზმებით ქვეყნები ერთმანეთს ისე დაუკავშირდებოდნენ, რომ ახალი ომები შეუძლებელი გახდებოდა“.
ნაკლოვანებების მიუხედავად, ევროკავშირს შეუძლია იყოს და არის კიდეც შთაგონების მძლავრი წყარო მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის. გამოწვევები, რომელთა წინაშეც ერთი რეგიონი დგას, შეიძლება სხვაგან მასშტაბით განსხვავდებოდეს, მაგრამ არსით ეს გამოწვევები არ განსხვავდება...
ჟოზე მანუელ ბაროზუ


ჰერმან ვან რუმპემ თავის გამოსვლაში ევროკავშირის, როგორც პროექტის, წარმატების სიმბოლურ მნიშვნელობაზე დასვა აქცენტი: „როგორი გაბედული და რისკის შემცველი ნაბიჯი იყო ევროპის დამფუძნებლებისგან იმის თქმა, რომ დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია, შეგვიძლია ძალადობის ამ მუდმივი ციკლის გარღვევა, შეგვიძლია შურისძიების ლოგიკის შეჩერება, შეგვიძლია ნათელი მომავლის ერთობლივად მშენებლობა. რაოდენ მძლავრი წარმოსახვის უნარი სჭირდებოდა ამას!“

ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი იმ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირს აქვს სხვა ქვეყნებისა თუ რეგიონებისთვის: „ნაკლოვანებების მიუხედავად, ევროკავშირს შეუძლია იყოს და არის კიდეც შთაგონების მძლავრი წყარო მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის. გამოწვევები, რომელთა წინაშეც ერთი რეგიონი დგას, შეიძლება სხვაგან მასშტაბით განსხვავდებოდეს, მაგრამ არსით ეს გამოწვევები არ განსხვავდება“.

ნობელის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 1,25 მილიონი დოლარი, რომელსაც ევროკავშირი გადაურიცხავს პროექტებს საომარ ზონებში მყოფი ბავშვების დასახმარებლად.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ევროკავშირი მაშინ გახდა, როცა თავის ისტორიაში ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. კავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში რეცესიაა, მატულობს უმუშევრობის მაჩვენებელი, კავშირის წევრ ქვეყნებს არ შეუძლიათ ვალის დაფარვა.

მაგრამ ნობელის კომიტეტმა არჩია ამ ეკონომიკური სირთულეების მიღმა გაეხედა და ის აშკარა წარმატება აღენიშნა, რომელსაც ევროკავშირმა მიაღწია ბოლო 60 წლის განმავლობაში, კონფლიქტებით მოცულ კონტინენტზე მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით.
მარტინ შულცი, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ჰერმან ვან რუმპე პრემიის გადაცემის ცერემონიალზე
მარტინ შულცი, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ჰერმან ვან რუმპე პრემიის გადაცემის ცერემონიალზე

ევროკავშირის ისტორია დაიწყო 1950-იან წლებში, როცა ექვსმა ქვეყანამ თანხმობა განაცხადა გაეერთიანებინა ქვანახშირისა და ფოლადის წარმოება. ამჟამად ბლოკი 27 სახელმწიფოს აერთიანებს. მალე - 2013 წელს - მათ ხორვატიაც შეუერთდება და ევროკავშირის წევრთა რიცხვი 28-ს მიაღწევს. ამჟამად ევროკავშირი გადაჭიმულია პორტუგალიიდან რუმინეთამდე, ფინეთიდან მალტამდე და ადგენს კანონებს თუ რეგულაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ 500 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრებაზე.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დადებით რეაქციებთან ერთად, გაისმა კრიტიკაც.

მაგალითად, გასულ კვირაში სამხრეთაფრიკელმა აქტივისტმა და თავად მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მთავარეპისკოპოსმა დესმონ ტუტუმ განაცხადა, ევროკავშირი ამ პრემიას არ იმსახურებდაო.

ჯერ კიდევ ოქტომბერში, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა, მოსკოვში კრიტიკული განცხადებით გამოვიდა ვეტერანი უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა. მისი აზრით, პრემია, პოლიტიკური ბლოკის ნაცვლად, უნდა გადაეცათ პოლიტპატიმრებისთვის ირანში ან უფლებადამცველებისთვის რუსეთში.

„ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი ბიუროკრატიული და არაპერსონიფიცირებული სტრუქტურაა, ეს ნაბიჯი, უბრალოდ, მიზანს ასცდა. ევროკავშირზე ამას, სამწუხაროდ, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია“, - უთხრა ალექსეევამ სააგენტო „როიტერსს“ ჯერ კიდევ ოქტომბერში.
საპროტესტო აქცია ოსლოში
საპროტესტო აქცია ოსლოში

კვირას კი, 9 დეკემბერს, ოსლოს ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მემარცხენე და უფლებადამცველი ორგანიზაციების 1000-მდე წევრმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აცხადებდნენ, რომ ევროკავშირი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ალფრედმა თავისი ანდერძით განსაზღვრა. სააგენტო „როიტერსს“ მოაქვს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ორგანიზაცია „ბებიები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლის, ელსა ბრიტ ენგერის სიტყვები, რომ ნობელის ანდერძით, ეს პრემია განიარაღებაზე მომუშავე ძალებს უნდა მიენიჭოს, ევროკავშირი კი ამას არ აკეთებს. პირიქით, ის მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიაო.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას, მშვიდობის დარგში პრემია ევროკავშირისთვის მიენიჭებინა, თავის დროზე - ოქტომბერში - ევროპული პრესაც არაერთგვაროვანი შეფასებით გამოეხმაურა.

ჟურნალისტების თუ ანალიტიკოსების უმრავლესობა დაეთანხმა ნობელის კომიტეტის შეფასებას, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის გადაქცევაში ომის კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად. მხოლოდ უიმედოდ უვიცები ვერ ხედავენ იმას, რაც ევროკავშირმა ევროპაში მშვიდობისთვის გააკეთაო, წერდა საფრანგეთში გამომავალი ლიბერალური ბიზნესგამოცემა „ეშო“ 15 ოქტომბერს და დასძენდა: „ევროკავშირი, ცხადია, თავისი წარმატებებითა და ჩავარდნებით, წარმოადგენს გამაოგნებელ და უპრეცედენტო მექანიზმს კონსენსუსის მისაღწევად სხვადასხვა ისტორიის, ენების თუ ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის - თანაც, რადიკალურ მხარეებს შორის - ბალანსის პოვნის გზით“.
ნობელის პრემიის გაცემის ნაცვლად, ევროკავშირს უნდა შეახსენონ ის დისკრიმინაციული ასპექტები, რომლებთანაც ის შერიგებულია, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პრემიების მოგება კი არა, თავის მოქალაქეებს შორის ნდობის მოპოვებაა...
ოვიდიუ პეჩიკანი


თუმცა, მაგალითად, ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „პრესსე“უფრო სკეპტიკური იყო. 13 ოქტომბრის ნომერში გაზეთი წერდა, ევროკავშირმა ბევრ რამეს თუკი მართლაც მიაღწია და არსებითად ამ პრემიასაც იმსახურებდა, ნობელის კომიტეტს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის აღნიშვნა მაინც დაავიწყდაო, მათ შორის, „ამერიკელი სამხედროების, რომლებმაც ევროპა გაათავისუფლეს“, ისევე როგორც, მაგალითად, რონალდ რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის, რომლებსაც, გამოცემის აზრით, ევროკომისიაზე მეტი დამსახურება მიუძღვით ევროპაში მშვიდობის დამყარების საქმეში, ცივი ომის დასრულების გზით.

კრიტიკული იყო რუმინეთში გამომავალი „რომანია ლიბერაც“ - გამოცემამ დაბეჭდა რუმინელი ისტორიკოსის ოვიდიუ პეჩიკანის წერილი, რომ ევროპას ახლა გამოღვიძება სჭირდება და არა პრემია. „მკაცრად რომ ვილაპარაკოთ, ევროკავშირმა, უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა კონფლიქტებს ევროპაში და, განსაკუთრებით, ბალკანეთში. და რაც კიდევ უარესია, ევროკავშირს, როგორც ჩანს, დასაშვებად მიაჩნია თავისი რიგებიდან უძველესი ბალკანური და მართლმადიდებელი წევრის - საბერძნეთის - გარიცხვა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ეკონომიკურ მაჩვენებელს ვერ ასრულებს და ვერ აკმაყოფილებს ბრიუსელში მსხდომი პოლიტიკოსების მოლოდინს. ევროკავშირი მზად არის ძირი გამოუთხაროს ღირებულებათა მთელ სისტემას, რომელსაც ეფუძნება“, - წერდა ისტორიკოსი და დასძენდა: „ნობელის პრემიის გაცემის ნაცვლად, ევროკავშირს უნდა შეახსენონ ის დისკრიმინაციული ასპექტები, რომლებთანაც ის შერიგებულია, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პრემიების მოგება კი არა, თავის მოქალაქეებს შორის ნდობის მოპოვებაა“.

ასეა თუ ისე, ევროკავშირი ახლა უკვე ოფიციალურად არის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი. ამ ფაქტის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია და კამათი კი, ალბათ, ლოგიკურია. მეტიც, ეს დებატები თავისთავად წარმოადგენს მნიშვნელოვან ევროპულ ღირებულებას: საჯარო სფეროს დინამიზმს, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG