Accessibility links

logo-print

„მას სამი მიზანი ამოძრავებდა: ჯაზური სამყაროდან რასისტული და ანტისემიტური სულისკვეთების განდევნა, გემოვნებიანი მუსიკის პროპაგანდა და იმის დამტკიცება, რომ ხარისხიანი ჯაზით მსხვილი კაპიტალის დაგროვება შეიძლება. სამივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი“, - ნიუ-ჯერსის ჯაზური მუსიკის ისტორიის კვლევის ინსტიტუტი ასე ახასიათებს ამერიკელი იმპრესარიოსა და პროდიუსერის ნორმან გრანცის მოღვაწეობას. დიახ, ჯაზის განვითარებას უამრავმა დიდებულმა კომპოზიტორმა თუ შემსრულებელმა შეუწყო ხელი და მიუხედავად იმისა, რომ ნორმან გრანცი არც ერთი ბრძანდებოდა და არც მეორე, ხსენებულ მუსიკალურ ჟანრს არანაკლები პატივი მიაგო, ვიდრე ლუი არმსტრონგმა, ჩარლი პარკერმა და, თუნდაც, მაილს დევისმა. ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტსაც მას დავუთმობ და დროდადრო ნორმან გრანცის მონაწილეობით გაკეთებულ ისტორიულ ჩანაწერებსაც შემოგთავაზებთ.

ნორმან გრანცი 1918 წლის 6 აგვისტოს ლოს-ანჯელესის მახლობლად უკრაინიდან ემიგრირებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. სულ რაღაც 15 წლის გახლდათ, როცა ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბში კონცერტების ორგანიზატორად დაიწყო მუშაობა - ნიუ-იორკულ ბიგ-ბენდებს იწვევდა და ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ჯემ-სეიშენებს აწყობდა. ეს თავყრილობები, მუსიკალური ღირსების გარდა, იმითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდა იმპრესარიო კლუბების მეპატრონეებისგან კატეგორიულად ითხოვდა „მხოლოდ ფერადებისთვის“ განკუთვნილი სამარცხვინო სექტორის გაუქმებას, რაც იმხანად მეტად დასაძრახი, სარისკო საქმე გახლდათ. მოკლედ, ამ საქმიანობამ იმდენად გაიტაცა, რომ ერთხელაც ნასესხები ფულით ლოს-ანჯელესის ფილარმონიის დარბაზი იქირავა და პირველი მასშტაბური სანახაობა გამართა - მსმენელს ისეთი არტისტები წარუდგინა, როგორებიც იყვნენ: ნეტ კინგ კოული, ლეს პოლი და ბადი რიჩი. 1944 წლის 2 ივლისის საღამომ კი დასაბამი დაუდო ტრადიციულ საკონცერტო სერიებს, სახელწოდებით „Jazz at the Philharmonic“.

“ჯაზი ფილარმონიაში”, რომელიც წარმატებულ ბრენდად იქცა, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი გამოდგა: ნორმან გრანცმა ჯაზი ლოს-ანჯელესის საცეკვაო დარბაზებისა თუ რესტორნების სივრციდან გამოიყვანა და აკადემიურ სცენაზე მიუჩინა ადგილი, რითაც ამ მუსიკის ინტელექტუალურ ბუნებას გაუსვა ხაზი, ხოლო 1946 წლიდან ტურნედ აქცია და თითქმის მთელ ამერიკას გააცნო. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ მანამდე ჯაზური ალბომები სტუდიურ ფორმატში იწერებოდა, ნორმან გრანცმა, ამერიკული ჯაზის ისტორიაში პირველად, მსმენელს საკონცერტო შესრულების ჩანაწერების სერია შესთავაზა, რომელსაც ბევრი მაქებარიც გამოუჩნდა და ბევრი აუგის მთქმელიც. კრიტიკის საგანს კი თავად პროდიუსერის გემოვნება და ხედვა წარმოადგენდა. საქმე ის გახლდათ, რომ ნორმან გრანცი სპონტანური საშემსრულებლო ხელოვნების ქომაგი იყო. მაშინაც კი, როცა სტუდიურ ალბომზე მუშაობდა, მუსიკოსებისგან ერთმანეთის ინტუიციაზე მინდობას, ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა თუ რეპეტიციების გარეშე მუზიცირებას ითხოვდა. ღრმად სწამდა, რომ სწორედ ჯემ-სეიშენი იყო ჯაზის იმპროვიზაციული ბუნების გამოვლენის ყველაზე ნაღდი ფორმა. მარტივად რომ ვთქვა, რასაც არტისტები ღამის კლუბებში სჩადიოდნენ, დიდ სცენასა და ფირფიტებზე გადმოჰქონდა. ამგვარი მიდგომა კი, ბევრის აზრით, მასალის ხარისხს ვნებდა. ასეა თუ ისე, ნორმან გრანცმა ისტორიას ისეთ ლეგენდარულ შემსრულებელთა საკონცერტო გამოსვლების უნიკალური ჩანაწერები შემოუნახა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: როი ელდრიჯი, ელა ფიცჯერალდი, სტენ გეტცი, დიზი გილესოი, ბილი ჰოლიდეი, ჩარლი პარკერი, ოსკარ პიტერსონი, კლარკ ტერი, ლესტერ იანგი და მრავალი და მრავალი სხვა. ხსენებული ჩანაწერებისა და ნორმან გრანცის შესახებ საუბარს შემდეგ სიუჟეტში გავაგრძელებ, მანამდე კი ე.წ. „ფილარმონიური ჯაზის“ კიდევ ერთ უნიკალურ ჩანაწერს მოვუსმინოთ, სადაც ბილი ჰოლიდეი ჯორჯ გერშვინის უკვდავ სიმღერას ასრულებს.

XS
SM
MD
LG