Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოტარიუსების სამწლიანი ვალდებულება


სტეფანწმინდა
სტეფანწმინდა

იუსტიციის სამინისტრომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარადგინა ინიციატივა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიზანიცაა სანოტარო მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის უზრუნველყოფა, რომელიც ამ მომსახურებას ვერ იღებს. კანონპროექტის მიხედვით, ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვალდებული იქნება, პირველი სამი წლის მანძილზე სანოტარო საქმიანობა მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში განახორციელოს, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ამ ინიციატივას.

სოფელ მუგუდის მკვიდრ 47 წლის ნინო წიკლაურსა და მის ოჯახს რამდენიმე ხნის წინ ნოტარიუსის მომსახურება დასჭირდა, - საქმე მემკვიდრეობის გადაფორმებას ეხებოდა, -თუმცა, იმის გამო, რომ დუშეთში ნოტარიუსთან გრძელი რიგი იდგა, მცხეთამდე მოუწიათ ჩასვლა. როგორც ნინო მიყვება, ეს მხოლოდ მისი ოჯახის პრობლემა არ არის, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, როცა ხშირად გზაც იკეტება და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტირება უჭირთ:

„ჩავდივართ და იქ შეიძლება ისეთი რიგი დაგხვდეს, რომ იმ დღეს საერთოდ ვერ მიიღო მომსახურება. პრობლემა ისიცაა, რომ გზის ჩაკეტვის გამო შეიძლება რამდენიმე კვირაზე გაიწელოს ნოტარიუსთან მისვლა და აუცილებელი საქმის დასრულება. კარგი იქნება, თუკი ვინმე გაითვალისწინებს ამას და სანოტარო ბიუროს, მაგალითად, ფასანაურში გახსნის. მთიულეთისთვის, გუდამაყრისთვის, ჭართლის თემისთვის ტრანსპორტირება უფრო ადვილი იქნებოდა“.

დღეს საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 თბილისში მუშაობს, 12 - ბათუმში, 11 – ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის შედარებით ნაკლებად დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. არც ერთი ნოტარიუსი არ მუშაობს 11 მუნიციპალიტეტში - მათ შორის, წყალტუბოში, ქედაში, ამბროლაურში, ვანში, ონში, მესტიაში. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში შევიდა პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიზანიცაა სანოტარო მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის უზრუნველყოფა, რომელიც ამ მომსახურებას ვერ იღებს. კანონპროექტის მიხედვით, ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვალდებული იქნება, პირველი სამი წლის მანძილზე სანოტარო საქმიანობა მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში განახორციელოს, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. უარის შემთხვევაში, პირი ნოტარიუსად ვერ დაინიშნება. კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა: „ნოტარიუსი ძალიან პრესტიჟული პროფესიაა, ძალიან შემოსავლიანი პროფესიაა, მაგრამ მოდი, სანამ ასეთი გახდები, დაიწყე იმით, რომ მოემსახურე მოსახლეობას იმ ადგილებში, სადაც ისინი მოკლებულნი არიან ამგვარ მომსახურებას“.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეს ვალდებულება დაბალანსებულია იმით, რომ ნოტარიუსთა პალატა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ნოტარიუსთა პალატა გასწევს. ნინო ხოფერია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს როგორ აპირებსუწყება ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს დაეხმაროს:

„ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი ტექნიკას მიიღებს უფასოდ ნოტარიუსთა პალატისაგან, ანუ გადაეცემათ მათ ის აუცილებელი სამუშაო ტექნიკა, რომელიც მათ სჭირდებათ: კომპიუტერი, ვიდეოთვალი და ა.შ. გარდა ამისა, წახალისება შეიძლება შეეხოს ყოველთვიურ მატერიალურ თანხას, რომელსაც პირველ ეტაპზე, სანამ მათი შემოსავალი გარკვეულ ნიშნულს მიუახლოვდება, მუდმივად ექნებათ. ეს შეიძლება იყოს საოფისე ფართის ქირის დახმარება და სხვა. ანუ იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნა და საჭიროება იქნება იმისათვის, რომ ნოტარიუსმა რეგიონში კომფორტულად იგრძნოს თავი“.

კანონპროექტის მიხედვით, დასახლებათა ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს, ხოლო სანოტარო ბიუროს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, განსაზღვრული დასახლების ფარგლებში, თავად ნოტარიუსი აირჩევს. ნოტარიუსად დანიშვნიდან სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შესაძლებლობა ექნება სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში გააგრძელოს ან სანოტარო ბიურო ნებისმიერ სხვა ადგილას გადაიტანოს.

იმას, რომ ნოტარიუსთა მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისათვის, ეთანხმება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი. თუმცა, მისი სიტყვებით, ამგვარი „უხეში ჩარევა“ სახელმწიფოსგან და სამწლიანი ლიმიტის დაწესება ახლად დანიშნული ნოტარიუსებისათვის გაუმართლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ისინი იძულებულნი ხდებიან სამი წლის განმავლობაში იმუშაონ ეკონომიკურად ნაკლებმომგებიან რეგიონში, რაც ქმნის საშიშროებას, რომ ამ პროფესიის შერჩევისას ადამიანებმა სიფრთხილე გამოიჩინონ:

„მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკონომისტს არ უმუშავია ამ თემაზე. ნოტარიუსი თავისთავად გულისხმობს კომერციულ საქმიანობას, ეს საქმიანობა შემოსავლიანი უნდა იყოს. შესაბამისად, რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, სადღაც გავამწესებთ ნოტარიუსს და ის შემოსავალს ვერ მიიღებს? ანუ, ფაქტიურად, ის სამი წელი იძულებული იქნება წაგებაზე იმუშაოს. გამოდის, რომ სამი წელი მათ ჯარივით უნდა მოვახდევინოთ“.

ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო საქმიანობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ძირითად სანოტარო სერვისებს წარმოადგენს მინდობილობის დამოწმება, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, დოკუმენტის ასლის დამოწმება, სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ანდერძის დამოწმება და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG