Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას კუბელები განსხვავებულად აღიქვამენ


პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებამ, კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, კუბელ ამერიკელებში ღრმად განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.

მაიამის კალე ოჩოზე განლაგებული, ცნობილი კაფე „ვერსალია“, სადაც უფროსი ასაკის, უფრო კონსერვატიულად განწყობილი კუბელი ამერიკელები კუბურ კერძებს შეექცევიან და პოლიტიკაზე საუბრობენ.

ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა რეიმონდ მოლინა, რომელსაც 1959 წელს, ფიდელ კასტროს მიერ ჰავანის აღების დროს, კუბის დატოვება მოუხდა, ობამას გადაწყვეტილება ღალატის შეგრძნებას იწვევს.

„ამ ქმედებამ კასტროების დინასტია მომავალი მრავალი წლით განამტკიცა. ამან შესაძლებლობები არ შექმნა, პირიქით, კუბელ ხალხს არასდროს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბედი და მმართველობის სისტემა აირჩიოს.“

აქ ყველაფერი კუბურის მიმართ უდიდესი ნოსტალგიაა, მათ შორის კუბურ სამზარეულოზე, მაგრამ ამ საკითხის შესახებ, კუბელი ამერიკელები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. უფროსი თაობისთვის ეს პოლიტიკის და დემოკრატიის საკითხია.

ქალაქის მეორე მხარეს, ჰიალეაში, სადაც უფრო მოკრძალებული შემოსავლის მქონე ახალგაზრდა კუბელები ცხოვრობენ, ადამიანები ამბობენ, რომ ეს ეკონომიკური საკითხია. პაბლო გონზალესი ერთ-ერთი მათგანია.

„50 წელი გავიდა. ემბარგო ვერ მუშაობს. ქვეყანა ყოველდღე ღატაკდება. სამოცი წელი. ქვეყანას ამან რა მოუტანა? არაფერი.“

აქ, პოლიტიკური წარსულის დავიწყება ბევრს სურს და ამბობენ, რომ ვაჭრობაზე და მოგზაურობაზე შეზღუდვების გაუქმება კუბელ ხალხს დაეხმარება.

ვიქტორ ინიგუეზი 80-იან წლებში, მაიამიში შემოსული, მარიელის ლტოლვილთა ნავის მგზავრთა შორის იყო, როცა 100 ათასზე მეტი ადამიანი კუბაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს გაექცა. ის ამბობს, რომ ობამას გადაწყვეტილება რაღაც კარგის დასაწყისია.

„ეს, რაღაც მოულოდნელ შეხვედრასავით იქნება, ბერლინის კედლის მსგავსად... ხალხი ერთმანეთს ჩაეხუტება და სიყვარული იქნება. იმიტომ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხედავდნენ და ვერ გრძნობდნენ.“

ინიგუეზი, ბევრი სხვასავით, უკვე ოცნებობს იმაზე, რომ სახლში თავისუფლად წავა და თავის ოჯახს ისევ მოინახულებს.

XS
SM
MD
LG