Accessibility links

logo-print

27 მაისს ბარაკ ობამა ჰიროსიმას ეწვია. ვრცელ და ემოციურ მიმართვაში მან პატივი მიაგო ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულებს და ისაუბრა პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქვეყნებსა და მათ ლიდერებს აკისრიათ, რათა მსგავსი კატასტროფა არ განმეორდეს. როგორც კუნძულზე ჩასვლამდეც განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელით ამ ტრაგედიის გამო ბოდიში არ მოიხადა, თუმცა მსოფლიოს მოუწოდა იზრუნონ, რათა ატომური თავდასხმის საშიშროება აღარ არსებობდეს.

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ჩავიდა კუნძულზე, სადაც პირველი ატომური ბომბი ჩამოვარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჰიროსიმაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა მემორიალს, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს:

„ჩვენ დაგვღუპავს ტექნოლოგიური პროგრესი შესაბამისი ადამიანური ინსტიტუტების გარეშე. სამეცნიერო რევოლუციას, რომელმაც ატომის გაყოფამდე მიგვიყვანა, მორალური რევოლუციაც სჭირდება. ამიტომაც მოვედით აქ, ამიტომაც ვდგავართ აქ, ამ ქალაქის შუაგულში, რათა თავს ძალა დავატანოთ და წარმოვიდგინოთ წამი, როდესაც ბომბი ჩამოვარდა“.

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა B-29-მ ატომური ბომბი ჩამოაგდო იაპონიის კუნძულ ჰიროსიმაზე და 80 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წლის ბოლოსთვის კი დაღუპულთა რაოდენობამ 140 ათასს მიაღწია.

სამი დღის შემდეგ კი, 1945 წლის 9 აგვისტოს, ამერიკელმა სამხედროებმა ატომური ბომბი კუნძულ ნაგასაკიზე ჩამოაგდო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჰიროსიმაში ვიზიტი შეაფასა როგორც მსოფლიო მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„რაც ყველაზე მეტად სურთ ჰიროსიმის დაბომბვის მსხვერპლთ, არის ის, რომ ეს ტრაგედია მთლ მსოფლიოში აღარსად და აღარასდროს განმეორდეს! ვფიქრობ, ჰიროსიმაში პრეზიდენტ ობამას ვიზიტი უეჭველად მისცემს იმპულსს ძალისხმევას, რომ მივუახლოვდეთ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე“.

იაპონიის კუნძულზე ჩასვლამდე ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლისას ის კუნძულის დაბომბვისთვის ბოდიშს არ მოიხდიდა, რადგან ხშირად ქვეყნის ლიდერებს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ჰიროსიმაში წარმოთქმულ სიტყვაში მას ბოდიში მართლაც არ მოუხდია, თუმცა ბევრი ილაპარაკა ძალისხმევაზე, რაც ყველა ქვეყანამ უნდა გასწიოს მსგავსი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

„ქვეყნებს შორის აგრესიის ყოველი შემთხვევა, ყოველი ტერორისტული თავდასხმა, კორუფცია, ძალადობა და რეპრესია მსოფლიოში გვაჩვენებს, რომ ჩვენი საქმე არ შეგვისრულებია. ალბათ, ვერ გავაქრობთ ადამიანის მიდრეკილებას ბოროტებისკენ, თუმცა ქვეყნებსა და იმ ალიანსებს, რომლებიც შევქმენით, უნდა ჰქონდეთ თავდაცვის შესაძლებლობა; თუმცა ქვეყნებმა, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, რომლებსაც ატომური მარაგი აქვთ, უნდა გამოიჩინონ სიმამაცე, რათა მსოფლიომ იცხოვროს [ატომური იარაღის გარეშე]. შეიძლება ცხოვრების ამ მიზანს ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ მუდმივმა მცდელობამ თავიდან უნდა აგვაცილებინოს კატასტროფა“.

ბარაკ ობამამ მეორე მსოფლიო ომს უწოდა პირველყოფილი დამპყრობლური ინსტინქტების შედეგი. „ეს ძველი თარგი ახალ შესაძლებლობებს მოერგო ახალი შეზღუდვების გარეშე. შედეგად კი რამდენიმე წელიწადში 60 მილიონი ადამიანი დაიღუპაო“, - თქვა მან და დასძინა, რომ მსოფლიოს სამეცნიერო პროგრესთან ერთად სჭირდება მორალური პროგრესიც, რათა ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანთა კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული.

„ჩვეულებრივ, ხალხს ეს ესმის. ვფიქრობთ, მათ აღარ უნდათ ომი. ურჩევნიათ, მეცნიერებამ გააუმჯობესოს მათი ცხოვრება და არ მოსპოს ის. როდესაც ქვეყნები და მათი ლიდერები ამ პატარა სიბრძნეს გაიაზრებენ, მაშინ გვექნება ნასწავლი ჰიროსიმის გაკვეთილი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG