Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აკრიტიკებს რუსეთის „სულ უფრო აგრესიულ“ პოზიციას


იენს სტოლტენბერგი, ბარაკ ობამა
იენს სტოლტენბერგი, ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აკრიტიკებს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის „სულ უფრო აგრესიულ“ პოზიციას. პრეზიდენტმა ამ თემაზე ისაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ვაშინგტონში შეხვედრისას, რომელსაც ერთობლივი ბრიფინგიც მოჰყვა.

ობამამ და სტოლტენბერგმა 26 მაისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის უკრაინაში კონფლიქტზე, რომელსაც შარშანდელი აპრილის შემდეგ უკვე 6100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

შეხვედრის შემდეგ ობამამ ჟურნალისტებს აუწყა: „გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა ვითარებაზე უკრაინაში და სულ უფრო აგრესიულ პოზიციაზე, რომელსაც რუსეთი ავლენს. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ნატო არის არა მარტო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედი“.

ნატოს ამ როლის კონტექსტში, აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო უკრაინის მხარდაჭერასაც: „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას ნატო-უკრაინის პარტნიორობით, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე კრიზისი როგორც ყირიმში, ისე ახლა - აღმოსავლეთ უკრაინაში“.

ობამამ რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან. ამავე მოწოდებით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანიც პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ: „ჩვენ ვისაუბრეთ ყირიმზე, უკრაინასა და მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების მნიშვნელობაზე. ეს არის სამშვიდობო გზა და ყველა მხარეს მოვუწოდებ მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელებისაკენ. და რუსეთს მოვუწოდებ, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და მთლიანად გაიყვანოს თავისი ჯარებიაღმოსავლეთ უკრაინიდან“.

მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული მას შემდეგ, რაც რუსეთმა შარშან, მარტში, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG