Accessibility links

logo-print

„ნობელის ალტერნატიული“ პრემია - „ცხოვრების მართებული წესი“


„ნობელის ალტერნატიული“ პრემიის ლაურეატები

„ნობელის ალტერნატიული“ პრემიის ლაურეატები

მათი ვინაობა შემოდგომაზე გამოცხადდა, ხოლო პრემიები ახლა გადაეცათ “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - „ნობელის „ალტერნატიულ პრემიად“ წოდებული ჯილდოს - ლაურეატებს: ტონი დე ბრუმსა და მარშალის კუნძულების ხალხს - იმისათვის, რომ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს ცხრა ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს, რომლებიც არ ასრულებენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ასევე შილა უოტ-კლუტიეს - ინუიტების უფლებების დაცვისათვის; იტალიელ ქირურგს და სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტს ჯინო სტრადას - იმისათვის, რომ დახმარება აღმოუჩინა ომის მსხვერპლთ, და კაშა ჟაკლინ ნაბაგესერას, აფრიკაში სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველს.

ჯილდო, რომელსაც ყოველ წელიწადს გასცემს შვედეთში მოქმედი ორგანიზაცია “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდი, 1980 წელს დააფუძნა გერმანული წარმოშობის შვედმა მწერალმა, ჟურნალისტმა, ბუნების დამცველმა იაკობ ფონ იუქსკიულმა. განსხვავებით ნამდვილი ნობელის პრემიისაგან, რომელიც ერთი კაცის კაპიტალის მეოხებით დაარსდა სხვადასხვა სფეროში, ამ პრემიას არა აქვს კატეგორიები, რომლებშიც ის გაიცემა და მისი საფინანსო ბაზაც შემოწირულებებია.

წელს ნობელის ალტერნატიულად წოდებული „ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის საპატიო ლაურეატები არიან ტონი დე ბრუმი და მარშალის კუნძულების ხალხი. ხალხი იმიტომ, რომ პრობლემები, რომლებსაც ის ებრძვის, უშუალოდ ამ ხალხის საცხოვრებელ არეალს ეხება. კუნძულების ერთ-ერთი ატოლი, კვაჯალეინი, აშშ-ის მიერ ატომური იარაღის გამოსაცდელად გამოიყენება - იქ არის რეიგანის გამოსაცდელი პოლიგონი. ატოლებზე არის არეალები, სადაც ადამიანის არსებობა შეუძლებელია და ასე იქნება ათწლეულების - ზოგან ათასწლეულების - განმავლობაში, ძალიან მაღალი ბირთვული ფონის გამო. ფონდ “ცხოვრების მართებულ წესთან“ არსებობს გაერთიანება, ახალგაზრდული ქსელი „ახალგაზრდული მომავლის პროექტი“, რომლის თანადამაარსებელია ბენიამინ ბროკჰაუსი. მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში განგვიმარტა:

ტონი დე ბრუმი. ფოტო: Wolfgang Schmidt

ტონი დე ბრუმი. ფოტო: Wolfgang Schmidt

„დე ბრუმს, რომელიც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, და მარშალის კუნძულების ხალხს ნობელის ალტერნატიული პრემია მიენიჭათ იმისთვის, რომ ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს უჩივლეს საერთაშორისო სასამართლოში იმის გამო, რომ არ ასრულებენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამას ის ემატება, რომ წყნარი ოკეანის ეს კუნძულები ზღვის დონიდან მხოლოდ ორი მეტრის სიმაღლეზეა და კლიმატის ცვლილებები, ზღვის დონის აწევა მათ უშუალოდ ემუქრება. შესაბამისად, პრემია მიენიჭათ მათ ორი რამის გამო: განიარაღების სფეროში აქტიურობისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

ბენიამინ ბროკჰაუსი გვეუბნება, რომ ტონი დე ბრუმი ავტორია იმ დეკლარაციისა, რომლითაც ოკეანეთის კუნძული-სახელმწიფოები კლიმატის დასაცავად ზომების მიღებას თვითონვე კისრულობენ და რომლის პოპულარიზაციასაც ასე ცდილობს მინისტრი, სხვათა შორის, პარიზის ახლახან გამართულ კონფერენციაზეც.

ასევე მთელი ხალხის, ერის საარსებო პრობლემებს ეხება ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის შილა უოტ-კლუტიეს საქმიანობა, რაც ათწლეულების განმავლობაში მიეძღვნა ინუიტების, კანადაში მცხოვრები ამ ხალხის, არსებობის საფუძველსა და კულტურას.

შილა უოტ-კლუტიე. ფოტო: Wolfgang Schmidt

შილა უოტ-კლუტიე. ფოტო: Wolfgang Schmidt

„შილა უოტ-კლუტიე თვითონ ინუიტი არ არის, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის აქტიურად იბრძოდა ინუიტების უფლებებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურის თვალსაზრისით. მან იბრძოლა განათლების სფეროში რეფორმების გატარებისთვის სახელმწიფო დონეზე კანადაში, ინუიტების კულტურის შენარჩუნების მიზნითაც. მან საერთაშორისო მასშტაბით აიმაღლა ხმა რეგიონში გარემოს დაბინძურების, სურსათში მავნე ნივთიერებათა შემცველობის წინააღმდეგ. ინუიტები დღესაც ნადირობით არსებობენ და ძლიერ ზარალდებიან მათ საკვებ პროდუქტებში მავნე ნივთიერებების შემცველობის გამო. ამას ემატება მათ საარსებო სივრცეზე კლიმატის ცვლილების უშუალო გავლენა. მათ ფეხქვეშ უდნებათ ყინული, რომელზეც ცხოვრობენ. ეს კი გავლენას ახდენს იქაურ მცენარეებსა და ცხოველებზე და, შესაბამისად, ინუიტებზე, რომლებიც კვების პროდუქტებისა და კულტურის საფუძველს კარგავენ. შილა უოტ-კლუტიე მთელ მსოფლიოში იბრძვის ინუიტების უფლებებისათვის“.

ამ კანადელი ქალისგან განსხვავებულ სფეროში იბრძვის თავდადებით „ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის კიდევ ერთი ლაურეატი. ესაა იტალიელი ქირურგი და მშვიდობისათვის ბრძოლის აქტივისტი ჯინო სტრადა. მან 90-იან წლებში დააარსა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ემერჯენსი“, რომელიც ომის და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლს უდგას მხარში. ათწლეულების განმავლობაში სტრადამ საომარ ვითარებებში საკუთარი თვალით იხილა ომის საშინელება, რამაც ის მშვიდობისთვის მებრძოლად აქცია:

ჯინო სტრადა. ფოტო: Wolfgang Schmidt

ჯინო სტრადა. ფოტო: Wolfgang Schmidt

„ამასობაში ჯინო სტრადა მართავს უკვე 60 საავადმყოფოს, კლინიკას და პირველადი დახმარების სადგურს ავღანეთიდან სუდანამდე - ყველგან, სადაც ამ ბოლო ხანებში ომია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს საავადმყოფოები ადგილზე რჩება და შემდეგ უკვე ხანგძლივი სამედიცინო დახმარებით არიან დაკავებული. ჯინო სტრადა იმისთვის იბრძვის, რომ საკმარისი და ხანგძლივი რესურსი ჰქონდეს ხელთ. არა ისე, რომ პირველი დახმარება აღმოუჩინონ და შემდეგ სწრაფად დატოვონ იქაურობა, არამედ იმისთვის, რომ კრიზისის რეგიონებში დიდხანს დარჩეს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება“.

კაშა ჟაკლინ ნაბაგესერა სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველია აფრიკის სახელმწიფო უგანდაში, სადაც ჰომოსექსუალობა უკანონოა და ხანგძლივი პატიმრობით ისჯება. ლესბოსელ კაშა ჟაკლინ ნაბაგესერას სიცოცხლეს არაერთხელ დამუქრებიან, ამიტომ ის იძულებულია ხშირად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ბენიამინ ბროკჰაუსი განმარტავს, რომ აფრიკაში უმცირესობის უფლებებისთვის ბრძოლა არ განსხვავდება, მაგალითად, ევროპაში ამავე საქმისთვის ბრძოლისგან, რადგან სექსუალურ უმცირესობათა უფლებების აღიარება ევროპაშიც არ ყოფილა იოლი. აქაც იყო ჩაგვრა, რეპრესიები, აგრესიული დამოკიდებულება ამ უმცირესობის მიმართ. აფრიკაში, განაგრძობს ბენიამინ ბროკჰაუსი, ახლა მიმდინარეობს ეს ბრძოლა და, ალბათ, უფრო მძაფრი, ვიდრე თავის დროზე ევროპაში:

კაშა ჟაკლინ ნაბაგესერა. ფოტო: Wolfgang Schmidt

კაშა ჟაკლინ ნაბაგესერა. ფოტო: Wolfgang Schmidt

„კაშა ჟაკლინ ნაბაგესერა თავისი მოქმედებით და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ადამიანია, ვინც ამ სისტემებს წინ აღუდგა და ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების გზით ცდილობს ამ უფლებების მოპოვებას. ეს ევროპაში სხვებსაც გაუკეთებიათ, მაგრამ ახლა აფრიკაა ცხელი წერტილი და კაშა იქ ცდილობს თავისი მიზანმიმართული საქმიანობით, გონივრული ქმედებით დაამსხვრიოს ეს სტერეოტიპები და წინასწარი განსჯები ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსსექსუალების, ინტერსექსუალების მიმართ უგანდასა და მთელ აფრიკაში“.

ის, რაც ნობელის ალტერნატიული პრემიის ლაურეატებს აქვთ საერთო, არის თავდადება, ერთი შეხედვით მიუღწეველის მისაღწევად მშვიდობიანი გზით ბრძოლა, არასაჩვენებლად საქმის კეთება, თანმიმდევრულობა. ბენიამინ ბროკჰაუსმა „ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ფარგლებში დააარსა ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ახალგაზრდებს ნობელის ალტერნატიული პრემიის ლაურეატებს ახვედრებს:

„ყველა ბიოგრაფიაში არის ადამიანებისა და დედამიწის კეთილდღეობისთვის ბრძოლის შესაძლებლობა. ლაურეატებთან შეხვედრა ახალგაზრდებს სწორედ ამაში არწმუნებს, - არწმუნებს, რომ შეიძლება სხვაგვარადაც, ვიდრე არის დღეს, რომ არსებობს სხვა შესაძლებლობა, ალტერნატივა. ნობელის ალტერნატიული პრემიის ლაურეატები იმის ნათელი მაგალითები არიან, რომ ცვლილება შესაძლებელია და საჭიროა ამაზე არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ მისი განხორციელებისთვის ბრძოლა“.

ახალგაზრდები, ამბობს ბენიამინ ბროკჰაუსი, რაკი მაგალითებით რწმუნდებიან, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თავადაც იწყებენ ცვლილებებისთვის ბრძოლას. მისი ნაამბობით, ფონდ „მართებული ცხოვრების წესის“ ახალგაზრდული ქსელი ცდილობს კავშირი იქონიოს არა მხოლოდ უნივერსიტეტებთან, არამედ სკოლებთანაც, მაღალი კლასების მოსწავლეებთან, მაგრამ მიზანი არ არის მათთვის თავში „რაღაცის ჩადება“, ინტერნეტის ეპოქაში ისედაც ცნობილია ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება.

როცა უშუალოდ ხვდები ადამიანს, - ამ შემთხვევაში ჩვენი თითოეული ლაურეატის სახით, - რომელმაც ამდენი სიკეთის გაკეთება შეძლო, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს აღარ მოისურვა შეჰგუებოდა თავის გარშემო არსებულ საშინელებას და თქვა, ამას უნდა შევებრძოლო, ამას წინ უნდა აღვუდგეო და დაიწყო მოქმედება და წლების განმავლობაში ამ მიზანს მიუძღვნა თავი, ეს, ჩვენი გამოცდილებით, ახალგაზრდას უბიძგებს სხვაგვარად დაიწყოს აზროვნება, ეს უდიდესი მოტივაციაა - თვითონაც გახდეს ცვლილებების ელჩი, ცვლილებებისთვის თანამებრძოლი“, ამბობს ბენიამინ ბროკჰაუსი, რომლის აზრითაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნობელის ალტერნატიული პრემიის - „ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - ლაურეატთა ახალგაზრდებთან უშუალო შეხვედრას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG