Accessibility links

logo-print

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ფრანგ და ამერიკელ მეცნიერებს ერგო


2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში: ფრანგი სერჟ აროში (მარცხნივ) და ამერიკელი დევიდ უაინლენდი

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში: ფრანგი სერჟ აროში (მარცხნივ) და ამერიკელი დევიდ უაინლენდი

ფიზიკის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები - სერჟ აროში და დევიდ უაინლენდი - გახდნენ კვანტური ოპტიკის დარგში გაწეული სამუშაოსთვის.

ამ განცხადებით სტოკჰოლმში სამშაბათს გამოვიდა სტაფან ნორმარკი - კაროლინსკას ინსტიტუტის ნობელის კომიტეტის წევრი:

„შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა ფიზიკის დაგრში 2012 წლის ნობელის პრემია გადასცეს სერჟ აროშს, პარიზის კოლეჟ დე ფრანსისა და ეკოლ ნორმალ სუპერიორის თანამშრომელს, და დევიდ უაინლენდს - სტანდარტისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტურის და კოლორადოს უნივერსიტეტის წარმომადგენელს. აკადემია თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: ‘მათი ახლებური ექსპერიმენტული მეთოდებისთვის, რომლებიც ცალკეული კვანტური სისტემების გაზომვას და მანიპულაციას ხდის შესაძლებელს’ “.

აროში და უაინლენდი ერთი ასაკისანი - 68 წლისანი არიან. ორივე მეცნიერი მუშაობს კვანტური ოპტიკის დარგში, რომელიც სინათლის ნაწილაკების და მატერიის ურთიერთქმედებას შეისწავლის.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებით, ლაურეატებმა „კარი შეაღეს კვანტურ ფიზიკაში ექსპერიმენტირების ახალ ეპოქაში, კვანტურ ნაწილაკებზე პირდაპირ დაკვირვებით მათი დაზიანების გარეშე“. მეცნიერებს ეს ამ დრომდე შეუძლებლად მიაჩნდათ.

აკადემიის სიტყვებით, მეცნიერთა მიერ გაწეულმა სამუშაომ შესაძლებელი გახადა „ზედმიწევნით ზუსტი საათების აგება, რომლებმაც სამომავლოდ შესაძლოა დროის ახალ სტანდარტს შეუქმნას საფუძველი“.

ამასთან, აკადემიის თანახმად, აროშის და უაინლენდის კვლევამ შეიძლება „კვანტურ ფიზიკაზე დაფუძნებული ზესწრაფი კომპიუტერის“ შექმნაც განაპირობოს.

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელება ორშაბათს დაიწყო მედიცინის დარგის წარმომადგენლებით - ბრიტანელი ჯონ გურდონით და იაპონელი სინია იამანაკათი.

10 ოქტომბერს ქიმიის დარგში ლაურეატი გამოცხადდება, 11-ში ლიტერატურის, 12-ში კი მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობას შევიტყობთ.

შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. პრემია გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ნობელი.
XS
SM
MD
LG