Accessibility links

logo-print

ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ისტორიულ ძეგლს, ნოქალაქევის მუზეუმსა და ნაკრძალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხები ფონდმა „ქართუმ“ პროექტის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამოყო.

„20 ჰექტარზე განთავსებული მეფეთა სასახლეები, ტაძარი, სხვადასხვა უძველესი ათასწლეულების ძეგლები იძენენ მეორე სიცოცხლეს. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ნოქალაქევში, სადაც ის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

ნოქალაქევის ტერიტორიაზე, ისტორიული წყაროების თანახმად, ეგრისის სამეფო - დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი მდებარეობდა. მას ციხეგოჯს, იმავე ქუჯის ციხეს, უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, ის ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ ააგო.

ნოქალაქევის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია

ნოქალაქევის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია

ისტორიულ-კულტურული ძეგლის აღდგენის პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დავით ლომიტაშვილის, განცხადებით, ნოქალაქევი არის უნიკალური თავისი არქიტექტურული მნიშვნელობითაც. პროფესორის სიტყვებით, ძველი ქალაქის აღმშენებელი კარგად ფლობდა იმ პერიოდის არქიტექტურის ყველა სტანდარტს, რაც ქალაქის მშენებლობისას გამოყენებულია კიდეც.

„ამ ქალაქის აღმშენებელი აბსოლუტურად არის ჩართული არქიტექტურასთან დაკავშირებით იმდროინდელ მსოფლიო მიღწევებში. როგორც ჩანს, შესანიშნავად და კარგად იცის ვიტროვიუსის ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ. პირდაპირ რომაული სტანდარტებიც კი გადმოტანილი აქვს და, უმრავლეს შემთხვევაში, ამას წარმატებულად იყენებს. ამ ნაქალაქარს სხვადასხვა სახელები ჰქვია სხვადასხვა წყაროებში: „ციხეგოჯი“, „სამზღუდე“, „არქეოპოლისი“, რომელიც ქართულად ძველ ქალაქად ითარგმნება და, რა თქმა უნდა, ნოქალაქევიც“, - აცხადებს პროფესორი.

ნოქალაქევის აღდგენის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა. პრეზენტაციაც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ნაკრძალის ტერიტორიაზე გააკეთა. მისი სიტყვებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა განსაკუთრებული სიფრთხილით მოხდება, უმთავრესი პირობა კი თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების მინიმალური ჩართულობაა:

ნოქალაქევი

ნოქალაქევი

„აქაურობას 4 წელიწადში ვერ იცნობთ, თავისი ახალი მუზეუმით, თანამედროვე აღჭურვილობით, სულ სხვანაირი და შეცვლილი გარემოთი, რაც შიგნით იქნება. ერთი ნიუანსი არ იქნება ისტორიული მემკვიდრეობიდან გადახვეული. თუ იქნება ახალი ჩანართები, ეს იქნება მხოლოდ მსუბუქი, ისეთი, რომლის დემონტაჟიც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი“.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის სამეფო დედაქალაქის განვითარების 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG