Accessibility links

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“


ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2015 წელს გაიცა ტუნისში დემოკრატიული პლურალიზმის სისტემის შექმნაში გადამწყვეტი წვლილისთვის. ეს წვლილი ეკუთვნის „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“, დღეიდან ნობელის პრემიის ლაურეატს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ კასი კულმან ფივამ ასე გამოაცხადა „კვარტეტისთვის“ პრემიის მინიჭების შესახებ:„ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა 2015 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიანიჭოს „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“ მისი „გადამწყვეტი წვლილისთვის ტუნისში პლურალისტური დემოკრატიის განვითარებაში 2011 წლის ჟასმინის რევოლუციის შემდეგ“.

„ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“ დაუფასდა საქმიანობა ჟასმინის რევოლუციად წოდებული მოვლენისა და პრეზიდენტ აბიდინ ბენ ალის ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდგომ პერიოდში. „ეროვნული დიალოგის“ ეს ჯგუფი 2013 წელს დაფუძნდა და მასში გაერთიანებულია ოთხი ორგანიზაცია: ტუნისის მრეწველობის, ვაჭრობის და ხელოსნობისკონფედერაცია, ტუნისის პროფკავშირების საბჭო, ადამიანის უფლებების დაცვის ლიგა და ტუნისის იურისტთა ეროვნული ასოციაცია. „’ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი’ შეიქმნა 2013 წელს, როცა პოლიტიკური მკვლელობები და ფართო სოციალური მღელვარება საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიზაციის პროცესს. „კვარტეტმა“ თავი დაადგა ალტერნატიულ, მშვიდობიან პროცესს მაშინ, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე იყო“, განაცხადა კულმან ფივამ ოსლოში.

ტუნისი ითვლება არაბულ სამყაროში, ალბათ, ერთადერთ ქვეყნად, სადაც არის მცდელობა აშენდეს დემოკრატიული სისტემა. კულმან ფივამ გაიხსენა „არაბულ გაზაფხულად“წოდებული მოვლენები, 2010-11 წლები, როცა ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ხალხი არსებული წყობილების შეცვლის მიზნით გააქტიურდა, ქუჩაში გავიდა. მისი თქმით, ტუნისი ის ქვეყანაა, სადაც დემოკრატიაზე გადასვლა ემყარება აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას ეფუძნება. „ტუნისის კვარტეტისთვის“ ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებას გამოეხმაურა მსოფლიო. გაეროს წარმომადგენელმა თქვა, „გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, რათა სამშვიდობო პროცესებს წინსვლაში დავეხმაროთო“. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „კვარტეტისთვის“ პრემიის მინიჭება რეგიონში კრიზისიდან გამოსვლის გზის მაჩვენებელია, ესაა ეროვნული ერთიანობა და დემოკრატია. ახლა უკვე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტის“ ერთ-ერთი წევრია ტუნისის პროფკავშირთა საბჭო. შრომის საყოველთაო კავშირის გენერალურმა მდივანმა ჰუსაინ ალ-აბასმა ტუნისის სახელმწიფო რადიოს შემდეგი განუცხადა: „დიალოგის და დიალოგის გარდა, სხვა არაფრის საშუალებით გამოვიყვანეთ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან. ღვთის ნებით, ახლა ნობელის პრემია საუკეთესო მხარდაჭერაა ჩვენთვის, გადავლახოთ წინააღმდეგობები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს“.

გამარჯვებულს დეკემბერში ოსლოში 8 მილიონი შვედური კრონი (972 ათასი ამერიკული დოლარი) გადაეცემა. მშვიდობის ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის წელს წარდგენილი იყო სულ 11 კანდიდატი - მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომის პაპი ფრანცისკე, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მამხილებელი ედუარდ სნოუდენი, რუსი ჟურნალისტი დიმიტრი მურატოვი და მათთან ერთად, დუეტი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი ირანელი კოლეგა ჯავად ზარიფი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG