Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამაბრკოლებელი ფაქტორები


ბარაკ ობამა (მარცხნივ) და მაჰმუდ აბასი ერთობლივ პრესკონფერენციაზე რამალაში
ბარაკ ობამა (მარცხნივ) და მაჰმუდ აბასი ერთობლივ პრესკონფერენციაზე რამალაში
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობა არ არის „კონსტრუქციული“ და „სწორი“ ქმედება და არც მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.

ეს განცხადებები ობამამ ხუთშაბათს გააკეთა დასავლეთის სანაპიროს ქალაქ რამალაში, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა ობამა ამაზე შორს არ წასულა და სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების პირობად არ მოუთხოვია დასახლებების მშენებლობაზე ოფიციალური მორატორიუმის გამოცხადება.

„პალესტინელი ხალხი იმსახურებს, რომ დასრულდეს ოკუპაცია და ბოლო მოეღოს მასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ღირსების შემლახავ აქტებს. პალესტინელები იმსახურებენ თავისუფლად გადაადგილებასა და მოგზაურობას, თავიანთ თემებში უსაფრთხოდ ყოფნას. როგორც ნებისმიერი სხვა ხალხი, პალესტინელებიც იმსახურებენ იმედიან მომავალს - იმას, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, ხოლო ხვალინდელი დღე - დღევანდელზე უკეთესი. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, შვილებს ღირსებითა და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრება მისცენ. მოკლედ რომ ვთქვათ, პალესტინელები იმსახურებენ თავიანთი სახელმწიფო ჰქონდეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამას და აბასის განცხადებით, პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, თუმცა საამისოდ მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი. ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, თუმცა იქვე აღიარა, რომ ებრაელთა ახალ-ახალი დასახლებების მშენებლობა და ასევე ისრაელის ციხეებში პალესტინელთა პატიმრობაში ყოფნა მშვიდობას მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის:

„აშშ ერთგული რჩება ორი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისა, რაც როგორც პალესტინელი ხალხის ინტერესებშია, ისე ისრაელის, აშშ-ისა და მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც უპასუხებს. ჩვენ გვსურს შეიქმნას დამოუკიდებელი, სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფო, რომელიც პალესტინელი ხალხის სამშობლო იქნება, ისრაელის ებრაელთა სახელმწიფოს გვერდით. ორ ერს უნდა მიეცეს თვითგამორკვევის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესაძლებლობა“.

აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა. ამის მიზეზი იყო პროტესტი, რომელსაც პალესტინელები გამოთქვამდნენ ისრაელის მხრიდან დასახლებების გაფართოების გამო იმ მიწებზე, რომლებსაც პალესტინელები თავიანთი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად განიხილავენ.

ისრაელი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება პირობების დაწესების გარეშე უნდა განახლდეს.

პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ობამამაც ისაუბრა: „თუკი პირდაპირი მოლაპარაკების განახლებას შევძლებთ, მჯერა რომ პოტენციური შეთანხმება არსებობსო“, - განაცხადა მან.

ობამა რამალაში ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. ისრაელში მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ობამას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დიდ ძალისხმევას მოახმარს პალესტინელებსა და ისრაელს შორის უთანხმოებების გადალახვის საქმეს.
XS
SM
MD
LG