Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ სანაპირო დაცვის აკადემიაში დაღუპული ქართველი კადეტები გაიხსენა


აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემია, ნიუ-ჰევენი, კონექტიკური
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემია, ნიუ-ჰევენი, კონექტიკური

ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონექტიკუტის ქალაქ ნიუ-ჰევენში განაცხადა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული კრიზისების გახშირებული ალბათობა, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

ამერიკელმა ლიდერმა ამ სიტყვებით ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე გაკეთებული გამოსვლისას მიმართა. აკადემიის ცერემონია კონექტიკუტის შტატის ნიუ-ჰევენში გაიმართა. პრეზიდენტის თქმით, კლიმატის ცვლილები გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ იცავენ ამერიკელი სამხედროები საკუთარ ქვეყანას და აღნიშნა, რომ მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა მიაქციოს ყურადღება გლობალური დათბობის შედეგების დაძლევას.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიგელებით დააჯილდოვა სანაპირო დაცვის კურსდამთავრებულები და მათ წარმატებული კარიერა უსურვა, ქვეყნისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

“კლიმატის ცვლილებები, განსაკუთრებით ზღვის დონის აწევა, რეალური გამოწვევაა, რომელიც ჩვენს წინაშე-ჩვენივე ეკონომიკური ინფრასტრუქტურის წინაშე დგას და საფრთხეს უქმნის ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას,”-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კლიმატის ცვლილებები ჯარების მზაობასაც ემუქრება, მათ შორის სანაპირო დაცვის სადგურებს. მისი თქმით, ამის მაგალითია ვირჯინიაში, ნორფოლკის რაიონში გახშირებული შტორმები, ალასკაში, მუდმივი გამყინვარების საფარის დნობა, და დასავლეთის შტატებში ტყის ხანძრების მომეტებული რაოდენობა.

ობამამ, მარტში დაღუპული ქართველი კადეტები-სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძეც გაიხსენა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორმა ქართველმა კადეტმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სანაპირო დაცვის აკადემიის ისტორიაში.

სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე, სასწავლო სემესტრის დამთავრებამდე 9 კვირით ადრე, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG