Accessibility links

logo-print

ფხენიანი ბირთვული რეაქტორის ამოქმედებას აპირებს


იონბიონის ბირთვული რეაქტორი

იონბიონის ბირთვული რეაქტორი

ჩრდილოეთი კორეა იონბიონის ბირთვული რეაქტორის კვლავ ამოქმედებას აპირებს. ეს ობიექტი 2007 წელს დაიხურა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია ობიექტის აღდგენისა და სრულად ამოქმედების გეგმის შესახებ, რაც ურანის გამდიდრებასაც მოიცავს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა, როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან კოლიზიის კურსს ადგას.

სეულში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩო ტაი-იანმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური რეაქტორის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მოვლენათა სამწუხარო განვითარება უწოდა:

„თუკი ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება, ეს ძალზე დასანანაია. ჩრდილოეთმა კორეამ უნდა შეასრულოს დაპირება და შეთანხმებები და გააგრძელოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია. ჩვენი მთავრობა ვითარებას გულისყურით მიადევნებს თვალყურს.“

იონბიონის ამოქმედების შესახებ განცხადება უკანასკნელია იმ ნაბიჯებიდან, რომელთაც დგამს ფხენიანი თებერვალში განხორციელებული მესამე ბირთვული გამოცდის შემდეგ. ამ გამოცდამ გაეროს უბიძგა სანქციები შემოეღო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რამაც განარისხა ფხენიანი.

იონბიონის რეაქტორში აწარმობდნენ პლუტონიუმს ჩრდილოეთ კორეის მიერ 2006 და 2009 წლებში გამოცდილი ბირთვული იარაღისთვის. რეაქტორი 2007 წელს ნაწილობრივ დაშალეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ. სანაცვლოდ ფხენიანმა 50 ათასი ტონა საწვავი მიიღო.

ძალის დემონსტრირების მიზნით, ვაშინგტონმა კორეის ნახევარკუნძულის რეგიონში განათავსა თავისი მაღალი ტექნოლოგიის სამხედრო თვითმფრინავები და გემები. ეს მანევრი განხორციელდა მარტში დაწყებული სამხედრო წვრთნის ფარგლებში, რომელსაც ამერიკა სამხრეთ კორეასთან ერთად ატარებს.

სამხედრო წვრთნამ მუქარების სერიის პროვოცირება მოახდინა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. გასულ კვირებში ფხენიანმა გამოაცხადა, რომ მისი შორი რადიუსის რაკეტები წყნარ ოკეანეში და ამერიკის შეერთებული შტატების ხმელეთზე განლაგებულ ბაზებზეა დამიზნებული. მისი თქმით, არტილერიასაც მიზანში ჰყავს ამოღებული ამერიკისა და სამხრეთ კორეის ბაზები.

შაბათს ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ სამხრე კორეასთან ომის მდგომარეობაში შედის. ფხენიანის თქმით, ნებისმიერი სამხედრო პროვოკაცია „ფართო მასშტაბის კონფლიქტსა და ბირთვულ ომში გადაიზრდება.“

ამგვარი რიტორიკის მიუხედავად, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების გააქტიურების რაიმე ნიშანს. მაგრამ, მისი თქმით, ვაშინგტონი გულდასმით აკვირდება ვითარებას კორეის ნახევარკუნძულზე.

სამშაბათს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩონ ინის სიტყვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას.
XS
SM
MD
LG